რეზონანსი
26.11.2026

ეკონომიკური დეპრესიისა და მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთის მოსახლეობა ხარჯების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას გეგმავს. 2027 წელს გამოკითხულთა 38% ხარჯების შემცირებას აპირებს, 40% ხარჯების ამჟამინდელ დონეზე შენარჩუნებას გეგმავს, მხოლოდ 5% კი ხარჯების გაზრდას ვარაუდობს.

ამის შესახებ რუსული ბანკის, VTB-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მიუთითებს, რომელსაც გამოცემა RBC ავრცელებს.

ყოველმა მესამე რესპონდენტმა განაცხადა, რომ მომავალ წელს ფინანსური უსაფრთხოების ბალიშის შესაქმნელად შემოსავლის 10-20%-ის გადადებას გეგმავს, ყოველი მეოთხე კი – 5-9%-ის. გამოკითხულთა 15% შემოსავლის მესამედამდე დაზოგვას იმედოვნებს, ხოლო 10% – მესამედზე მეტის.

რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა დანაზოგის შენახვას შემნახველ ანგარიშებზე (41%) და საბანკო დეპოზიტებზე (40%) გეგმავს.

2027 წელს მოსალოდნელ მსხვილ ხარჯებს შორის რესპონდენტებმა მოგზაურობა (40%), რემონტი (38%), საყოფაცხოვრებო ტექნიკის (33%) და ავეჯის (27%) შეძენა, ასევე მკურნალობა (27%) დაასახელეს. ყოველი მეოთხე რესპონდენტი ავტომობილის, ბინის ან სახლის შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯებს გეგმავს.

მსხვილი შენაძენების დასაფინანსებლად გამოკითხულთა უმრავლესობა (61%) დანაზოგის გამოყენებას აპირებს, 52% კი – ხელფასის. რესპონდენტების ნაწილი ასევე განვადების (20%), ნათესავების დახმარების (17%) ან საბანკო კრედიტის (16%) იმედადაა.

გამოკითხვა 2026 წლის ნოემბერში ჩატარდა. მასში მონაწილეობა რუსეთის დიდ ქალაქებში მცხოვრებმა 18-დან 65 წლამდე ასაკის 1 500-მა მოქალაქემ მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×