რეზონანსი
26.11.2026

გერმანიის ყველაზე მრავალრიცხოვანი ფედერალური მიწის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პარლამენტმა მოსწავლეებისთვის სკოლებში სახის დაფარვის ამკრძალავი საკანონმდებლო ცვლილება მიიღო. გადაწყვეტილებას მმართველი კოალიციის წევრებმა – ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU) და „მწვანეებმა“ დაუჭირეს მხარი. ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება.**

25 ნოემბერს მიღებული რეგულაცია ვრცელდება როგორც გაკვეთილებზე, ისე სკოლის მთელ ტერიტორიასა და საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ ღონისძიებებზე.

ახალი კანონი, ფაქტობრივად, კრძალავს ნიქაბისა და ბურკის ტარებას. აკრძალვა არ შეეხება ჰიჯაბს, რომელიც სახეს ღიად ტოვებს. გამონაკლისები გათვალისწინებულია ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სასწავლო პროცესში დამცავი ნიღბის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში.

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის განათლების სამინისტროს განმარტებით, სრულფასოვანი სასწავლო პროცესისთვის აუცილებელია არა მხოლოდ სიტყვიერი კომუნიკაცია, არამედ სახის გამომეტყველების, მიმიკისა და ჟესტების აღქმაც.

ამასთან, განათლების სამინისტროს არ აქვს ზუსტი სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, რამდენი მოსწავლე დადის სკოლაში სახის დამფარავი სამოსით.

გერმანიის განათლებისა და მეცნიერების პროფკავშირი აკრძალვას მხარს უჭერს, თუმცა ხელისუფლებას მოუწოდებს, ცალკეული შემთხვევები საყოველთაო პრობლემად არ წარმოაჩინოს.

მსგავსი შეზღუდვები გერმანიის რამდენიმე ფედერალურ მიწაზე უკვე მოქმედებს, მათ შორის ბავარიაში, ბადენ-ვიურტემბერგში, ქვემო საქსონიაში, შლეზვიგ-ჰოლშტაინში, რაინლანდ-პფალცსა და ჰამბურგში.

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ახალი რეგულაცია კანონის ოფიციალურად გამოქვეყნების მომდევნო დღეს ამოქმედდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×