რეზონანსი
27.11.2026

ევროპაში დივერსიების მოსაწყობად რუსეთის სპეცსამსახურებმა არა მხოლოდ ერთჯერადი აგენტების, არაპროფესიონალების, რომლებსაც სახარჯ მასალად იყენებენ, არამედ უფრო მომზადებული, „ნახევრად კვალიფიციური აგენტების“ გამოყენებაც დაიწყეს. ისინი ახლა უფრო რთულ მეთოდებს მიმართავენ, მათ შორის თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს საათის მექანიზმებითა და დისტანციური დეტონატორებით.

შედეგად, 2026 წლის სექტემბრის ჩათვლით, ერთი წლის განმავლობაში ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებითა და ცეცხლის წაკიდებით განხორციელებული დივერსიების რაოდენობა გაორმაგდა, ხოლო ინციდენტების საერთო რაოდენობა 16%-ით გაიზარდა, - ასეთ შეფასებას სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტი (IISS) აკეთებს.

ინციდენტების ნახევარზე მეტი კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე, კერძოდ, სამხედრო-სამრეწველო და სატრანსპორტო ობიექტებზე თავდასხმებს უკავშირდება, - ნათქვამია ინსტიტუტის ანგარიშში.

ინციდენტი, რომელსაც მასობრივი მსხვერპლი მოჰყვებოდა, ჯერჯერობით არ მომხდარა, თუმცა, ვინაიდან რუსეთის სპეცსამსახურები სულ უფრო აგრესიულად და რისკიანად მოქმედებენ, ამის ალბათობა იზრდება.

თავდასხმების ძირითადი სამიზნეები გერმანიასა და პოლონეთში მდებარე ობიექტებია. ამ ქვეყნების სატრანსპორტო, ლოგისტიკური და სამრეწველო სექტორები უკრაინის მომარაგებაში საკვანძო როლს ასრულებენ. IISS-ის ექსპერტების შეფასებით, დიდი ალბათობით, ეს ორი ქვეყანა თავდასხმების მთავარ სამიზნეებად დარჩება.

ექსპერტების აზრით, კრემლი, როგორც ჩანს, ჰიბრიდული ომის წარმოების კამპანიის ზოგად პრიორიტეტებს განსაზღვრავს, ხოლო სადაზვერვო სამსახურებს ცალკეული ოპერაციების მომზადებისა და განხორციელების თავისუფლებას უტოვებს.

გასული წლის ბოლოს ვლადიმირ პუტინმა საიდუმლო თათბირზე საკუთარ სპეცსამსახურებსა და სამხედროებს 2026 წლისთვის ამოცანა დაუსახა - „ნატოსა და ევროკავშირის შიგნიდან დაშლა“, - იუწყებოდა The New York Times შეხვედრის შესახებ ინფორმირებული ორი ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×