რეზონანსი
27.11.2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, გუშინ, ბათუმში, „ბეშიქ თაშისა“ და „ჰა პოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს გულშემატკივრების დაპირისპირების დეესკალაციის და ღირსეულად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების ჩატარებისთვის სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც, რეალურად, გუშინ ძალიან დიდი მოსალოდნელი საფრთხე აგვარიდეს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას. 

ჩვენი ამოცანა იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ვთვლი, რომ ამ ამოცანას ღირსეულად გაართვეს თავი, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო. გდდ-ს ოთხმა თანამშრომელმა მიიღო სამწუხაროდ ჯანმრთელობის დაზიანება და ვუსურვებ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა. 

შეგახსენებთ, ბათუმში „ბეშიქ თაშისა“ და „ჰა პოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, გუკლშემატკივრები თამაშის დროს ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. უთანხმოება ჯერ ქუჩაში დაიწყო, შემდეგ კი სტადიონზეც გადაინაცვლა. აგრესიულად განწყობილმა გულშემატკივრებმა სტადიონზე არსებული სკამები და სხვა ინვენტარი დააზიანეს. შემთხვევის შედეგად, დაშავდა 4 პოლიციელი, 16 ადამიანი დააკავეს.

დაპირისპირების გამო, თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა. შეგახსენებთ, რომ მატჩი „ბეშიქთაშის“ მოედანზე, სტამბოლში უნდა გამართულიყო, თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ „უეფას“ აცნობა, რომ უსაფრთხოების რისკების გამო, შეხვედრის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო. „უეფამ“ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ, თამაშის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×