რეზონანსი
27.11.2026

ბრიუსელში 26 ნოემბერს გამართული ევროკავშირის საგანგებო სამიტი, რომელზეც გაერთიანების 2028–2034 წლების ბიუჯეტი განიხილებოდა, წევრ სახელმწიფოებს შორის მწვავე უთანხმოების ფონზე შეთანხმების გარეშე დასრულდა. დანიის, შვედეთის, ბელგიისა და ავსტრიის ლიდერებმა პროტესტის ნიშნად მოლაპარაკებები დატოვეს.

უკმაყოფილების მიზეზი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას მიერ შეთავაზებული მოლაპარაკებების ფორმატი გახდა, რომელიც ლიდერების მცირე ჯგუფებად დაყოფას ითვალისწინებდა. საბიუჯეტო ხარჯების შემცირების მომხრე ქვეყნებმა მიიჩნიეს, რომ ამგვარი მიდგომა მათი ერთიანი პოზიციის დასუსტებას ემსახურებოდა.

„აშკარა იყო, რომ ეს ჩვენი დაყოფის მცდელობა იყო“, — განუცხადა Politico-ს ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა.

საბოლოოდ, მოლაპარაკებების აღნიშნულ ფორმატს ბოიკოტი შვიდმა ქვეყანამ გამოუცხადა: გერმანიამ, ნიდერლანდებმა, დანიამ, შვედეთმა, ფინეთმა, ავსტრიამ და ბელგიამ.

ევროკომისიის მიერ თავდაპირველად შეთავაზებული შვიდწლიანი ბიუჯეტის მოცულობა თითქმის 2 ტრილიონ ევროს შეადგენდა. კომპრომისის მიღწევის მიზნით კოშტამ მისი 204 მილიარდი ევროთი შემცირება და 1,78 ტრილიონ ევრომდე დაყვანა შესთავაზა წევრ სახელმწიფოებს. თუმცა ამ წინადადებამ ვერც საბიუჯეტო ხარჯების შემცირების მომხრე ქვეყნები დააკმაყოფილა და ვერც მათი მოწინააღმდეგეები.

გერმანია და მისი მოკავშირეები ბიუჯეტის დამატებით შემცირებასა და თავდაცვის, უსაფრთხოების, ინოვაციებისა და კონკურენტუნარიანობის დაფინანსების პრიორიტეტად ქცევას მოითხოვენ. ესპანეთი, იტალია და სხვა სახელმწიფოები კი სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული რეგიონების დაფინანსების შენარჩუნებას ემხრობიან.

დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი თავდაცვის დაფინანსების 39 მილიარდი ევროთი შემცირების წინადადება გახდა, რასაც ბალტიისპირეთის ქვეყნები კატეგორიულად შეეწინააღმდეგნენ. 

სამიტზე ასევე ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა უკრაინისთვის 2027 წელს 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის საკითხზე. 

არსებული უთანხმოების გამო ანტონიუ კოშტამ მოლაპარაკებების მეორე დღის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ევროკავშირის ლიდერები ბიუჯეტზე შეთანხმების მიღწევას 17–18 დეკემბერს დაგეგმილ სამიტზე კვლავ შეეცდებიან.

ამასთან, ბიუჯეტის საბოლოო დამტკიცებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ერთსულოვანი თანხმობა და ევროპარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×