რეზონანსი
27.11.2026

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაახლოებით 45 ათას ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს ვერ უკავშირდება, რომლებიც ომის ან ეროვნული საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში შესაძლოა სამხედრო სამსახურში გაიწვიონ. უწყებას მათი განახლებული საკონტაქტო მონაცემები არ გააჩნია, იუწყება გაზეთი Times-ი.

ბრიტანეთის სტრატეგიული სამხედრო რეზერვი დაახლოებით 95 ათასი ყოფილი სამხედრო მოსამსახურისგან შედგება. თავდაცვის სამინისტრომ წერილებისა და ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნა მათგან მხოლოდ დაახლოებით 50 ათასთან შეძლო.

ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად, ბრიტანეთის სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელებმა სტრატეგიულ რეზერვთან კავშირის აღდგენის ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყეს. ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს სთხოვენ, განაახლონ პირადი მონაცემები და თავდაცვის უწყებას მიაწოდონ ინფორმაცია სამოქალაქო ცხოვრებაში შეძენილი პროფესიული უნარებისა და გამოცდილების შესახებ, — წერს Sky News.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, უეს სტრიტინგის განცხადებით, უსაფრთხოების მზარდი საფრთხეების ფონზე აღნიშნული ინიციატივა აუცილებელი სიფრთხილის ზომაა. მინისტრის თქმით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია თავისი სამხედრო რეზერვის შესაძლებლობების შესახებ მანამ, სანამ მისი გამოყენების აუცილებლობა დადგება.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე გეგმავს, 2027 წლის გაზაფხულზე ნატოს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებში Steadfast Defender მონაწილეობის მისაღებად სტრატეგიული რეზერვის დაახლოებით ათასამდე წევრი მიიწვიოს. ბრიტანეთის პარლამენტის ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, წვრთნებში მათი მონაწილეობა ნებაყოფლობითი და ხანმოკლე იქნება.

თავდაცვის სამინისტროს მიერ 26 ნოემბერს გამოქვეყნებულ განმარტებაში აღნიშნულია, რომ სტრატეგიული რეზერვის მობილიზაცია შესაძლოა განხორციელდეს ეროვნული საგანგებო მდგომარეობის, სამხედრო მოქმედებების, ომისთვის მზადების ან მასშტაბური კრიზისის შემთხვევაში, როდესაც ქვეყანას დამატებითი სამხედრო რესურსი დასჭირდება.

ამასთან, თავდაცვის უწყება ხაზს უსვამს, რომ რეზერვისტებისთვის წერილების გაგზავნა მობილიზაციის გამოცხადებას არ ნიშნავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×