
ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია და აუცილებლად ყველა წარმოებას მოჰყვება შედეგი, - განაცხადა შს მინისტრმა ბათუმში საფეხბურთო მატჩის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
მისივე თქმით, ყველა ადმინისტრაციულად დაკავებული ამ დროისთვის გათავისუფლებულია.
„მსგავსი კითხვა არ დაუსვამს კოლეგას, თუმცა მე ვუთხარი, რომ დაშავებულია ამდენი პოლიციელი და ამდენი ადამიანია ადმინისტრაციული წესით დაკავებული. საპოლიციო ღონისძიების დროს მიზანი ქომაგების დაკავება არ ყოფილა, მიზანი იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ამ ადამიანების იქიდან განრიდება. თუმცა ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია და აუცილებლად ყველა წარმოებას მოჰყვება შედეგი. მათ შორის შესაძლებელია აეკრძალოთ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა გარკვეული დროით.
სპოტული ღონისძიებების ფარგლებში ქომაგებს აქვთ განსაკუთრებული აგრესია და ემოციები. საზოგადოებრივ წესრიგს ყოველთვის პოლიცია იცავს. გამომდინარე აქედან, სამწუხაროდ, ჩვენი 4 თანამშრომელი დაშავდა. მოხდა რეაგირება, იქნენ დაკავებულები ადმინისტრაციული წესით, მოგვიანებით ისინი გავათავისუფლეთ, მაგრამ ყველა წარმოებაზე შედეგი იქნება“, - აღნიშნა თამაზაშვილმა.
შსს-მ ბათუმში, საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ დაპირისპირებაზე ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით, ევროპის მოედნიდან „ბათუმი არენის“ მიმართულებით მსვლელობისას საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით. ისინი უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მათ.
გულშემატკივართა ნაწილის მხრიდან ძალადობრივი და პროვოკაციული ქმედებები სტადიონის ტერიტორიაზეც გაგრძელდა. ისინი აზიანებდნენ სტადიონის ინფრასტრუქტურას, მათ შორის სკამებს, რომლებსაც შემდგომ სამართალდამცველებს ესროდნენ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 16 ადამიანი დააკავეს, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი.
როგორც შს მინისტრმა განაცხადა, საქმეზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება და „აუცილებლად ყველა წარმოებას მოჰყვება შედეგი, მათ შორის შესაძლებელია აეკრძალოთ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა გარკვეული დროით“.