
ევროკავშირი თავდაცვის დაფინანსების ახალ პროგრამას ამზადებს, რომელიც ევროპის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებასა და შეერთებულ შტატებზე სამხედრო დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად. ინიციატივის ფარგლებში ათობით მილიარდი ევროს ოდენობის სესხებისა და გრანტების გამოყოფა იგეგმება, - იუწყება Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის თანახმად, ახალი პროგრამა იმ სტრატეგიული სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას მოხმარდება, რომელთა უზრუნველყოფის თვალსაზრისით ევროპული ქვეყნები ამჟამად მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული აშშ-ზე.
საუბარია ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების წარმოებისთვის აუცილებელ ტექნიკურ და ლოგისტიკურ შესაძლებლობებზე, მათ შორის სამხედრო დაზვერვაზე, სათვალთვალო სისტემებზე, ინტეგრირებულ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვაზე, ჯარების გადაადგილებაზე, მომარაგებასა და სამხედრო ოპერაციების კოორდინაციაზე.
დაფინანსების საბოლოო მოცულობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და ნატოსთან კონსულტაციების შემდეგ განისაზღვრება. ბრიუსელი ასევე გაითვალისწინებს, თუ რა სამხედრო ძალებსა და აღჭურვილობას დატოვებს აშშ ევროპაში და რომელთა გაყვანას გადაწყვეტს ვაშინგტონი.
ახალი პროგრამის ამოქმედება 2027 წლის მეორე ნახევარში იგეგმება. მისი დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი წყარო ევროკავშირის 2028–2034 წლების ბიუჯეტი იქნება.
ინიციატივა 2025 წელს ამოქმედებული, 150 მილიარდი ევროს მოცულობის SAFE-ის თავდაცვის დაფინანსების პროგრამის გაგრძელება იქნება, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სამხედრო საჭიროებებისთვის შეღავათიან გრძელვადიან სესხებს იღებენ.
ამ პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 21 მილიარდი ევრო ჯერ კიდევ გაუნაწილებელია. ბრიუსელის შეფასებით, აღნიშნული თანხის დაახლოებით ნახევარი შესაძლოა თავდაცვის დაფინანსების ახალ მექანიზმს მოხმარდეს, - წერს Militarnyi.
ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტის თავდაპირველი პროექტით, თავდაცვის სფეროსთვის დაახლოებით 130 მილიარდი ევროს გამოყოფა იგეგმებოდა, რომლის ნახევარიც შესაძლოა სტრატეგიული სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას მოხმარდეს.
ევროპის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებისა და თავდაცვის დაფინანსების ახალი მექანიზმების შექმნის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა უკრაინაში რუსეთის ომისა და ევროპაში ამერიკული სამხედრო ყოფნის შესაძლო შემცირების ფონზე.