რეზონანსი
27.11.2026

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოსთვის 200 მილიონი დოლარის (დაახლოებით 518 მილიონი ლარის) სესხი დაამტკიცა, რომელიც რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარებას, ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და ტურისტული პოტენციალის ათვისებას მოხმარდება.

პროგრამის მიზანია თბილისსა და რეგიონებს შორის ეკონომიკური განვითარების უთანასწორობის შემცირება, მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა.

მოსალოდნელია, რომ პროგრამით დაახლოებით 400 ათასი ადამიანი ისარგებლებს.

დაფინანსება მუნიციპალური გზების, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების, სპორტული ობიექტების, რეკრეაციული სივრცეებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.

აზიის განვითარების ბანკის მოსამზადებელ დოკუმენტაციაში დასახელებულია შემდეგი პროექტები:

- ქუთაისსა და წყალტუბოში რეკრეაციული პარკის მოწყობა;

- ქუთაისში სპორტისა და ახალგაზრდობის სასახლის მშენებლობა;

- ხადის ხეობაში ისტორიული სოფლების რეაბილიტაცია;

- ანაკლიასა და განმუხურში სანაპირო ინფრასტრუქტურის განახლება.

პროექტების განხორციელებაში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იქნება ჩართული.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში აზიის განვითარების ბანკმა ამავე პროგრამასთან დაკავშირებული კიდევ ერთი, 150 მილიონი დოლარის მოცულობის სესხი დაუმტკიცა „საქართველოს ბანკს“, რომელიც რეგიონებში მოსახლეობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.

ამრიგად, ორი დაკავშირებული პროექტის დაფინანსების ჯამური მოცულობა 350 მილიონ დოლარს შეადგენს, საიდანაც 200 მილიონი დოლარი სახელმწიფო სესხია, ხოლო 150 მილიონი - კომერციული ბანკის დაფინანსება.

სახელმწიფო სესხის საპროცენტო განაკვეთი, დაფარვის ვადა და საშეღავათო პერიოდი ჯერჯერობით უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×