თეონა ვეშაგური
07.07.2022

ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, პარლამენტი მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მომდევნო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება - ამის შესახებ მმართველი გუნდის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს ნაბიჯი ევროკავშირთან ვაჭრობას ჰგავს, ზოგს კი საერთოდ არ სჯერა, რომ „ოცნება" დანაპირებს შეასრულებს.

კობახიძის თქმით, ამ ვალდებულებას „ქართული ოცნება" იღებს პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე.

მისი განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოში პოლარიზაციასაც არსებითად შეამცირებს, რაც თავის მხრივ, საარჩევნო ბარიერის დაწევის წინაპირობაც იქნება, რადგანაც რაც უფრო მაღალია პოლარიზაციის ხარისხი, მით უფრო მაღალი ბარიერის შენარჩუნებაა მიზანშეწონილი.

მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირება, სრულად პროპორციული არჩევნები და 2%-იანი ბარიერი 2024 წელს ქვეყნისთვის ოპტიმალურ პოლიტიკურ მოცემულობას შექმნის.

„როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12-პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა. ცხადია, ჩვენს მიერ წარდგენილი გეგმა არ მოიცავს არცერთ საკითხს, რომელიც ევროკომისიის 12-პუნქტიან დოკუმენტში არ იყო ნახსენები. მათ შორის, ბუნებრივია, ჩვენი გეგმა არ მოიცავს არც საარჩევნო ბარიერის შემცირების საკითხს 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„დღევანდელი მდგომარეობით, 2024 წლიდან საქართველოში ამოქმედდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 5%-იანი ბარიერით, რაც ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე ფართოდ გავრცელებული სისტემაა. ეს სისტემა სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და სამართლებრივ სტანდარტებს. მეტიც, ორპროცენტიანი ან უფრო დაბალი ბარიერი, პოლიტიკური სისტემის სტაბილურობასთან დაკავშირებული რისკების გამო, ევროკავშირის მხოლოდ ორ ქვეყანაში მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ბარიერის დაწევა კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად ევროკავშირის მხრიდან ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა წამოყენებული. ასეთ პირობებში, ბარიერის დაწევა რჩება წმინდა პოლიტიკურ საკითხად და ის ჩვენი მხრიდან სწორედ ამ ჭრილში იქნება მომავალშიც განხილული.

„ბუნებრივია, შედარებით მაღალი ბარიერი სუბიექტურად ხელს აძლევს „ქართულ ოცნებას", ხოლო შედარებით დაბალი ბარიერი - „ნაციონალურ მოძრაობას", რაც მარტივი მათემატიკით დასტურდება: მაგალითისათვის, შარშანდელ არჩევნებში 5%-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახა, საიდანაც „ქართულმა ოცნებამ" 47%, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ" 33% მიიღო. ბუნებრივია, ასეთ სხვაობას „ნაციონალური მოძრაობა" 2024 წლამდე ვერაფრით შეამცირებს;

„თუმცა, იმავე არჩევნებში ხმების 2%-ზე მეტი ნაცმოძრაობის ორმა სატელიტმა პარტიამაც მიიღო. შესაბამისად, „ქართული ოცნების" 47%-ის საპირწონედ, „ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა სატელიტებმა ხმების 42% მიიღეს. ბუნებრივია, 5%-იანი სხვაობის აღმოფხვრა „ნაციონალური მოძრაობისთვის" შედარებით რეალისტური ამოცანაა;

„შარშანდელი არჩევნების მაგალითზე მარტივად ჩანს, რომ 5%-იანი ბარიერის პირობებში, ნაცმოძრაობას 2024 წელს წარმატების არავითარი შანსი არ ექნება, 2%-იანი ბარიერის პირობებში კი, მის მიერ ძალაუფლების დაბრუნების შანსი მნიშვნელოვნად იზრდება.

„როგორც უკვე აღვნიშნეთ, 5%-იანი ბარიერი სრულიად ლეგიტიმური და რაციონალურია. შესაბამისად, შედარებით დაბალი ბარიერის დადგენა, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის" გარკვეული ფორის მიცემას ნიშნავს, ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გვიღირდეს, თუ სანაცვლოდ ქვეყნისთვის რაიმე ძალზე მნიშვნელოვან სარგებელს მივიღებთ. ასეთი სარგებელი კი, მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი რამ - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება შეიძლება იყოს, რაც საქართველოში პოლარიზაციასაც არსებითად შეამცირებს.

„როგორც ცნობილია, რაც უფრო მაღალია პოლარიზაციის ხარისხი, მით უფრო მაღალი ბარიერის შენარჩუნებაა მიზანშეწონილი, ხოლო პოლარიზაციის შემცირება ბარიერის დაწევასთან დაკავშირებულ რისკებსაც სერიოზულად ამცირებს. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მიღებას, პოლარიზაციის შემცირებასა და დაბალი ბარიერის დაწესების მიზანშეწონილობას შორის პირდაპირი ლოგიკური კავშირი არსებობს.

„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება:

„დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.

„ამ პოლიტიკურ ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე.

„ღრმად გვწამს, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას, რის შემდეგაც სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2%-იანი საარჩევნო ბარიერით 2024 წელს ქვეყნისთვის ოპტიმალურ პოლიტიკურ მოცემულობას შექმნის.

„დარწმუნებული ვართ, „ნაციონალურ მოძრაობას" თავისი სატელიტებით 2024 წელს 2%-იანი ბარიერის პირობებშიც პირწმინდად დავამარცხებთ, რაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა," - განაცხადა კობახიძემ.

ამას ოპოზიციაში უმალ მოჰყვა რეაგირება. „მოქალაქეების" წევრმა, დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ დაბალი ბარიერი ამ ქვეყანას სჭირდება და არა ევროკომისიას. დეპოლარიზაციას საარჩევნო ბარიერის დაწევა ხელს შეუწყობს, მაგრამ დღეს „ქართულ ოცნებას" იმის რესურსი არა აქვს, რომ ამით ევროკომისიას ევაჭროს.

„მათ კონკრეტული დღის წესრიგი მოგვცეს. თუ შეასრულებენ, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. ევროკომისიის მიმართ იყო გზავნილი, სტატუსი მოგვეცით და ჩვენ მივიღებთ დაბალ ბარიერსო. დაბალი ბარიერი ამ ქვეყანას სჭირდება და არა ევროკომისიას. საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩვენ უნდა გველაპარაკონ, არგუმენტი ჩვენგან უნდა მოისმინონ. თორემ ევროკომისიას ამით ვერ დააშანტაჟებ, მათ 12 პუნქტის შესრულება სჭირდება და დეპოლარიზაციას საარჩევნო ბარიერის დაწევა ხელს შეუწყობს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე კობახიძის ამ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს.

„ეს არის რეკომენდაციების შესრულების იმიტაცია და „სტრატეგია აღმაშენებელი" ამაში მონაწილეობას არ მიიღებს. განცხადება, რომ მომავალში შევასრულებთ ამას, რელევანტური არ არის, რადგან ვიდრე ახალ პირობებზე შევთანხმდებით, მანამდე კობახიძემ და „ქართულმა ოცნებამ" უნდა შეასრულონ ის პირობები, რომლებიც ვალდებულებად ჰქონდათ აღებული 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად. ჩვენ ვართ თანმიმდევრული და ვამბობთ, ვიდრე ახალ ურთიერთობებში და ნდობაში შევალთ „ქართულ ოცნებასთან" პირობების შესრულებაზე, მანამდე შეასრულონ ის პირობა, რომელიც გაცემული ჰქონდა. ეს არის ჩვენი ფორმულა", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

 

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×