თამთა ჩაჩანიძე
08.07.2022

კონფლიქტოლოგი და ყოფილი საელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახლა მთავარია, ევროკავშირმა იმ საშინაო დავალების პასუხი მიიღოს, რომელიც ივნისის ბოლოს გასცა. თუ „ოცნება" აცხადებს, რომ გეგმას თავად დაწერს და ჩააბარებს, საბოლოო შედეგზეც თავად უნდა იყოს პასუხისმგებელი და ოპოზიციას არ გადააბრალოს.

„მთავარი ამოცანა ის უნდა იყოს, რომ ევროპამ საშინაო დავალებაზე პასუხი მიიღოს. თუ „ოცნება" ახლა მაინც გრძნობს, რომ ამაზე მთავარი პასუხისმგებელი არა ოპოზიცია, არა სამოქალაქო სექტორი, არამედ მთავრობაა და თვითონ ისეთ პასუხს დაწერენ, რომ ევროკავშირისთვის მისაღები იქნება, ამით კმაყოფილი ვიქნები და მერე სხვებს ნუ დააბრალებენ, რომ მათ ხელი შეუშალეს.

„ოცნება" კარგ განცხადებას აკეთებს, რომ ჩვენ დავწერთ, ჩვენ თვითონ ჩავაბარებთო და ბარემ დაამატონ, რომ თუ არ მიგვიღებენ, პასუხისმგებელი ჩვენ ვიქნებითო. ბოდვა იყო, როცა ამბობდნენ, ოპოზიცია ბრიუსელში დადის და საქმეს აფუჭებსო. ჯერ ერთი, ასე არ იყო, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, ოპოზიცია ვერაფერს ვერ გააფუჭებდა. კარგია „ოცნებამ" საშინაო დავალება თვითონ გააკეთოს, მაგრამ თუ სტატუსს არ მოგვცემენ, ნურავის ნუ დააბრალებენ. საფუძვლიანი ეჭვი აქვს ოპოზიციას, რომ „ოცნების" გეგმა დროის გაწელ;ვას ემსახურება, მაგრამ თუ ხელისუფლება პასუხისმგებლობასაც თვითონ აიღებს, ვერაფერს ვერავის დააბრალებენ," - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ამ სიტუაციაში ყველაზე კარგი გამოსავალი ის იქნება, რომ ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმა 12 პუნქტის შესრულების საკუთარი გეგმები წარმოადგინონ.

„ჩემი აზრით, 12 პუნქტზე სამოქმედო გეგმის სულ ცოტა სამი ვარიანტი უნდა დაიწეროს, მთავრობის, სამოქალაქო სექტორის, რომელიც ყველაზე ნეიტრალური და კომპეტენტურია და ოპოზიციის. ოპოზიციის ვარიანტი შესაძლოა რამოდენიმე იყოს, ენმ-ს ცალკე ჰქონდეს, გახარიას ცალკე. ან დამატებით შესაძლოა პრეზიდენტმაც ცალკე ჯგუფი შეკრიბოს და მათ შეიმუშავონ. რაც უფრო მეტი ვარიანტი იქნება, მით უკეთესი, რათა საზოგადოებამ ნახოს ჩავარდნა სადაა.

„წლის ბოლომდე 12 პუნქტის ერთბაშად შესრულება შეუძლებელია, ბევრი პუნქტებია ისეთი, რომელიც ნახევარ წელიწადში ვერ შესრულდება. ევროკავშირი მზადაა ამის შესრულებას დაელოდოს. მათ შანსები მოგვცვეს, რომ რაღაცა მაინც დაიწყეთ და დაწერეთო. პუნქტებში ეკოლოგიაზეა საუბარი, რომელსაც ნახევარ წელიწადში ვერ მოვერევით. უამრავი ისეთი საკითხია, რომლის მოიგვარებას წლები დასჭირდება, მაგრამ ისინი გვეუბნებიან, რომ ნახევარ წელიწადში სტატუსს მოგცემთ, თუ თქვენ რაღაცას გააკეთებთო. უნდა გაიწეროს გეგმები, რისი გამკეთებლები ვართ. დღეს კანდიდატის მიღებაა მთავარი და ყველას მოვუწოდებ, რომ „ქართულ ოცნებას" მივცეთ საშუალება ეს გეგმა დაწეროს და ჩააბაროს, რომ მერე ვერავის ვერაფერი ვერ დააბრალოს," - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×