ელზა პაპოშვილი
09.07.2022

უკრაინის ომის 136-ე დღე - ქვეყნის ტერიტორიაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რუსმა ოკუპანტებმა კრივი-რიჰის ინგულეცკის რაიონი დაბომბეს, არის მსხვერპლიც, ორი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია, თავდასხმა გრადებით, საცხოვრებელ უბნებზე განხორციელდა. ქალაქ სევეროდონეცკში კი უახლოეს მომავალში შესაძლოა კატასტროფული ვითარება იყოს, ინფორმაციას სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეში მარცვლეულის მინდვრებს ცეცხლი წაუკიდეს. უკრაინის ვიცე-პრემიერი კი ამბობს, რომ დიდი ბრძოლები იქნება, რადგან უკრაინული არმია გარკვეული რაიონების დეოკუპაციას აპირებს, გენშტაბში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები ბახმუტის მიმართულებითაა.

რუსეთის ფედერაციის გეგმებთან დაკავშირებით ანგარიშს ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დონეცკის ოლქზე მასირებული შეტევის განსახორციელებლად კრემლი ძალების გადაჯგუფებას ახდენს. მიმდინარეობს მძიმე ტექნიკის და ცოცხალი ძალის კონცენტრაცია. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ცნობით, სევეროდონეცკის და ლისიჩანსკის შემდეგ რუსული არმია სივერსკის დაკავებას გეგმავს.  

ლუჰანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციული ხელმძღვანელის, სერჰი გაიდაის თქმით, რუსი სამხედროები აწარმოებენ საბრძოლო მოქმედებებს ფრონტის მთელ ხაზზე. 

„არავითარი ოპერატიული პაუზა, რის შესახებაც მტერმა განაცხადა, არ ხორციელდება". - თქვა მან. 

ის, რომ რუსულ ჯარებს ლისიჩანსკის აღების შემდეგ დასვენება სჭირდებათ და ამ მიზნით ოპერატიულ პაუზას იღებენ, მიმდინარე კვირას რუსეთის პრეზიდენტმაც და რუსეთის თავდაცვის მინისტრმაც თქვეს. ომის შესწავლის ამერიკულმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ ეს პაუზა შემდგომი თავდასხმისთვის მზადებაა. 

თუმცა, როგორც ჰაიდაი ამბობს, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება და უკრაინას უწევს, შეაკავოს რუსული შეიარაღებული ფორმირებები მთელი ფრონტის გასწვრივ. 

„ისინი თავდასხმას ახორციელებენ რამდენიმე მიმართულებით. იქ, სადაც მათ წინასვლა არ შეუძლიათ, ნამდვილ ჯოჯოხეთს აწყობენ ჰორიზონტზე ტერიტორიების დაბომბვით. ამიტომ, საფრთხე ყველგან არის, კრემენიდან პოპასნამდე". - თქვა ლუჰანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. 

სერჰი ჰაიდაის მონაცემებით, პარასკევს, 8 ივლისს მტერმა მცირე წინსვლა განიცადა ლისიჩანსკიდან დასავლეთის მიმართულებით. 

"მტერი თავს ესხმის და ესვრის ჩვენს მიწას ადრინდელი ინტენსივობით. ჩვენი სამხედროები მამაცურად იცავენ საზღვარს". - განაცხადა მან.  

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი აცხადებს, რომ რუსებს მნიშვნელოვანი სამხედრო დანაკარგი აქვთ. 

"მტერმა ცეცხლი გაუხსნა ჩვენი ჯარების პოზიციებს, სუმის რაიონში ესმანსა და ოლექსიივკას დასახლებებზე. კრამატორსკის მიმართულებით მტერმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბა. რუსეთი წისნვლას თავდასხმითი მოქმედებებით ცდილობს ჰრიჰორივკას დასახლებასთან. 

„ბახმუტის მიმართულებით კი მტერმა ზაიცევოს, ბერესტოვოსა და კლინოვოს მახლობელი ტერიტორიები დაბომბა. ზაპორიჟიას მიმართულებებში პოზიციების გასაუმჯობესებლად ბრძოლები საკონტაქტო ხაზის გასწვრივ გრძელდება. უკრაინის საავიაციო, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფები აგრძელებენ წარმატებით ოპერაციებს, რუსი ოკუპანტების სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის საწყობებზე. მტერს აქვს მნიშვნელოვანი დანაკარგები," - აცხადებს სტუპუნი. 

უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ხერსონის და ზაპოროჟიეს მოსახლოებას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. 

"ხერსონის და ზაპოროჟიეს მოსახლეობას ყველა შესაძლო საშუალებით ევაკუაციისკენ მოვუწოდებ - უზარმაზარი ბრძოლა იქნება. რაც არ უნდა რთული იყოს სიტუაცია ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა უკრაინის მთავრობა აკონტროლებს, მაინც, ნებისმიერ შემთხვევაში, ხერსონის ან ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიაზე ყოფნა ბევრად უარესი და საშიშია. რუსეთშიც რომ განახორციელონ მათი დეპორტი, ჩვენ მაინც ვიპოვით გზას, რომ დავეხმაროთ ხალხს დაბრუნებაში. ჩვენი შეიარაღებული ძალები დეოკუპაციას აპირებს. იქნება უზარმაზარი ბრძოლები. არავის შეშინება არ მინდა, ყველას ყველაფერი ისედაც ესმის,"- აცხადებს ირინა ვერეშჩუკი.     

უკრაინის პრეზიდენტი კი  ფრონტის ხაზზე  ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დნეპროპეტროვსკის ოლქში ქვეყნის მცველებს მადლობა პირადად გადაუხადა. ფაქტის შესახებ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის ევროკავშირის დახმარების იმედი აქვს.

"დღეს მთელი დღე საველე სამუშაოებზე ვიყავი დნეპროპეტროვსკის ოლქში, ჩვენი თავდაცვის ფრონტზე. ფრონტის ხაზზე ყველა უკრაინელის სახელით მადლობა გადავუხადე ჩვენს მეთაურებს, ექიმებსა და ექთნებს, ჩვენს ბიჭებსა და გოგონებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას იცავენ და დაჭრილ ჯარისკაცებსა და მოქალაქეებს ყოველდღიურად უწევენ დახმარებას. 

„ჩვენ ყოველდღე, ნებისმიერ ვითარებაში მაქსიმალურად ვმუშაობთ საგარეო პოლიტიკურ ფრონტზეც. გუშინ უკვე 24-ე მიმართვა მქონდა ევროკავშირის ქვეყნის პარლამენტისადმი და ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის დანარჩენი სამი ქვეყანაც იგრძნობს, რომ ეს მიმართვები არა პოლიტიკას, არამედ ჩვენი საერთო თავისუფლების დაცვას ეხება, ამიტომ მალე ჩვენ მივალთ იქამდე, რომ შევძლებთ თქმას, რომ ევროკავშირის 27-ვე პარლამენტს თავისუფლებისთვის ბრძოლა უფრო კარგად ესმის, ვიდრე რუსული მანიპულაციები," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×