ელზა პაპოშვილი
21.08.2022

სამწლიანი იზოლაციის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის მიმოსვლა აღდგა. დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის გადაწყვეტილებით, ყოველთვიურად 10 დღის განმავლობაში დე ფაქტო საზღვარი რიგითი მოქალაქეებითვის ღია იქნება. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი „დათბობა“ საქართველოსა და რუსეთს შორის ფარული შეთანხმების შედეგია.

აღსანიშნავია, გაგლოევის წინამორბედი ანატოლი ბიბილოვი „საზღვრის“ გახსნის კატეგორიული წინააღმდეგი იყო მაქსიმალურად უწყობდა ხელს ცხინვალის რეგიონის დანარჩენი საქართველოსგან იზოლაციას.

ამასთან, ბობოლოვმა ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმიც კი დანიშნა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლების შემდეგ გაგლოევმა ეს განკარგულებაც გააუქმა.

შეცვალა თუ არა ახალმა დე ფაქტო ხელისუფლებამ პოლიტიკა და ამ მხრივ მოახდინა თუ არა მასზე გავლენა მოსკოვმა? უკავშირება თუ არა ეს ყველაფერი რუსეთ-უკრაინის ომს?

ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ, როგორც ჩანს, დასავლეთთან გართულებული ურთიერთობის ფონზე, რუსეთს თბილისთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს. მას ახლა ახალი თავის ტკივილი საქართველოსთან არ უნდა. ამიტომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახალი პრეზიდენტი გაგლოევი, კრემლთან შეთანხმებით მოქმედებს. ისინი ე.წ. რეფერენდუმის გაუქმებასაც რუსეთის გადაწყვეტილებად მიიჩნევენ და საქართველოსთან მიმართებაში შეცვლილ პოლიტიკას უკავშირებენ.  

მიმოსვლის ახალი რეჟიმი

ცხინვალის მიმართულებით გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვები რამდენიმე დღით შემსუბუქდა. ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის მიმოსვლა ყოველი თვის 20 რიცხვიდან თვის ბოლომდე შეეძლება.

სულ საუბარია ორი საგუშაგოს გახსნაზე. ახალგორის მცხოვრებლებისთვის საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვსლა ოძისიდან არის შესაძლებელი, ჯავის რაიონში მცხოვრებთათვის კი - პერევიდან.

ეს ცვლილება უკვე შევიდა ძალაში და ორივე გასასვლელი 20 აგვიტოდან გაიხსნა. დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, გადაადგილების ასეთი რეჟიმი წლის ბოლომდე იმოქმედებს.

ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ნაწილობრივ გახსნას სახელმწიფო მინისტრის აპარატი განცხადებით ეხმაურება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებს, რათა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისა და თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლება.     

არსებობს თუ არა ფარული გარიგება 

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული რუსეთსა და საქართველოს შორის ფარული გარიგება არსებობდეს, რომლის მიხედვითაც, თუ საქართველო იგივე პოლიტიკის გატარებას გააგრძელებს რუსეთთან და არგაღიზიანების კუთხით ამ ხაზზს გაჰყვება, გარკვეულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე კრემლი გარკვეულ დათმობებზე წავა.  მაგალითად ჩიტაძე ამბობს, რომ ქვეყანაში აგორებული ანტიდასავლური რიტორიკა, არ არის გამორიცხული,  რუსეთთან შეთანხმებით კეთდებოდეს. ამის საფასურად კი საქართველოს და მისი ხელისუფლება მსგავს პატარა დათმობებს იღებდეს. 

„მოვლენების განვითარებას თუ დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ აქ შემთხვევით არაფერი ხდება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებასთან რაღაც გზების გამონახვას ცდილობს. მაგალითად, ვხედავთ, რომ ბოლო დროს ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოში გაძლიერდა. არავის სჯერა, რომ ეს ადამიანები - 4 დეპუტატი - ხელისუფლებას რეალურად გამოეყო. საზოგადოების  ნაწილს არწმუნებენ, რომ დასავლეთს საქართველოში ომი სურს და ამას კი ხელს „ოცნება“ უშლის. 

„ამას პლუს ის ემატება, რომ საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება იზრდება. თუ დასავლეთი მსჯელობს,რომ შენგენის ვიზები რუსეთის მოქალაქეებზე არ გასცეს, საქართველო პირიქით, რუს ტურისტებზე ერგება და სერვისებსაც კი რუსულ ენაზე სთავაზობს. აქ ისინი ბიზნესებს არეგისტრირებენ, ბინებს ყიდულობენ და საქართველოს რისთვის და რა მიზნით იყენებენ, კაცმა არ იცის. ანუ, როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლებაა რაღაცაში ამ ყველაფერს რუსეთს უცვლის. 

„თუნდაც ე.წ. რეფერენდუმის საკითხი ავიღოთ. ჩვენ ვნახეთ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახალი „პრეზიდენტი“ კრემლში როგორ ჩავიდა და მან რუსეთთან შეთანხმებით გადაწყვეტილება შეცვალა. ამიტომ ეჭვი ჩნდება, რომ გზის გახსნა მხოლოდ ე.წ. პრეზიდენტის კეთილი ნება არ არის და ამის უკან საკმაოდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გარიგებას ვხედავ“, - ამბობს  ჩიტაძე „რეზონანსთან“.    

მისივე თქმით, საქართველოში უკვე 1000-ზე მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა და შესაძლოა ითქვას, რომ დღევანდელი ხელისუფლება რუსეთისთვის მისაღებ პოლიტიკას ატარებს. 

„ძაღლს რომ ძვალს გადაუგდებენ, ჩვენი საქმე ასეა. ის ფაქტი, რომ რამოდენიმე სოფელთან საგუშაგოები იხსნება და 31 დეკემბრამდე იმოქმედებს, ეს არის მოჩვენებითი, რადგან ოკუპირებული ტერიტორიების ხაზის გასწვრივ რუსები თხრილებს თხრიან. 

„საერთო ჯამში, რუსეთი საქრთველოს თავს რომ არ დაესხა, ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდ დათმობაზე წასვლა უხდება. მათ შორისაა რუსი მოქალაქეების შეუზღუდავად მიღება. ამიტომ არ მგონია, რომ ეს არის შემთხვევითი და ვინმემ რამე სიკეთე გამოიჩინა. 

„რეფერენდუმის“ საკითხიც მგონია, რომ რაღაცაზე გაიცვალა. ახალმა ე.წ. პრეზიდენტმა ჯერ კონსულტაცები კრემლში გაიარა და გადაწყვეტილება მერე გამოაცხადა. რუსეთი ცალი ხელით ჩვენს ხელისუფელბას აჩვენებს, რომ მის ხელთ არის ნებისმიერი გადაწყვეტილება და ქმედება. თუ სურვილი ექნება, ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიასაც მოახდენს. ამიტომ კარგად უნდა  მოვიქცეთ და რაღაცეებს გადმოგვიგდებენ“, - ამბობს ჩიტაძე „რეზონანსთან“.  

„გაგლოევი, უბრალოდ, ბიბილოვის გაფუჭებულ საქმეებს ასწორებს“

ყოფილი სახელწმიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ე.წ. ახალმა პრეზიდენტმა დაინახა, რომ საქართველოსთან გზის ჩაკეტვა და ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება ადგილობრივ მოსახლეობაში პოპულარობით არ სარგებლობს. ამიტომაც მან პოლიტიკა შეცვალა და ის, რაც ე.წ. არჩევნების  დროს მოსახლეობას დაჰპირდა, შეასრულა კიდევაც. 

„გაგლოევმა ბიბლოვის მიერ გაფუჭებული საქმეები გამოასწორა და ერთ-ერთი ეს არის. მან მოსახლეობისგან პრეტენზიები მიიღო ამის შესახებ და ე.წ. არჩევნების წინ დაპირდა, რომ ამას გამოასწორებდა. ბიბილოვი კი ეუბნებოდა ახალგორელებს, რომ გზის გახსნაზე არც იოცნებოთო. ამიტომაც ადგილობრივებმა რაიონის დაცლა დაიწყეს. როგორც ჩანს, ახალი ე.წ. პრეზიდენტი გაგლოევი მიხვდა, რომ მთელი რეგიონი დაიცლებოდა და პოლიტკა შეცვალა.

„რეფერენდუმს რაც შეეხება, ვფიქრობ ეს მოსკოვთან შეთანხმებით გადაიდო. ბიბილოვმა შესთავაზა რა თავის მოსახლეობას ამის გაკეთება, იფიქრა, რომ ამით მოსახლეობას მოვატყუებ და არჩვენებში მხარს დამიჭერენო. აღმოჩნდა, რომ ესეც მოსახლეობაში დიდად  პოპულრული სვლა არ არის, ამიტომაც ხმა გაგლოევს მისცეს. მოსკოვს ახლა რეფერენდუმი არ სჭირდება, თუმცა ეს თემა საქართველოზე მუდმივად დამოკლეს მახვილივით ექნება ჩამოკიდებული. 

„რუსეთს არ აწყობს, რომ „ოცნების“ რეიტინგი გააფუჭოს და თუნდაც ოპოზიციას რაიმე სახის საბაბი მისცეს. ე.წ. რეფერენდუმი რომ ჩატარებულიყო, ძალიან სერიზულ ზიანს მიიღებდა. ხალხი ეტყოდა ჩვენს ხელისუფლებას - რუსეთთან არგაღიზიანების პოლიტიკის შედეგი ეს არის? რატომ იქცევა მაშინ კრემლი საპირისპიროდ? რუსები ამას მშვენივრად ათვიცნობიერებენ. ამიტომ ომის ფონზე საქართველოსთან ურთიერთობის გამწვავება კიდევ უფრო არ უნდათ. 

„ამიტომაც არის, რომ შეთანხმებულად მოქმედებენ. ჩვენი ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებს გარკვეულწილად მოქმედების თავისუფლებას აძლევს, რუსეთი კი სამაგიეროდ მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს“, -ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×