თეონა ვეშაგური
21.08.2022

24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა და სამხედო ანალიტიკოსების უმრავლესობა 23-24 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების მასშტაბების მკვეთრ ზრდას პროგნოზირებს. ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის სარდლობა დამოუკიდებლობის დღისათვის, სავარაუდოდ, გარკვეულ „სიურპრიზებს" უმზადებს მოწინააღმდეგეს, თუმცა, გულხელდაკრეფილი არც რუსები არიან და ამ დღეებში გააქტიურება მათგანაც მოსალოდნელია.

შაბათს უკრაინულმა მხარემ კიევის ცენტრში ნაალაფარი რუსული ტექნიკის გამოფენა მოაწყო. კიევში ირონიულად აცხადებენ, რომ ამით ნაწილობრივ ახდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ოცნება, რომელსაც ქალაქის მთავარ ქუჩა ხრეშჩატიკზე სამხედრო აღლუმის მოწყობა სურდა.

რაც შეეხება ფრონტზე ამდროისთვის არსებულ ვითარებას, უკრაინული მხარე ხერსონის მიმართულებით ცდილობს შეტევაზე გადასვლას, რუსები კი დონეცკის მისადგომებთან აქტიურობენ. ჯერჯერობით რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას ვერცერთმა მხარემ ვერ მიაღწია, მაგრამ, ქართველი ანალიტიკოსების შეფასებით, ინიციატივა თანდათან უკრაინელების ხელში გადადის და უახლოეს დღეებში ეს შესაძლოა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდეს.

გადადის თუ არა ინიციატივა უკრაინელების ხელში

ექსპერტთა მოსაზრებით, ამ ეტაპზე, ფრონტის ხაზზე უკრაინული მხარე აქტიურობს. როგორც „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე ამბობს, უკრაინელები ჩქარობენ რათა მალე გატეხონ რუსეთის წინააღმდეგობა და სულ ცოტა ხერსონი მაინც დაიბრუნონ.

„ამ ეტაპზე უკრაინელების ხელშია გადასული ინიციატივა, რაც ნიშნავს, რომ მათ სასარგებლოდ იცვლება სიტუაცია. აქამდე ძირითადად რუსები წყვეტდნენ სად განეხორციელებინათ შეტევა.

„პროგნოზის თალსაზრისით, ძალიან რთულია განსაზღვრო რა იქნება შემდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინელები ჩქარობენ, რათა მალე გატეხონ რუსეთის წინააღმდეგობა და სულ ცოტა ხერსონი მაინც დაიბრუნონ.

„ოდნავ განსხვავბული სიტუაციაა დონეცკის რაიონში, აქ უფრო რუსები აქტიურობენ, მაგრამ ლიმიტირებულია მათი აქტიურობა. ისინი ძირითადად ბახმუტის რაიონში ცდილობენ შესვლას, რასაც ვერ ახერხებენ უკვე თვენახევარია. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთს საკმარისი რესურსი არ გააჩნია სიღრმეებში შესასვლელად. თუმცა ვნახოთ, სიტუაციის შეფასება ჯერ კიდევ ნაადრევი და რთულია. რა თქმა უნდა, ამ ეტაბზე კვლავ გრძელდება დაბომბვები, არსებობს საფრთხები იგივე რადიაციის გავრცელების მხრივაც", - განაცხადა კობერიძემ.

ფრონტის ხაზზე უკრაინელების აქტიურობას უსვამს ხაზს სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაიაც. მისი შეფასებით, უკრაინელები არიან გააქტიურებული და დივერსიული შეტევებით ცდილობენ მტრის შეჩერებას.

„ძალთა თანაფარდობა უცვლელია ფრონტის ხაზზე, მიდის პოზიციური ბრძოლები, თუმცა ახლა უკრაინელები არიან გააქტიურებული დივერსული შეტევებით. ამ ეტაპზე სხვა ახალი არაფერია.

„ჯერჯერობით რთულია პროგნოზების გაკეთება. ორივე მხარეს აქვს საკმარისი რესურსი საბრძოლო მოქმედებების წარმებისთვის", - განაცხადა მაისაიამ.

ბოლო ცნობები ფრონტიდან

შაბათ-კვირას რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში ევპატორიასა და ბახჩისარაიში. არსებული ინფორმაციით, მომხდარს მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

ოკუპანტებმა რაკეტები გაისროლეს ხარკივის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმართულებითაც.

ოდესის ოლქზე იერიში ხუთი რაკეტით მიიტანეს რუსებმა. მათგან ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო ქვედანაყოფმა ზღვის თავზე ორი რუსული ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდება მოახერხეს, სამი რაკეტა კი ოდესის ოლქის ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერიტორიას მოხვდა. თავდასხმა მარცვლეულის შესანახ ობიექტზე განხორციელდა. მსხვერპლი არ ყოფილა.

კვირას დღის განმავლობაში 17-ჯერ დაიბომბა დონეცკის ოლქი, მათ შორის ბახმუტისა და ავდიევკას დასახლებები. ამ დაბომბვებს ჯამში 7 ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა 13.

ბრძოლები გრძელდება ლუჰანსკშიც. ოლქის 4 დასახლების მიმდებარედ უკრაინული და რუსული ძალები პოზიციების გაუმჯობესებას ცდილობენ.

დაიბომბა დნეპროპეტროვსკის ოლქიც. ქალაქ ნიკოპოლში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. ასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

რუსებმა დაბომბეს მიკოლაივი. იერიში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე განხორციელდა. დაშავებულია ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან ოთხი ბავშვია.

ამ ეტაპზე, ცნოილია ისიც, რომ უკრაინულმა და რუსულმა მხარეებმა თანხმობა განაცხადეს,ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურზე ვითარების შესამოწმებლად, ადგილზე საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს წარმომადგენლები დაუშვან. ფაქტს მიესალმება სააგენტოს გენერალური დირექტორი და უკრაინის პრეზიდენტიც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×