თამთა ჩაჩანიძე
25.08.2022

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა კიევისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტების გამოყოფის თაობაზე განაცხადეს. ვაშინგტონი უკრაინას დამატებით 3 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას და აღჭურვილობას გადასცემს, ხოლო ლონდონი 54 მლნ გირვანქა სტერლინგის (63,5 მლნ აშშ დოლარი) ღირებულების შეიარაღებას. სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, დახმარება დიდია და თავდაცვისთვის ეს საკმარისია, თუმცა ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისთვის მეტი სჭირდება და შესაძლოა შემოდგომით, ან წლის ბოლომდე მოხერხდეს.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განაცხადა. საერთაშორისო მედიის ცნობით, პენტაგონმა იმ შეიარაღების სია გამოაქვეყნა, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შევა. მისი ღირებუილება 2.98 მილიარდი დოლარია.დახმარების პაკეტი მოიცავს:

ექვსი დამატებითი „ნასამს"-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემა მათთვის საბრძოლო მასალით;

245 ათასამდე ჭურვი 155 მმ-იანი არტილერიისთვის;

65 ათასამდე ჭურვი 120 მმ-იანი ნაღმტყორცნებისთვის;

24-მდე საარტილერიო რადარი;

უპილოტო საფრენი აპარატი „პუმა" და აღჭურვილობა უპილოტო საფრენი აპარატი „სკან იგლი"- სთვის;

დრონების საწინააღმდეგო სისტემა „ვამპირი";

სარაკეტო სისტემები ლაზერული დამიზნებით;

უკრაინელი ჯარისკაცების წრთვნისა და მხარდაჭერის დაფინანსება.

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კიევში განაცხადა, დახმარება 54 მლნ გირვანქა სტერლინგის (63,5 მლნ აშშ დოლარი) ღირებულების უპილოტო სათვალთვალო სისტემებს და ტანკსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალებს მოიცავს. პაკეტში შედის 850 ერთეული „ბლექ ჰორნეტ"-ის ტიპის მიკროდრონები, რომლებიც სპეციალურად ქალაქებსა და სოფლებში გამოსაყენებლად არის შექმნილი და მათი ერთ-ერთი დანიშნულება მოახლოებული მტრის ძალების გამოვლენაა.

როგორც გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, აღნიშნული შიარაღება მნიშვნელოვანია თავდაცვისთვის, თუმცა იმ რაოდენობის არაა, რომ უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყოს, თუნდაც გარკვეულ რეგიონში.

„როცა დახმარებას უწევენ, როგორც წესი, დეტალებს არ ახმოვანებენ-ხოლმე და რა იარაღიც გაჟღერდა, ეს ჩემის აზრით ალბათ უფრო ვარაუდებია. თუმცა ეს შესაძლოა რეალობაც იყოს, მაგრამ ამის გარდა სხვა ბევრი რამეც იქნება. უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება საბრძოლო მასალა სისტემებისთვის, რომლებიც უკრაინელებს უკვე მიღებული ჰქონდათ.

„გასაკვირი არაა, რომ დახმარებას უწევენ და ეს როგორც აშშ-ის ისე დიდი ბრიტანეთის მხრიდან გაცხადებულია, რომ დავეხარებით, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებსო. დახმარება კიდევ გაგრძელდება და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ზრდადი იქნება",- განაცხადა გენერალმა.

კითხვაზე, ეს დახმარება რამდენად შეცვლის ფრონტის ხაზზე სიტუაციას, ვახტანგ კაპანაძემ გვიპასუხა, რომ ფრონტზე სიტუაცია უკვე მნიშვნელოვნადაა შეცვლილი.

„იმ „ჰაიმარსებმა", რომელიც მიიღეს და სხვა დახმარებამ ფრონტის ხაზზე სიტუაცია უკვე მნიშვნელოვნად შცვალა. ახლა ფაქტიურად რუსეთი თავის უპირატესობის გამოყენებას ვეღარ ახერხებს, ნაწილობრივ მხოლოდ დონბასის მიმართულებით აქტიურობს. ეს ყველაფერი კი იმ აღჭურვილობის დამსახურებაა, რომელიც უკრაინამ უკვე მიიღო.

„ახლა ეს სამი მილიარდი გადამწყვეტი არ იქნება, უკრაინას კიდევ სამი მაგდენი მაინც უნდა, რომ თავის პრობლემებში გარდატეხა შეიტანოს. თავდაცვისთვის ეს საკმარისია, მაგრამ თუ უნდა ოკუპირებული ტერიტორიები გაათავისუფლოს, მას მეტი დასჭირდება.

„ეს „ლენდ ლიზის" პროგრამაა და ფაქტიურად უკვე დაწყებულია, ის ერთჯერადი ქმედება არაა, უბრალოდ დრო სჭირდება, რომ სრულად ამოქმედდეს. ტრანსპორტირება, მიწოდება, ეს ყველაფერი დროს საჭიროებს. ჩვენ და უკრაინასაც გვინდა, რომ შიარაღება ერთად მიიღოს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში სამწუხაროდ ეს ასე არ ხდება. ბიუროკრატიული პროცესები უნდა გაიაროს, საწყობებიდან გამოვიდეს, ატლანტიკის ოკეანე გადმოიაროს, ნავსადგურებამდე მივიდეს და ა.შ.

„თან აშშ-მ ყველაფერი ერთდროულად, რომ მიაწოდოს, ამას უკრაინელების მომზადება სჭირდება, ვინც ამას გამოიყენებს. თუმცაღა უკრაინელები ბრიტანეთში, პოლონეთში ემზადებიან, მომზადებაში კანადელებიც ეხმარებიან და ა.შ. ეს პროცესი პარალელურ რეჟიმში მიდის და იარაღი ასე ერთად რომ შეყარონ, დაყარონ და რუსების გასანადგურებელი გახადონ, ეს არავის არ სჭირდება, ეს უნდა იყოს ჭკუით, გამოზომილად და გეგმაზომიერად და რაც მთავარია მიწოდება არ უნდა დაგვიანდეს", - განაცხადა მან.

კითხვაზე როდის შიძლება დაიწყოს უკრაინამ მასობრივი კონტრშეტევა, თუნდაც გარკვეულ რეგიონებზე, კაპანაძემ განაცხადა, რომ კიევმა ხერსონზე სექტემრის შემდგომ შეიძლება იფიქროს, ხოლო ფართომასშტაბიანზე წლის ბოლოსთვის მაინც.

„უკრაინამ ხერსონის მიმართულებაზე ჩემის აზრით სექტემრის შემდგომ შეიძლება იფიქროს. წლის ბოლოსთვის კი შიძლება იფიქროს რაღაცა უფრო ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის განხორციელებაზე. მანამდე არა მგონია, დიდი იმედი მაქვს, რომ ვცდებოდე, მაგრამ რეალურები, რომ ვიყოთ, მანამდე ვერ შეძლებს", - განაცხადა კაპანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×