თამთა ჩაჩანიძე
12.01.2024

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 6 თებერვალს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ თუ ზალომე ზურაბიშვილმა აქცენტი დეოლიგარქიზაციაზე გააკეთა, გამოსვლა შესაძლოა ხმაურიანი აღმოჩნდეს. ამასთან, პრეზიდენტის მოხსენება საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომას ემთხვევა და ექსპერტები ემოციებით სავსე საპარლამენტო სეზონს ელოდებიან.

პრეზიდენტის მოხსენების თარიღთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

„როგორც იცით, პარლამენტის რეგლამენტით, მათ შორის ბოლო ცვლილების საფუძველზე დადგენილია, რომ პრეზიდენტის მოხსენება საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, უნდა შეთანხმდეს პარლამენტის თავმჯდომარესთან. პრეზიდენტმა განაცხადა თანხმობა, რომ ის პირველ სხდომაზე მოვა და შესაბამისად, 6 თებერვალს იქნება მისი ყოველწლიური მოხსენება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ემოციებით სავსე საპარლამენტო სეზონსა და პოლიტიკურ წელს ელოდება „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე, იგი ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევს იმას, რომ გარკვეული გარემოებების გამო, ზურაბიშვილი „ოცნების" მიმართ კრიტიკული იყოს, თუმცა დასძენს, რომ თუ პრეზიდენტი მოხსენებისას დეოლიგარქიზაციის საკითხს შეეხო, შესაძლოა სხდომა ხმაურიანი აღმოჩდეს.

„ყველა ემოციებით სავსე პოლიტიკურ წელს ელოდება. ეს მოსალოდნელი კი არის, მაგრამ არა მგონია ემოციების სიუხვე რაიმე პოლიტიკური შედეგის მატარებელი აღმოჩნდეს. ემოციები იქნება, მაგრამ მეტი არაფერი. რაც შეეხება ზურაბიშვილის გამოსვლას, მეეჭვება, რომ „ოცნების" მიმართ კრიტიკული აღმონდეს, რადგან გარდა ივანიშვილის მესამედ მოსვლისა, ამასობაში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიც ახლახანს მივიღეთ - არის მოვლენები, რომელმაც წესით მის კრიტიკულობას საფუძველი უნდა გამოაცალოს.

„თუ მაინც კრიტიკული იქნა, არის შანსი, რომ ოლიგარქობის თემას ხელი წამოკრას, რადგან ამა თუ იმ ევროპელი პოლიტიკოსების ჯგუფში ივანიშვილის გამოჩენაზე ოლიგარქობა ისევ გაჟღერდა, უმეტესწილად ევროპელების ნათქვამს ეკვროდა ხოლმე პრეზიდენტის პოზიცია და ამიტომ ეს ბოლო ოლიგარქიობის თემაზე ევროპელი პოლიტიკოსების ნათქვამი შეიძლება პრეზიდენტის ტექსტშიც აღმოჩნდეს.

„გარდა ოლიგაქრობის თემისა, სხვა საკითხებში მე ვერ ვხედავ იმის საფუძველს, რომ პრეზიდენტმა რომელიმე თემაზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთოს და შესაბამისად, საქმე სახმაუროდ გაიხადოს. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ამოცანა არა ხმაური, არამედ უფრო ხშირად დასავლეთის ნაბიჯების გამეორებაა", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×