თამთა ჩაჩანიძე
12.01.2024

ხუთშაბათს საგარეო საქმეთა სამინისტროში, დანიის ელჩი ტოფტ სორენსენი განმარტებისთვის იყო დაბარებული, საქმე ეხება დანიურ მედიაში გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხს ეხება და სადაც დიპლომატი აწ უკვე „ოცნების" საპატიო თავჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს.

„ოცნებას" მიაჩნია, რომ ელჩის განცხადება მიმართულია მმართელი პარტიის საწინააღმდეგოდ და „აბსოლუტურად შეუსაბამოა რეალობასთან". ოპოზიცია კი ამბობს, რომ ეს ივანიშვილისთვის „საგანგაშო გზავნილია".

როგორც „ოცნებაში" აცხადებენ, დანიის ელჩმა პოზიცია შეცვალა, რაც მათი აზრით, ეს არის ელჩის მხრიდან „არათანმიმდევრული საქციელი. თავად მიხვდა ან მიახვედრეს, რომ მისი ქმედება ელჩის ქმედებასთან შესაბამისი არ არის".

საუბარია დანიურ გამოცემა Jyllands-Posten-ში ტოფტ სორენსენის საავტორო სტატიაზე, სადაც ელჩი ამბობს, რომ „ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და ქონება რუსეთში დააგროვა". განმარტება გაავრცელა დანიის საელჩომ, სადაც აღნიშნულია, რომ დანიურ მედიაში გამოქვეყნებული სტატიიდან ამოღებული ამონარიდი, კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში.

„როცა უცხო ქვეყნის ელჩი პოლიტიკური მნიშვნელობის ფიგურას ოლიგარქად მოიხსენიებს, სახელმწიფო ინსტიტუტები ვალდებული არიან, მისი ფუნქციები მიუთითონ", - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ქადაგიშვილის თქმით, ელჩმა შეცვალა პოზიცია, რაც არათანმიმდევრული საქციელია.

„სიტყვა ოლიგარქს ისე იყენებთ, რომ მისი სამართლებრივი შეფასება არც კი იცით. როცა უცხო ქვეყნის ელჩი პოლიტიკური მნიშვნელობის ფიგურას ასე მოიხსენიებს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, სახელმწიფო ინსტიტუტები ვალდებული არიან, ელჩს მიუთითონ, რით იწყება და რით სრულდება მისი ფუნქციები საერთაშორისო კანონმდებლობით. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, ამ სახელმწიფოში ელჩი უნდა იყოს და არა - არასამთავრობო ორგანიზაცია. სამწუხაროდ, არცერთი ელჩისგან და არც ოპოზიციის მხრიდან ვანდალურ ქცევაზე არანაირი შეფასება არ გვსმენია. რა თქმა უნდა, ელჩი პოზიციას ცვლის. ეს არის ელჩის მხრიდან არათანმიმდევრული საქციელი. თავად მიხვდა ან მიახვედრეს, რომ მისი ქმედება ელჩის ქმედებასთან შესაბამისი არ არის", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

საკითხზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმაც, მისი თქმით, ეს განცხადება დაპირისპირების ახალ ტალღას აძლევს ბიძგს.

„დანიის ელჩის განცხადება სურვილია, რომ ამ პროცესმა ახალი ძალა და ახალი ნაპერწკალი მიიღოს. სხვანაირად ვერ შევაფასებ მის ამ განცხადებას, რომელიც აბსოლუტურად შეუსაბამოა რეალობასთან. როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ და არ ფიქრობ, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილიც და ამოუგლეჯავიც შეიძლება, საკმაოდ დამაზიანებელი იყოს ისედაც დაძაბულ სიტუაციაში, ესე იგი ან არაპროფესიონალი ხარ ან განზრახ აკეთებ ისეთ რამეს, რასაც გამართლება არა აქვს. ყველაზე უკეთესი თავის მართლება იქნებოდა, ეთქვა, რომ ის პროფესიონალი დიპლომატი არ არის და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, ჩამოყალიბებაზე და გაძლიერებაზე კი არ მუშაობს, არამედ მუშაობს კონკრეტული ადამიანების კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად, ეს გასაგები იქნებოდა", - განაცხადა ვოლსკიმ.

აღნიშნულს გამოხმაურება ჰქონდა ოპოზიციისგანაც, ვრცელი განცხადება გააკეთა „ევროოპტიმისტების დეპუტატმა რომან გოცირიძემ.

„არ არის გამორიცხული ივანიშვილი არჩევნებამდე დასანქცირდეს, რადგან არჩევნებამდე უნდა იქნას შესრულებული ევროკავშირის ვალდებულებები, არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. თუ წინასაარჩევნო გარემო იქნება ისეთივე, როგორც წინა არჩევნების დროს, უკვე ნახევრადლეგალიზებული ივანიშვილი გამოჩენილია პოლიტიკურ არენაზე და ბუნებრივია, პასუხისმგებლობა არჩევნების გაყალბებაზე დაეკისრება მას. არ არის გამორიცხული დასანქცირებული ვიხილოთ, სანამ მოსკოვში წავა, თუკი მართლა წავა. მას ვერდიქტი გამოუტანა ევროპარლამენტმა, როცა თავის რეზოლუციაში ვერდიქტი გამოუტანა და მოსთხოვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს სანქციების დაწესება. მორჩა, ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ვერ წაშლი, ვერსად გადააგდებ. მას შემდეგ, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიწყეს საუბარი და დანიის ელჩი წარმოადგენს დანიის მთავრობას, ეს არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი და საგანგაშო ივანიშვილისთვის. ეს არის გზავნილი, რომ არ გაბედოს არჩევნების გაყალბება და ძალაუფლების მიტაცება 2024 წლის არჩევნებში, ამ 9 რეკომენდაციიდან ნომერ პირველი მოთხოვნა არის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება, ეს არის პირდაპირი მინიშნება, ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი, როცა მთავრობების წარმომადგენლები გააფრთხილებენ დიპლომატიური არხებით. კულუარულად, ალბათ, მიდის მასთან ამაზე საუბარი. მას უახლოვდება სანქციები. სტატუსის მიღებამდე მისი დასანქცირება ნიშნავდა სტატუსის არ მიცემას ქვეყნისთვის, დღეს უკვე სხვა ვითარებაა, დღეს არ იქნება დანდობა, ლოიალური მიდგომა. სტატუსის ჩამორთმევის არც მექანიზმი არსებობს და არც პრაქტიკაში მომხდარა მსგავსი რამ. ამიტომ ევროკავშირი განსაკუთრებით მომთხოვნი იქნება ხელისუფლების და პერსონალურად ივანიშვილის მიმართ", - განაცხადა გოცირიძემ.

„გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი კი ამბობს, რომ დანიის ელჩი უფრო კარგად უნდა ყოფილიყო ინფორმირებული, მისი თქმით ივანიშვილი „ოლიგარქი კი არა, ერთპიროვნული მმართველია".

„დანიის ელჩი ცდება, ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, ის ერთპიროვნული მმართველია. ერთპიროვნული მმართველობა ბევრად უფრო სერიოზული პრობლემაა, ვიდრე ოლიგარქია. ბიძინა ივანიშვილისნაირი ხუთი ადამიანი რომ გვყავდეს, რომლებიც ერთმანეთთან კონკურენციაში იქნებოდნენ თავიანთი პარტიებით და ტელევიზიებით, ბევრად უკეთესი წყობა იქნებოდა, ვიდრე ერთპიროვნული მმართველობა. ალბათ ელჩი უკეთესად უნდა ერკვეოდეს ჩვენს შიდა პოლიტიკურ ამბებში, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე დოკუმენტებს ამზადებს. ვიზიარებ კრიტიკას, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, ის არის ერთპიროვნული მმართველი და პრობლემებს თუ თანამდებობებს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, რათა ზუსტად გვესმოდეს, რაზე ვსაუბრობთ", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×