
„ტყუილებით სავსე რეზოლუცია" - მმართველი პარტია უპრეცედენტო ევრორეზოლუციას ეხმაურება, სადაც ევროპარლამეტი საქართველოს „ქართული ოცნების" „არალეგიტიმური რეჟიმის" მიერ დაპყრობილ სახელმწიფოდ მიიჩნევს. „ოცნებაში" ანონსებენ, რომ „დიფ სტეიტი" ევროკავშირს გაანდაგურებს, ხოლო რეზოლუციაში აღნიშნულ ბრალდებებს „ფანტასმაგორიულს" უწოდებენ.
ოპოზიციაში ევროპარლამენტის რეზოლუციას სრულიად ლეგიტიმურად მიიჩნევენ და ხაზგასმით ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ" დიდი დარტყმის ქვეშ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხიც დააყენა.
„ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღება უნდოდათ, მაგრამ ფანტასმაგორია მიიღეს" - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი გუშინდელ რეზოლუციას „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ". ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ „საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლოა მიღწეულ იქნას მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით".
„ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ რეზოლუცია „ცრუ ბრალდებებზეა აგებული" და ევროპარლამენტარებს „დიფ სტეიტის" აღმოფხვრას თხოვენ.
„ჩვენი მხრივ, დღეს მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ ან „დიფ სტეიტი" გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს მის" გავლენას," - აღნიშნულია „ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.
„ოცნება" ევროპარლამენტს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები თვითონ ევროპული ინსტიტუტების დისკრედიტაციას უწყობს ხელს.
„დოკუმენტში არის არაერთი დეზინფორმაცია, ტყუილი, საქართველოს ხელისუფლებასა და ზოგადად, საქართველოზე უსამართლო შეტევა. თავად ევროკავშირისა და ევროპის ინსტიტუტებმა არაერთხელ ამხილეს ტყუილში ევროპარლამენტის რეზოლუციები. ტყუილებით სავსე რეზოლუციების მიღებით ევროპარლამენტი საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს. ამ დოკუმენტს ჩვენთვის ფასი არა აქვს!" - ასე ეხმაურება ევროპარლამნეტის მიერ მიღებულ დოკუმენტს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.
„რეზოლუცია არის ცარიელი ქაღალდი, ცარიელი სიტყვები და მას არანაირი ფასი არა აქვს - ფასი და სამართლებრივი ძალა არა აქვს თავად ევროკავშირისათვის, რადგან ის შესასრულებლად სავალდებულო არ არის!" - დასძინა მახაშვილმა.
„ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღება უნდოდათ, მაგრამ ფანტასმაგორია მიიღეს," - ასე აფასებს რეზოლუციის კრიტიკულ დოკუმენტს „ქართული ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი. იონათამიშვილი ხაზს უსვამს, რომ ევროპარალმანეტისს რეზოლუცია მათ მხარდამჭერებს კრიმინალური სისტემის თანამზრახველებად აქცევს.
„სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა მის და „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილი დანაშაულების თანამზრახველობას ნიშნავს. ამიტომ თითოეულმა მათგანმა, ვიდრე პროვოკაციას აჰყვება, კარგად უნდა გაათვიცნობიეროს, თუ ვის და რას უჭერს სინამდვილეში მხარს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
„რეზოლუციები = დიდი ფულის დაკარგვას"
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის თითოეული რეზოლუცია „ივანიშვილს დიდ ფულად დაუჯდა". შესაბამისად, „ოცნების" რიტორიკა, რომ მათთვის რეზოლუციებს „ჩალის ფასი აქვს", აბსურდია.
„რაც არ უნდა იძახოს ივანიშვილის რეჟიმმა, რომ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს, როგორც ჩანს, ეს ჩალა გაძვირებულია, რადგან თითოეული რეზოლუცია ივანიშვილს დიდ ფულად დაუჯდა - პროცესი შეუქცევადად წავა, თუ ივანიშვილი ახალ არჩევნებს არ დათმობს", - თქვა პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა თეონა აქუბარდიამ.
მან ისაუბრა რეზოლუციის ძირითადი მიზანზე და აღნიშნა, რომ მთავარი „სანქციების ხაზის გაფართოებაა", რომელიც მოიცავს არა მარტო ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს, არამედ ბიზნესმენებსა და პროპაგანდისტებსაც, რომლებიც რეჟიმის გაძიერებას ცდილობენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ოცნების" წევრებს სანქციების ეშინიათ, თუმცა ამაზე არ საუბრობენ, რადგან „ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ ივანიშვილი რაღაცას მოიფიქრებს".
„სრულად ნათლად ჩანს, რომ ევროპარლამენტი მაქსიმალურად ცდილობს, საქართველოს მოქალაქეებს არ შეახოს ის, რაც უნდა შეახოს ხელისუფლებასა და მის წარმომადგენლებს. იმედი მაქვს, რომ მოწოდება დარჩება მოწოდებად და სწორედ საქართველოს მოქალაქეები გავიაზრებთ იმას, რომ ევროპას ჩვენი ვალი არაფერი არ აქვს და ევროპა უვიზოდ შესვლის უფლებას აძლევს მეგობარი, კეთილგანწყობილი ქვეყნის წარმომადგენლებს, ისე, როგორც ჩვენ ვიზამდით - ჩვენ საქართველოში უვიზოდ შემოვუშვებდით ისეთი ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც ყოველდღიურად გვაკნინებს, გვაგინებს, ომის გამჩაღებელს გვეძახის, გვატყუებს და ჩვენს ინსტიტუტებს შეურაცხყოფს", - განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ" დარტყმის ქვეშ დააყენა ვიზალიბერალიზაციის საკითხიც. ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს რუსული ოცნების იზოლაციონისტური პოლიტიკის გამო! ახალი არჩევნები გარდაუვალი და უალტერნატივო გამოსავალია ამ ღრმა კონსტიტუციურ-პოლიტიკური კრიზისიდან!" - წერს მამუკა ხაზარაძე.
მმართველ პარტიაში ოპოზიციის რეაქციასაც აფასებენ და მათ ქმედებებს „სახელმწიფოზე შეტევის ანატომიას" უწოდებენ.
„ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქცია არის დადასტურება იმისა, თუ როგორ უხარიათ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტევა და შტურმი. მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები დიდი ხანია პარტიულ-პოლიტიკურ საქმიანობას გასცდა და არის პირდაპირ სახელმწიფოზე შეტევის ანატომია. როდესაც შენ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს - ვიზალიბერალიზაციას თუ ნებისმიერ სხვა მიღწევას უტევ, ამით საკუთარი სახელმწიფოს და მოსახლეობის წინააღმდეგ იბრძვი", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.