
თითქმის 3-თვიანი უწყვეტი პროტესტის ფონზე, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხელისუფლებამ პროტესტის მინიმალიზებისათვის ახალი სგრატეგია აირჩია - აქციის მონაწილეთა მასობრივი დაჯარიმება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ამით ცდილობს იმ ფონდებისთვის თანხების შემცირებას, რომელიც აქციებისთვის არის გამოყოფილი და რაც თავისთავად გამოიწვევს პროტესტის შეწყვეტას.
„სრულიად ლოგიკური ვერსიაა, რომ ხელისუფლება ცდილობს ჯარიმების გზით აქციისთვის გამოყოფილი თანხები შეამციროს, რადგან, წესით, მას აქციის შეწყვეტა უნდა სურდეს", - განაცხადა ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ ამ თემაზე „რეზონანსთან" საუბრისას.
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი კი მიიჩნევს, რომ ამან, შესაძლოა, პროტესტის მასშტაბებზე არ იმოქმედოს, რადგან ჯარიმების გასაჩივრების პროცესი დროში გაიწლება და შემდეგ არავინ იცის რა მოხდება:
„სანამ უშუალოდ ჯარიმის ამოღებამდე მივა საქმე, მათ უნდა გაიარონ სასამრთლოს ყველა ინსტაცია. ვინაიდან დაჯარიმებული ძალიან ბევრია, სასამართლოებზე სერიოზული დატვირთა იქნება და შეიძლება დიდხანსაც გაიჭიმოს. ამასობაში კაცმა არ იცის რა იქნება, რომ იტყვიან - ან ვირი, ან ვირის პატრონიო..."
ხელისუფლების ოპონენტები აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ მაქსიმალურად გააჭიანურონ ჯარიმის გადახდა - გაასაჩივრონ ჯარიმები და ა.შ. ეს საჭიროა იმის გამო, რომ აქციის მონაწილეთა თანადგომის ფონდი, რომელმაც თავის თავზე აიღო ამ ჯარიმების გადახდა, ამას პრაქტიკულად ვეღარ ახერხებს და საჭიროა გარკვეული დრო, რათა სხვადასხვა შემოწირულობებით ეს ფონდი შეივსოს.
„თხოვნით მივმართავთ ყველა დაჯარიმებულ პირს, რომ ჩვენი თანადგომის პარალელურად, აუცილებლად გაასაჩივრონ დაკისრებული ჯარიმები ყველა შესაბამის ინსტანციაში. ეს პროცესი ფონდებს დამატებით დროს მისცემს საჭირო ფინანსური რესურსების მოსაზიდად და ამავდროულად, ტვირთად დააწვება სისტემას, რომელიც მსგავსი მეთოდებით ცდილობს ზეწოლას მოქალაქეებზე", - ნათქვამია აქციების დროს დაზარალებულთა დახმარების ფონდების ერთობლივ განცხადებაში.
პლატფორმა Freebusiness-ის დამფუძნებელის, გიორგი ჩუგოშვილის განცხადებით: „საქართველოში არის ბევრი ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება დემოკრატიის განვითარებას. არის ფონდები, რომლებიც დაზარალაბულებს გვერდში უდგას და ჯარიმების გადახდაში ეხმარება. შეიძლება საზოგადოებისთვის იმდენად ცნობილი არ იყოს, თუმცა მათ უმეტესობას ახლა მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვთ".
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე კი სოციალურ ქსელში წერს, რომ „5000-ლარიანი სანქცია, ანუ 19-ჯერ მეტი, ვიდრე საარსებო მინიმუმია, სისხლის სამართლებრივ დასჯას უთანაბრდება და აშკარად არაპროპორციულია".
„დაჯარიმება 5000 ლარით იმ საფუძვლით, რომ გზა უკანონოდ გადაიკეტა, რადგან ხალხის რაოდენობა არ იყო საკმარისი, არის კონსტიტუციის დარღვევა.
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონი ფორმალურად ირღვევა, არაძალადობრივი ქცევა/პროტესტი სისხლის სამართლებრივ დასჯას არ უნდა დაექვემდებაროს.
„5000-ლარიანი სანქცია, ანუ 19-ჯერ მეტი, ვიდრე საარსებო მინიმუმია, სისხლის სამართლებრივ დასჯას უთანაბრდება და აშკარად არაპროპორციულია.
„ამ პრინციპების შესახებ ძალიან კარგად იცის ყველა მოსამართლემ და ამ არაადამიანური სამართალდარღვევათა კოდექსის პირობებშიც შეუძლიათ გამოსავლის პოვნა და ამ დასჯის არგამოყენება. თუმცა, ამ საქმის განმხილველი მოსამართლეები მოსამართლის მანტიას ტყუილად ატარებენ და ყოველდღე ასობით მოქალაქე საკუთარი გამოცდილებით რწმუნდება, რომ სასამართლო არ არსებობს", - წერს ნონა ქურდოვანიძე სოციალურ.
დავით ზურაბიშვილის აზრით, ამ გზით „ქართული ოცნება" ცდილობს საპროტესტო აქციების შეწყვეტას, თუმცა, მისივე ვარაუდით, ხელისუფლება სასურველ შედეგს ვერ დადებს.
„რა მიზანს ემსახურება „ქართული ოცნება" ამ ჯარიმებით, ალბათ ყველასთვის ცხადია და მე აქ ორიგანალური ვერ ვიქნები. ხელისუფლების მიზანია აქციის მონაწილეები დააშინონ, დააფრთხონ, სახლში დასვან და როგორმე ეს აქციები შეაწყვეტინონ. ვინაიდან ამ ბრუტალურმა დარბევებმა საზოგადოებაში და მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია, ახლა ამ მეთოდებით ცდილობს პროტესტის შემცირებას. თუმცა, ვფიქრობ, მიზანს ვერ მიაღწევენ.
„რა თქმა უნდა, ყოველდღე ისეთი ხალხმრავალი აქციები ვერ იქნება, მაგრამ ხალხი მაინც მობილიზებულია. ამას პლუს არის გასაჩივრების მექანიზმი. ანუ თუ ყველა გაასაჩივრებს, ვინც დაჯარიმებულია, სანამ უშუალოდ ჯარიმის ამოღებამდე მივა საქმე, მათ უნდა გაიარონ სასამრთლოს ყველა ინსტაცია. ვინაიდან დაჯარიმებულები ძალიან ბევრია, სასამართლოებზე სერიოზული დატვირთა იქნება და შეიძლება დიდხანსაც გაიჭიმოს. ამასობაში კი კაცმა არ იცის რა იქნება, რომ იტყვიან - ან ვირი, ან ვირის პატრონიო.
„ასე რომ, გასაგებია ეს რისთვისაც არის მიმართული, მაგრამ არ მგონია ამან ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგი გამოიღოს", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".
რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ აქციის შეწყვეტა არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ საზოგადოების დიდ ნაწილსაც უნდა. როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა ჯარიმების მეთოდმა აქციები მთლიანად ვერ ჩაახშოს, თუმცა პროტესტის მასშტაბების შემცირებას ხელს შეუწყობს.
„სრულიად ლოგიკური ვერსიაა, რომ ხელისუფლება ცდილობს ჯარიმების გზით აქციისთვის გამოყოფილი თანხები შეამციროს, რადგან წესით, მას აქციის შეწყვეტა უნდა სურდეს. ხელისუფლება კი არა, ალბათ საზოგადოების დიდ ნაწილსაც უნდა აქციის შეწყვეტა. ეს არ ნიშნავს ოპოზიციონორობის შეწყვეტას. დემოკრატიულ ქვეყანაში ოპოზიციონორობას აქვს თავის გამოვლენის ისეთი საშუალება, როგორიცაა უმაღლესი პოლიტიკური ორგანო, პარლამენტი და არ ჯობია, რომ ამ გზით წავიდეს ოპოზიცია? იმიტომ, რომ ოპოზიციამ, ამ საპროტესტო აქციების გადამკიდე, ერთი შეხევდით სრულიად გაუგებარი გზა აირჩია. უკეთესი არ იქნება, რომ დაუბრუნდეს საპარლამენტო ცხოვრებას და იქიდან აკეთოს საქმე? უფრო მეტი რესურსი და ინფორმაციები ექნება. ეს იმ შემთხვევაში, თუ ვთვლით, რომ ქართული ოპოზიცია არის ოპოზიცია.
„ყური გაცვდა, მაგრამ ხომ ხედავთ ჯეფრი საქსმა ეუთოს ტრიბუნიდან რა თქვა? - რასაც ახლა საქართველოს უკეთებენ, ძალიან ცუდია საქართველოსთვის და წესით, ევროპელები არ უნდა ჩავიდნენ საქართველოშიო. ის, რომ უცხოელები საქართველოს ებრძვიან, ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა, ეს უფრო დიდი ბრძოლაა კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის. საქართველოს ებრძვიან როგორც ერთ-ერთ ქვეყანას, რომელიც კონსერვატორების მხარეს დგას. სწორედ აქ ვართ მოყოლილი. მათი სურვილია საქართველოში, რუმინეთში და სხვა ქვეყნებში გამარჯვებული იყოს ლიბერალური ჯგუფები. რუმენეთში არჩევნები გააუქმეს და აქ ცდილობენ შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენთანაც გასაუქმებელია. აბსოლუტურად ერთი და იგივე პროცესია.
„ხელისუფლების ახალი მეთოდი - აქციის მონაწილეების დაჯარიმება - ხელს შეუწყობს პროტესტის შემცირებას. აქციის სრულიად ჩახშობა ძნელი წარმოსადგენია, ჯერჯერობით ტემპერატურამ აიწია და ბევრი ადამიანი თავს მოვალეთ თვლის პროტესტში მონაწილეობა მიიღოს. ახლა აქციებში მონაწილეობა ცოტა მოდის სახეს იძენს - იქ ღამე გასეირნება, ერთმანეთს ხვდებიან, თავისუფლების განცდა აქვთ და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ცუდ საქმეს ხმარდება იმ მხრივ, რომ ქვეყანაში იქმნება არასტაბილურობის სურათი? ახლა უხსენი ყველა უცხოელს, რომ მარტო ღამე ხდება, პროცენტულად მცირეა და ა.შ. უცხოელები საქართველში ფულს აღარ ჩადებენ", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".