მარიამ ვეკუა
23.02.2025

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის, მთავრობა „დიდი ცვლილებების მოლოდინშია" - გერმანიაში ვადამდელი არჩევნები ტარდება. გამოკვეთილ ლიდერებს შორის წამყვან ადგილს ულტრამემარჯვენე პარტიაც იკავებს, რომელიც მისი ანტიევროპული მოწოდებებითაა ცნობილი. ადგილობრივ მედიაში წერენ, რომ არსებობს საფრთხე, გერმანიაში „ნაცისტური სცენარი" კვლავ გათამაშდეს, თუ აღნიშნული პარტია უმრავლესობას მოიპოვებს.

გერმანელი ხალხი 21-ე ბუნდესტაგის 630 წევრის ასარჩევად ემზადება. ეს არის მეოთხე ვადამდელი არჩევნები, რომელიც გერმანიის ომის შემდგომი ფედერაციული რესპუბლიკის ისტორიაში ტარდება.

2025 წლის არჩევნებს, სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ოთხი გამოკვეთილი პარტია ჰყავს: „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა" და „ქრისტიან-დემოკრატიული სოციალური კავშირის" ალიანსი, რომლის ლიდერიც ფრიდრიხ მერცია, 30%-ით პირველ ადგილს იკავებს; მეორე ადგილზეა „ალტერნატივა გერმანიისთვის" ალის ვაიდელის ხელმძღვანელობი - 21%; მესამეზე „სოციალ-დემოკრატები" ინაწილებენ, რომელთა ლიდერიც მოქმედი კანცლერი ოლაფ შოლცია - 16%-ია; მმართველ პარტიას სამი პროცენტით ჩამორჩება მეოთხე ადგილზე მყოფი „მწვანეები", რომელთა ლიდერიც ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკია.

არჩევნების ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, შეძლებს თუ არა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" ძალაუფლების ხელში აღებას და დააყენებს თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ ძველი გერმანული ისტორიის განმეორებას.

შეგახსენებთ, რომ პარტიამ მოიპოვა დონალდ ტრამპის ყველაზე გავლენიანი მრჩევლის, ილონ მასკის მხარდაჭერა, ხოლო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ახლახამს მიუნხენის კონფერენციაზე პირადად შეხვდა აღნიშნული პარტიის ლიდერს და ამავდროულად ევროპელი ლიდერებიც მკაცრად გააკრიტიკა ულტრამემარჯვენე პარტიებთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო.

გერმანული გამოცემები კი წერენ, რომ არჩევნებზე ულტრამემარჯვენე პარტიის წარმატების შემთხვევაში, მათმა ექსტრემისტულმა მოწოდებებმა ქვეყანაში შეიძლება დააბრუნოს ნაცისტური პოლიტიკის კომპონენტები.

რატომ იზრდება ულტრამემარჯვენე განწყობები

ოქსფორდის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების პროფესორი ტიმოთი გარტონ ეში იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომლებიც გერმანიას ემუქრება. მისი თქმით, არც კი უნდა შეფასდეს ულტრამემარჯვენე პარტიის თითქმის 20%-იანი მხარდაჭერა, რადგან აღნიშნული პარტიის წარმომადგენლები დევნიან მიგრანტებს, ქადაგებენ ევროს დასრულებასა და გერმანული მარკის აღდგენას, ხოლო სახელმწიფოს ევროკავშირის დატოვებისკენ მოუწოდებენ:

„ამჟამინდელი გამოკითხვის თანახმად, ყოველი მეხუთე ამომრჩეველი მხარს უჭერს პარტიას, რომელიც ულტრამემარჯვენე ფრთას წარმოადგენს. ისინი დევნიან მიგრანტებს და მათ შორის მათაც, ვინც შესაძლოა უკვე მოქალაქეა; ღიად ამბობენ, რომ ევროს არსებობას დაასრულებენ და გერმანულ მარკას აღადგენენ. ეს საშინელებაა და ვფიქრობ, რომ ეს საერთოდ არც უნდა შეფასდეს, თუმცა საფრთხე რეალურია."

აღმოსავლეთ გერმანიისა და გერმანიის იმპერიის შესახებ ბესტსელერების ავტორი, ისტორიკოსი კატია ჰოიერი საუბრობს გერმანული პოლიტიკური სისტემის წყობაზე. მისი თქმით, ულტრამემარჯვენე პარტიამაც კი ყოველთვის უნდა ითანამშრომლოს ვინმესთან, რათა მიიღოს უმრავლესობა პარლამენტში და რაიმე დააკანონოს:

„თუნდაც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, მათი ექსტრემიზმი ყოველთვის შემცირდება რაიმე ფორმით. რაც შეეხება საფრთხეს, ვფიქრობ, უფრო მეტად ვაზვიადებთ და გვეშინია, რადგან გერმანელმა ხალხმა იცის 1930-იანი წლების ისტორია და ამის განმეორებას არასდროს დაუშვებს."

ჯეიმს ჰოუზი, ბესტსელერს „გერმანიის უმოკლესი ისტორია" ავტორი, ამბობს, რომ გერმანიას ჰყავს უდიდესი და უძლიერესი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც აძლევს საშუალებას, სხვა პარტიებთან ერთად იმუშაონ:

„გარკვეული თვალსაზრისით, არ აქვს მნიშვნელობა, სამი ან ოთხი პარტიიდან რომელს მისცემთ ხმას, რადგან ისინი იზიარებენ ყოვლისმომცველ ერთგულებას და მართლაც მნიშვნელოვან ძირითად ღირებულებებს. მათ შეუძლიათ ერთად მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა შეთავაზებები არსებობს, გერმანიის პოლიტიკას აქვს უზარმაზარი ცენტრი."

კატია ჰოიერი აცხადებს, რომ გერმანიას ცივი ომის შემდეგ მუდმივად ჰქონდა ორი არჩევანი - ხმა მიეცა კონსერვატიული პარტიისთვის, ან მოდერნიზაციისთვის მხოლოდ სოციალ-დემოკრატიული პარტიის პირობებში. ჰოიერის თქმით, ხალხი რეალურად ფიქრობს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს არჩევნებზე, მაინც ულტრამემარცხენე ცენტრს მიიღებს და სწორედ ამითაა უკმაყოფილო.

„ხალხიც ულტრამემარჯვენე ფრთას „ალტერნატივას" უწოდებს, რადგან ისინი თავს ერთადერთ ოპოზიციად წარმოაჩენენ. როდესაც ხალხი არ არის კმაყოფილი სტატუს კვოთი და სხვა არჩევანიც არ აქვს, დაინახავთ, რომ ულტრამემარჯვენე ოპოზიციის მხარდაჭერაც იზრდება."

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის" 20-21%-იან მხარდაჭერა კიდევ ერთი მიზეზი აქვს - მისი გამოკვეთილი ლიდერი და პროფესიონალი პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ილონ მასკთანაც შეუძლია საერთო ენის გამონახვა.

„სახიფათო ქალი ლიდერი"

კატია ჰოიერი: „ვფიქრობ, სწორედ ქალი ლიდერი ხდის პარტიას სახიფათოს - მას შეუძლია გერმანიის საზღვრებს მიღმა წარმოაჩინოს AfD-ის უფრო ზომიერი მხარე, რადგან ის საკმაოდ კარგად საუბრობს ინგლისურად.

„მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ის საკუთარ პარტიაში უმცირესობაშია, მიუხედავად იმისა, რომ ლიდერია. იგი ცდილობდა პარტიის მანიფესტიდან ამოეღო „მიგრაციის" ტერმინი, რადგან მიიჩნია, რომ ეს ძალიან ექსტრემალური იყო და კონსერვატორებთან კოალიციის შეკვრას შეუძლებელს ხდიდა. თუმცა მან ეს გეგმა ვერ განახორციელა და „მიგრაციის" ტერმინი მანიფესტში კვლავ დაბრუნდა.

„იგივე ეხება სხვა საკითხებს, მაგალითად, როგორიცაა ოჯახის კონცეფციის განმარტება. მან ამოიღო ცალკეული ექსტრემისტული განსაზღვრებები, თუმცა ისინი კვლავ დააბრუნეს მიუხედავად იმისა, რომ მისი პოზიცია არ ემთხვევა პარტიის ძირითად ხედვებს.

„მან იცის, რა უნდა თქვას და რა გააკეთოს, რომ დარჩეს ხელისუფლებაში და ეს, ჩემი აზრით, საკმაოდ საშიშია. თუ ისტორიას გადავხედავთ, არსებობს უამრავი მსგავსი მაგალითი, სადაც იდეოლოგიური მოქნილობა წარმატებული ლიდერობის წინაპირობაა", - აღნიშნა ჰოიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×