რუსეთში „აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის მოქალაქე სომხების შევიწროების“ გამო გამოძიება დაიწყეს
თამთა ჩაჩანიძე
23.02.2025

ოკუპირებულ აფხაზეთში 1-ლ მარტს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პირველი ტურში, რომელიც 15 თებერვალს ჩატარდა, ხუთი ე.წ. კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ შეძლო 50%-იანი ბარიერის გადალახვა, თუმცა გამოიკვეთა ორი ლიდერი, რომლებიც მეორე ტურში გავიდნენ - ყოფილი „ვიცე-პრეზიდენტი" ბადრა გუნბა (46.38%) და ოპოზიციონერი ლიდერი ადგურ არძინბა (36.92%). გარდა ამისა, პირველი ტურის შედეგები აფხაზეთში საკმაოდ მწვავე შიდა ეთნიკური დაპირისპირების მიზეზიც გახდა.

პირველი ტურის შემდეგ არძინბას მომხრეებმა ღიად დაიწყეს აფხაზეთში მცხოვრები სომხების დადანაშაულება იმაში, რომ მათ პრინციპულად არ დაუჭირეს მხარი არძნბას და ბიულეტენებში გუნბა შემოხაზეს. რამდენად შეესაბამება რეალობას ასეთი ბრალდებები, ძნელი სათქმელია, თუმცა,გამორიცხული არაა სომხური დიასპორის განწყობაზე გავლენა მოეხდინა არძინბას წინააღმდეგ რუსული პროპაგანდის მიერ აგორებულ „შავ პიარს" და მის პროთურქ კანდიდატად წარმოჩენის მცდელობას.

აქედან გამომდინარე კი გამორიცხული არაა, სომხების ასეთი პოზიციის გამო, 1-ლ მარტსაც გუნბამ გაიმარჯვოს. როგორც „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, შესაძლოა ამის შემდეგ უფრო გამწვავდეს ვითარება და აფხაზურ საზოგადოებაში არსებული ანტისომხური განწყობები უკვე კონკრეტულ ქმედებებში აისახოს.

ამასთან, ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ამის მერე საქმე იქამდეც კი მივიდეს, რომ ეთნიკურ სომხებს ხმის უფლებაც კი ჩამოართვან.

რაც შეეხება კრემლის პოზიციას, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმეც კი აღძრა რუსეთის მოქალაქე ეთნიკური სომხების შევიწროების მოტივით, რასაც, ზაქარეიშვილის შეფასებით, ცეცხლზე ნავთის დასხმის ეფექტი აქვს.

როგორ და რატომ დაიძაბა სიტუაცია

აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი არჩევნების საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც გასული წლის ნოემბერში მწვავე აქციების შემდეგ, ასლან ბჟანია გადადგა დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობიდან. ეს იყო დე ფაქტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ნაწილი, რომელიც 19 ნოემბერს შედგა, რომლის მიხედვით ბჟანიას გარდა თანამდებობა დატოვეს „პრემიერ-მინისტრმა" ალექსანდრ ანქვამბა, ე.წ. სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსმადიმიტრი დბარმა. დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაეკისრა „ვიცე პრეზიდენტ" ბადრა გუნბას, ხოლო ალექსანდრე ანქვაბი „პრემიერ მინისტრის" პოსტსზე შეცვალა „მთავრობის" ყოფილმა ხელმძღვანელმა ვალერი ბგანგბამ.

პირველი ტურის შემდეგ კი არძნბას მხარდამჭერები ღიად დაუპირისპირდნენ აფხაზეთში მცხოვრებ ეროვნებით სომეხ მოქალაქეებს. წერდნენ, რომ სომხური დიასპორის თითქმის 95%-მა კოორდინირებულად და წინასწარ შეთანხმებით მიზანმიმართულად მისცა ხმა ბადრა გუნბას, რამაც გაგაპირობა კიდეც მისი პირველი ადგილი და მეორე ტურში გასვლა. ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში სერიოზული პოლემიკა იყო გაჩაღებული, რომელსაც არც მწვავე ლექსიკა ახლდა. ღიად კეთდებოდა ანტისომხური განცხადებები და მათი დასჯის მოწოდებები. ასევე გავრცელდა ცნობები, რომ ეთნიკურ ნიადაგზე გაგრასა და სოხუმში მცირე ინციდენტები და ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოხდა.

გარდა ამისა, როგორც აფხაზური „ტელეგრამ" არხები წერენ, ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ადგურ არძინბა დე ფაქტო მთავრობას შეთანხმების დარღვევაშიც ადანაშაულებს, რადგან ოპოზიციას და დე ფაქტო ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ბჟანიას გადადგომის მერე, ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობა „ვიცე-პრეზიდენტ" გუნბას უნდა შეესრულებინა, მან კი „საპრეზიდენტო არჩევნებში" მონაწილეობა გადაწყვიტა, ხოლო ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ახლა ვალერი ბგანბა ასრულებს. არძინბა აცხადებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ „საარჩევნო პროცესში, რაც კანონდარღვევაა". მისივე თქმით, 15 თებერვალს საარჩევნო უბნებთან ათობით შეიარაღებული პირი იმყოფებოდა, რომლებიც „აფხაზეთის მოქალაქეები არ არიან".

ამასთან, 19 ნოემბრის შეთანხმების მიხედვით, ე.წ. არჩევნებამდე „მთავრობაში" საკადრო ცვლილებებიც არ უნდა ყოფილიყო, თუმცა ბგანბამ ესეც დაარღვია და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დმიტრი კუჩუბერია თანამდებობიდან გაათავისუფლა, რაც სწორედ ანტისომხური განწყობების ზრდასთანაა დაკავშირებული.

აღსანიშნავია, რომ აფხაზური მედიის ცნობით, ამავე მიზეზით ბგანბა ე.წ. შს მინისტრის, რობერტ კიუტის გადაყენებასაც აპირებდა, თუმცა, პროტესტის გამო, რომელშიც მათ შორის პოლიციელებიც მონაწილეობდნენ, უკან დაიხია.

როგორც აფხაზური ე.წ. სამთავრობო მედია წერს, კუჩუბერიას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის გამოძიების დაწყებაზე მის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა. ამ ჩანაწერში კი ბგანბას ძმისშვილი ფიგურირებს.

კრიზისი გაცილებით შორს წავიდა - რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოკუპირებულ აფხაზეთში გამოძიება დაიწყო. ოფიციალური მიზეზი აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების, ძირითადად სომხების, ეთნიკურ ნიადაგზე შევიწროვების ფაქტები გახდა. კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ბასტრიკინმა ვითარება პირად კონტროლზე აიყვანა და ბრძანება გასცა, რომ შეისწავლონ „ადგილობრივი რუსეთის მოქალაქეების მიმართ მუქარის შესახებ ინფორმაცია". კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი სვეტლანა პეტრენკო კი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ძალადობის მუქარა აფხაზეთისა და რუსეთის სომეხი ეროვნების მოქალაქეების მიმართ დაფიქსირდა, რადგან კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ ხმის იძულებით მიცემის ფაქტებს ჰქონდა ადგილი".

ვითარების დაწყნარება თავად „მეორე ტურში" გასულმა ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატებმა სცადეს. ბადრა გუნბამ და ადგურ არძინბამ 21 თებერვალს შეთანხმება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, „მხოლოდ აფხაზ ხალხს შეუძლია გადაწყვიტოს აფხაზეთის მომავალი და ამას ყველამ პატივი უნდა სცეს" და, რომ ე.წ. კანდიდატები „ოპონენტენის მიმართ ცილისწამების, დისკრედიტაციის და „შავი პიარის" გამოყენებას მიუღებლად მიიჩნევენ და საარჩევნო პროცესს მხოლოდ სამართლიან კონკურენციაზე, იდეებზე და პროგრამებზე ააგებენ".

ე.წ. კანდიდატები აფხაზეთში სხვადასხვა ეროვნებებს შორის შუღლის გაღვივების მცდელობებს პროვოკაციებს უწოდებენ, დესტაბილიზაციისა და არეულობისკენ მოწოდებები, ასევე საარჩევნო პროცესის დროს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მიუღებლად მიაჩნიათ და ასევე აღნიშნავენ, რომ არც ერთი მესამე ძალის წარმომადგენლები ისინი არ არიან.

ერთობლივ დოკუმენტში ეს ბოლო ჩანაწერი, სავარაუდოდ, იმის გამო გაჩნდა, რომ რუსული პროპაგანდა „პრეზიდენტობის კანდიდატ" ადგურ არძინბას პროთურქ კანდიდატად წარმოაჩენს. ინტერნეტში გავრცელდა კიდეც სხვადასხვა ცნობები ამასთან დაავშირებით და, მათ შორის არძნბას თურქეთის პასპორტიც, თუმცა თავად არძინბა აცხადებს, რომ ყველა ეს ინფორმაცია ყალბია და არანაირი თურქული პასპოტი მას არ აქვს.

შესაძლო სცენარები

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დაკონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბადრა გუნბას 1-ლ მარტს გამარჯვების შანსი აქვს, თუმცა, მერე შეიძლება ამას ქუჩის პროტესტი მოჰყვეს და გამოვიდეს ზუსტად ის ხალხი, რომლებმაც შარშან შემოდგომაზე ის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტის პოსტიდან ჩამოაგდეს.

„აშკარად ყველა მონაცემით გუნბას გამარჯვების მეტი შანსი აქვს. გამარჯვება ერთია, მაგრამ მთავარია მერე როგორ შეინარჩუნებს ამას, რადგან გამორიცხული არაა, რომ ის ხალხი, ვინც წაგებულად ჩათვლის თავს - არძინბას მომხრეები - მერე ქუჩაში არ გამოვიდნენ. სწორედ ამ ხალხმა ჩამოაგდო გუნბა, როცა თავის დროზე დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი იყო და ბჟანია პრეზიდენტი.

„ამით შეიძლება არ დამთავრდეს ეს ისტორია, რადგან იმ ხალხმა ბჟანია და გუნბა ტყუილად არ ჩამოაგდო, რომ გუნბა ხელახლა აიტანონ. ამ ფონზე, აშკარად ჩანს, რომ ეთნიკური სომხები მხარს უჭერენ გუნბას, რადგან ეშინიათ და ჰგონიათ, რომ არძინბა პროთურქია, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. თურქეთს აფხაზეთში არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ აქვს - ძალიან კორექტულად იქცევა და აფხაზეთის მიმართულებით არ ერევა არც რუსეთის და არც საქართველოს საქმეებში, ამითომ ეს არის სრული სიცრუე და შიდაპოლიტიკური კონტქესტიდან გამომდინარეა.

„ეთნიკური სომხები გუნბას აძლევენ ხმას, მაგრამ ისინი არ არიან მზად გამოვიდნენ ქუჩაში გუნბას დასაცავად. ეთნიკური აფხაზები კი მზად არიან გამოვიდნენ ქუჩაში არძინბას დასაცავად. ქუჩის აქციების შემთხვევაში, ძალები სულ სხვანაირად დალაგდება, ვიდრე არჩევნების დროს.

„თავისთავად ის, რომ სომხებს აფხაზეთში უფლებამოსილ პირებად არ თვლიან, რომ მათ არჩევნებში თავისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღონ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ღრმა კრიზისზე მეტყველებს სახელმწიფოებრივობის მიმართულებით - რა სახელმწიფოზეც არ უნდა იყოს ლაპარაკი, აღიარებულია თუ არა - როცა შენი მოსახლეობის ნაწილს ვერ იტან და შენი მოქალაქეების გადაწყვეტილებას მიუღებლად მიიჩნევ.

„თავის დროზე ასე გაუკეთეს ეთნიკურ ქართველებს - გალელებს, ანუ რუსების მიერ კონტრიოლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველებს ხმის უფლება ჩამოართვეს. ახლაც რაღაც აქეთკენ მიდიან, რომ შესაძლოა მომავალში სომხებსაც ჩამოართვან ხმის უფლება.

„სახელმწიფოს მშენებლობაზე ძალიან უცნაური წარმოდგენა აქვთ. ერთის მხრივ პრეტენზია აქვთ, რომ სახელმწიფო არიან და მეორეს მხრივ კი ასე უსწორდებიან და მეორეხარისხოვან ადამიანებად აქცევენ ეთნიკურად განსხვავებულ ადამიანებს. ეს უფრო ღრმა კრიზისზე მეტყველებს, ვიდრე საარჩევნო კრიზისია და გამორიცხული არაა, თუ ეთნიკური აფხაზები დარწმუნდებიან, რომ გუნბას გაყვანაში ლომის წილი ეთნიკურ სომხებს ეკუთვნით, პირველ რიგში სომხების უფრო მეტდა შევიწრივება დაიწყონ; და, მეორე, მათთვის შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდეს მეორე ტურის შედეგები და წავიდნენ ხელახალ გამწვავებაზე",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კითხვაზე, ახლა რა ხდება აფხაზებსა და ეთნიკურ სომხებს შორის, ზაქარეიშვილმა გვითხრა:

„უფრო მეტად გაუცხოვებაა, ვიდრე დაძაბულობა. დაძაბულობა უფრო გარკვეულ პირებს შორისაა, მაგრამ უფრო უცნაური ისაა, რომ რუსეთმა ამ ცეცხლს კიდევ ნავთი დაასხა - იმ ეთნიკური აფხაზების წინააღმდეგ აღძრა საქმე, ვინც შემჩნეული არიან სომხების შევიწროებაში, რადგან მათი (სომხების) უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა. რუსეთმა ჩათვალა, რომ თუ ვინემ მის მოქალაქეს აფხაზეთის ტერიტორიეზე საფრთხე ემუქრება, ამაზე საქმე უნდა აღძრან.

„თუმცაღა, ეს მომენტი ძალიან უცნაურია, რადგან აფხაზეთის ტერიტორიაზე არაერთი რუსეთის მოქალაქე ბისნესმენი იქნა მოკლულ, მაშინ საქმე არ აღძრულა და ახლა აღძრა, რაც ძალიან ანეგდოტურია, აშკარად პოლიტიკურად შეკერილია, რათა გავლენა იქონიონ „არჩევნების" შედეგებზე", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×