რეზონანსი
24.02.2025

სპეციალური საგამოძიებო სამსახური სპორტული კომენტატორის სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და „მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე“ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმს ასაჯაროებს.

განცხადების თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე, დაზარალებული ქალის საჩივრის საფუძველზე აწარმოებს.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიებით დგინდება, რომ 2022 წლიდან, დაზარალებულ ქალბატონს ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ყალბი გვერდიდან უცნობი პირი წერდა, რომელმაც დაარწმუნა, რომ მისი ნაცნობი იყო, რომელთანაც წარსულში ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა. კომუნიკაციისას, უცნობი პირი დაზარალებულს პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის გადაგზავნას სთხოვდა, ხოლო მოგვიანებით, როდესაც დაზარალებულმა გაგზავნილი ინტიმური შინაარსის ფოტოების და ვიდეოების წაშლა მოსთხოვა, პირმა წაშლის სანაცვლოდ შეხვედრა და ინტიმური კავშირის დამყარება შესთავაზა.

“საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის, დაზარალებულის მიერ სხვადასხვა დროს გამოკითხვისას მოწოდებული ინფორმაციითა და META-დან მიღებული მასალებით დადგინდა მისამართები, რომლებზეც რეგისტრირებული ყალბი პროფილები ა.ც.-ის საცხოვრებელ და სამუშაო ადგილის მისამართებს ემთხვევა.

აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით, ჩატარდა ა.ც.-ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური, საქმეზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აგრძელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×