
რუსული ელექტრომატარებელი „ლასტოჩკა", რომელიც სოჭსა და გაგრას შორის გადაადგილდება, რეგურალურ სამგზავრო რეისებს უკვე სოხუმშიც შეასრულებს, სატესტო მგზავრობა მატარებელმა 27 თებერვალს განახორციელა. ამავე დღეს, სოხუმის აეროპორტში საცდელი რეისის შემდეგ, კიდევ ერთი თვითმფრინავი აფრინდა. ამაზე ჯერჯერობით თბილისს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა როგორც ოპოზიცია აცხადებს, ხელისუფლებამ დუმილის რეჟიმი უნდა დაარღვიოს, რადგან ინფრასტრუქტურის განვითარება საბოლოო ანექსიამდე მიიყვანს ქვეყანას.
„ერთი შეხედვით აუცილებელიცაა, რომ ქართველმა მხარემ ხმა ამოიღოს და თავისი პოზიცია გამოხატოს, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდნენ, მაგრამ მეორეს მხრივ იქ მდგომარეობა ძალიან კრიტიკულია. ქართული მხარის ნებისმიერმა არაფორმალურმა აქტივობამ შეიძლება შეცვალოს ის განწყობები, რომელიც იქ დღესაა შექმნილი. ვგულისხმობ იმას, რომ საკმაოდ სერიოზული ანტირუსული განწყობებია და ამ განწყობებში ჩარევა ახლა სწორი არ იქნება",- განაცხადა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ "რეზონანსთან".
ამასთან, 1-ელ მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია. პირველ ტურში, რომელიც 15 თებერვალს ჩატარდა, ხუთი კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ შეძლო 50%-იანი ბარიერის გადალახვა, თუმცა გამოიკვეთა ორი ლიდერი, რომლებიც მეორე ტურში გავიდნენ - ყოფილი „ვიცე-პრეზიდენტი" ბადრა გუნბა (46.38%) და ოპოზიციონერი ლიდერი ადგურ არძინბა (36.92%).
პირველი ტურის შედეგები საკმაოდ მწვავე შიდა ეთნიკური დაპირისპირების მიზეზიც გახდა. არძინბას მომხრეებმა ღიად დაიწყეს აფხაზეთში მცხოვრები სომხების დადანაშაულება, რომ მათ პრინციპულად არ დაუჭირეს მხარი არძნბას და ხმა გუნბას მისცეს. მიმომხილველთა ნაწილი არ გამორიცხავს იმასაც, რომ სომხური დიასპორის განწყობაზე გავლენა მოეხდინა არძინბას წინააღმდეგ რუსული პროპაგანდის მიერ აგორებულ „შავ პიარს" და მის პროთურქ კანდიდატად წარმოჩენის მცდელობას.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსები ცდილობენ აღადგინონ ოკუპირებულ აფხაზეთთან კომუნიკაციის საშუალებები და სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლის გააქტიურება ნაწილობრივ არჩევნებზეა მიბმული, რადგან მოსკოვი ყველაფერს აკეთებს, რომ გუნბამ გაიმარჯვოს. მისი თქმით, ბადრა გუნბა ბჟანიას გუნდის წევრია, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ რუსეთისთვის სასარგებლო კანონპროექტები გაიტანონ.
„არ ვიცი რატომ გაჟღერდა ისე, რომ პირველი მატარებელი ჩავიდა სოხუმში, რადგან ეს მატარებელი ადრეც დადიოდა, ოღონდ არარეგურალურად. აქ ერთი შეხევდით გასაკვირი არაფერი არაა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რუსები ცდილობენ აღადგინონ კომუნიკაციების საშუალებები. აგერ თვითმფრინავი გაუშვეს და ახლა მატარებლის სტაბილური რეისის აღდგენა უნდათ, თუმცა მე მაინც მგონია, რომ ეს ყველაფერი ნაწილობრივ არჩევნებზეა მიბმული. თვითმფრინავმა, რომელიც მოსკოვიდან გამოუშვეს და რომელიც გაფუჭდა და უკან ვეღარ გაფრინდა, ჩამოიყვანა ბადრა გუნბა. მოსკოვი ყველაფერს აკეთებს, რომ არჩევნებში ბადრა გუნბა იყოს გამარჯვებული, აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ეს ქმედებები, რომელიც სამგზავრო ინფრასტრუქტურის განვითარებასთანაა დაკავშირებული, მაინც „საპრეზიდენტო არჩევნების" კონტექსტშია. რაც შეეხება ავიაციას და საჰაერო მიმოსვლას, ერთი ისაა, რომ საერთაშორისო რეგულაციის ცენტრალური ოფისი (იკაო) მაინც არ მისცემს მათ ოფიციალურად ფრენების უფლებას ამ სივრცეში და მეორეც, დასანქცირდებიან ის ავიაკომპანიები, რომლებიც იქ იფრენენ. ამასთან, სოხუმსა და სოჭს შორის მატარებელი ივლის თუ არა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან რუსების ამოცანაა, რომ ეს რკინიგზა როგორმე სომხეთამდე მივიდეს. ეს აბსოლუტურად საქართველოს ხელშია და საქართველოს მთავრობა ამას არასოდეს არ დათმობს, თუ აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი არ გადაწყდა.
„რაც შეეხება არჩევნებს, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, აბსოლუტურად ღიად ერევა ყოველგვარი თავშეკავების გარეშე, იმიტომ, რომ გუნბა გახდეს „პრეზიდენტი", ის არის ბჟანიას გუნდის წევრი, რომელიც საკმაოდ დისკრედიტირებული გუნდია, მაგრამ მოსკოვისთვის საკმაოდ მისაღებია, რადგან მთლიანად მოსკოვზეა ორიენტირებული. ეს ის გუნდია, რომელიც თანახმა იყო ის რეგულაციები მიეღო, რომელიც მოსკოვს სჭირდება, იგულისხმება მაგალითად კანონი რუსული ინვესტიციების განსაკუთრებულ რანგში აყვანაზე, მანამდე კი გაიტანეს სასამართლოზე კანონი. კი ამბობს რუსეთის ვიცე-პრემიერი ნოვაკი, რომ ეს კანონი აფხაზეთის საზოგადოების სურვილის მიხედვით შეიცვლებაო, მაგრამ ეს წინასწარი დაპირებაა, რადგან თუ ეს კანონი იქნება, როგორი ფორმითაც არ უნდა შეიცვალოს, აფხაზი საზოგადოების სურვილს ის არ გაითვალისწინებს.
„დღეს არჩევნებთან დაკავშირებით ძალიან რთული პროცესია, აფხაზეთში პირველად არის ასეთი რამ რაც მოხდა, ადგილობრივი სომეხი მოსახლეობა, რომელიც აქამდე გათვლილად მოქმედებდა და სომეხი ამომრჩევლის ნახევარი ხმას ერთ კანდიდატს აძლევდა, მეორე მახევარი მეორეს, ახლა მოხდა ასეთი რამ, 25 ათასი ამომრჩევლიდან დაახლოებით 24 ათასმა მისცა ხმა გუნბას. რასაკვირველია აქ ჩართული იყო სერიოზული ადმინისტრაციული რესურსი, მაგრამ რაც მთავარია, ეს იყო მოსკოვიდან წამოსული ძალიან მკაფიო მითითება, რომ ასე გაეკეთებინათ. ამან აფხაზურ საზოგადოებაში სომეხი მოსახლეობის მიმართ საოცარი აგრესია გამოიწვია, ეს პირველი შემთხვევაა, როცა თავის ანტაგონისტურ დამოკიდებულებას ასე მასიურად და ღიად აფიქსირებენ სომხების მიმართ.
„მეორე ტურის შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდება რთული სათქმელია, არაა გამორიცხული, რომ შესრულდეს ის დაქადნება, რომელიც უკვე სოციალურ ქსელებში ისმის, რომ მოვექცეთ სომხებს ისე, როგორც ქართველებს მოვექეცითო, ხმის უფლების ჩამორთმევაზეც არის საუბარი და შევიწროებაზეც, შეიძლება მათ გაძევებაზეც დაიწყოს ლაპარაკი, რადგან იქ ზედაპირზე ბევრი ისეთი ფაქტი ამოტივტივდა, რომელიც გამაღიზიანებელია აფხაზი მოსახლეობისთვის", - განაცხადა არეშიძემ.
კითხვაზე, ასეთ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, არეშიძემ გვითხრა:
„ერთი შეხედვით აუცილებელიცაა, რომ ქართველმა მხარემ ხმა ამოიღოს და თავისი პოზიცია გამოხატოს, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდნენ, მაგრამ მეორეს მხრივ იქ მდგომარეობა ძალიან კრიტიკულია, ქართული მხარის ნებისმიერმა არაფორმალურმა აქტივობამ შეიძლება შეცვალოს ის განწყობები, რომელიც იქ დღესაა შექმნილი. ვგულისხმობ იმას, რომ საკმაოდ სერიოზული ანტირუსული განწყობებია და ამ განწყობებში ჩარევა ახლა სწორი არ იქნება. ბუნებრივია, ფორმალური განცხადებების გაკეთება შეიძლება, მაგრამ წლების განმავლობაში ამით არაფერი არ იცვლებოდა და ახლაც არაფერი შეიცვლება.
„ოპოზიციისთვის მარტივი სათქმელია, რომ ჩაერიოს და განცხადებები გააკეთოს, მაგრამ ასეთი ტიპის განცხადებები წლების განმავლობაში კეთდებოდა მაშინაც, როცა ეს ოპოზიცია ხელისუფლებაში იყო და მერე რა, შეიცვალა რამე? არც არაფერი! ამიტომ სჯობს სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს და ჩვენი ჩართულობის გარეშე თვითონ ჩამოყალიბდეს ის განწყობები, რომლებიც წლების განმავლობაში ისედაც უნდა ჩამოყალიბებულიყო, ვგულისხმობ ანტირუსულ განწყობებს და არა მხოლოდ ანტირუსულს", - განაცხადა არეშიძემ „რეზონანსთან".
რუსეთის ქალაქ სოჭიდან სოხუმში ელექტრომატარებელმა საცდელი რეისი შეასრულა 27 თებერვალს. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეგულარული რეისები, სავარაუდოდ, 1-ელ მაისს დაიწყება.
აფხაზეთის ე.წ. პირველმა ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა ჯასნუჰ ნანბამ მადლობა გადაუხადა „რუს კოლეგებს" და განაცხადა, რომ წინა ორი საცდელი რეისის დროს გამოვლენილი ხარვეზები გამოსწორდა და ელექტრომატარებელი „ლასტოჩკა" მზადაა რეგულარული მიმოსვლის დასაწყებად.
„ეს არის კომფორტი რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის, კომფორტი სტუმრებისა და ტურისტებისთვის, რომლებიც აპირებენ აფხაზეთში ჩამოსვლას. ჩვენ ნამდვილად მოხარული ვართ ამ მოვლენით," - განაცხადა ნანბამ.
ელექტრომატარებელი „ლასტოჩკა" სოჭი-გაგრას მარშრუტზე 2023 წლის 8 ივნისიდან მოძრაობს.
„საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის და დაპირისპირების ფონზე, ყურადღების მიღმა რჩება ანექსიის პროცესი - ე.წ. აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ რეგულარული ჩქაროსნული მატარებლის დანიშვნა ამის კიდევ ერთი სიგნალია, რომელიც ხელისუფლებამ რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვოს", - აცხადებს პარტია „ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარემ პაატა დავითაია.
პაატა დავითაიას შეფასებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ოკუპირებული ტერიტორიის საბოლოო ანექსიამდე მივყავართ და მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას" დუმილის რეჟიმის დარღვევისკენ და რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„საქართველოს ტერიტორიების ანექსია გრძელდება, რაც ჩვენი საზოგადოების, პირველ რიგში კი, ხელისუფლების ყურადღების მიღმა რჩება. ე.წ. აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ჩქაროსნულ მატარებელს, რომელიც დადიოდა მარშრუტით სოჭი-გაგრა მარშრუტით და ძირითადად შემოჰყავდა რუსი ტურისტები, დაემატა სოხუმი და ბაბუშერას აეროპორტი. როგორც ჩანს, რუსეთი ცდილობს, სოხუმის აეროპორტის ინფრასტრუქტურა პირდაპირ დაუკავშიროს რუსეთის ფედერაციას, ამ მატარებლის საშუალებით და მოხდეს ადლერის აეროპორტის განტვირთვა. სოხუმში ჩამოსული მგზავრი ამ მატარებლით პირდაპირ მოხვდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
მოვუწოდებ, „ქართულ ოცნებას" დაარღვიოს დუმილის რეჟიმი და მოახდინოს რეაგირება იმ პროცესებზე, რაც ხდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის პროცესი, რომელსაც რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების საბოლოო ანექსიისკენ მივყავართ", - განაცხადა პაატა დავითაიამ.