
საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ღირებულება იკლებს. "ბრენტის" ტიპის საწვავი უკვე 70-დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა და არც ისაა გამორიცხული, რომ ფასი კიდევ უფრო შემცირდეს. ყოველ შემთხვევაში, სპეციალისტების პროგნოზი სწორედ ასეთია.
ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბირჟებზე ნედლი ნავთობი საგრძნობლად გაიაფდა და ერთთვიან პერიოდში ცვლილებამ 6%-ს მიაღწია, ხოლო წინა წელთან შედარებით ნავთობი საშუალოდ 12%-ითაა გაიაფებული. ამჟამად 1 ბარელი "ბრენტის" ღირებულება 70 დოლარის ნიშნულთანაა, ხოლო ამერიკული "ლაითის" ფასი დაახლოებით 67 დოლარია. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი ურალსი 65 დოლარი ღირს.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობის გაიაფება უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივას უკავშირდება. ტრამპის და პუტინის სატელეფონო საუბარმა მოლოდინი შექმნა, რომ რუსული ნავთობის ექსპორტზე დაწესებული სანქციები შესაძლოა, შესუსტდეს. ეს კი ბაზარზე მიწოდების საგრძნობ ზრდას გულისხმობს, რაც ნავთობის გაიაფებას იწვევს.
გარდა ამისა, აშშ-ის ნავთობის მარაგი იზრდება. ენერგეტიკის სააგენტოს მონაცემებით, ამერიკული ნედლი ნავთობის მარაგი უკვე მეორე თვეა ზრდას განაგრძობს. თავად ეს მოცემულობა კი ფასზე ზემოქმედებას ბუნებრივად ამცირებს.
მორიგი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ნავთობის ფასების შემცირებას იწვევს, ჩინეთის ეკონომიკური მდგომარეობაა. ჩინეთი ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველია მსოფლიოში და მისი ეკონომიკის მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენს საერთაშორისო ბაზარზე. ბოლო პერიოდში, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა: უძრავი ქოენბის ფასები წლიურ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო ექსპორტის მაჩვენებლები დაგეგმილზე უარესი აღმოჩნდა. ეს ვითარება ინვესტორებში შიშს იწვევს, რომ ჩინეთის ეკონომიკის შესუსტება გლობალური მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს, რაც ნავთობის ფასზე ზეწოლას ახდენს. ამასთან, აშშ-ის მთავრობა ჩინეთს ახალ ტარიფებს და სავაჭრო შეზღუდვებს უწესებს, რაც აზიური სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდის დინამიკას უფრო მეტად აფერხებს.
საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია ფიქრობს, რომ უახლოესი ექვსი თვის მანძილზე ნავთობის ღირებულება საშუალოდ, 65 დოლარზე ცოტათი მეტი იქნება.
"ნავთობის ღირებულება დიდად არ შემცირებულა. 2-3 დღის წინ, "ბრენტის" ტიპის საწვავი ღირდა 73 დოლარი, გუშინ კი 70 დოლარი.
რაც შეეხება მომავლის პერსპექტივას, ვვარაუდობთ, რომ ექვსი თვის განმავლობაში, ივნისის ჩათვლით, შავი ოქროს საშუალო ღირებულება 65 დოლარს ცოტა ზემოთ იქნება. დიდ გაიაფებას ჩვენ არ ველოდებით. ის, რომ ნავთობის ღირებულება 50 დოლარს ჩამოსცდეს ამ 2-3 თვეში, ეს გამორიცხულია.
რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, საქართველოში ნავთობის ფასი დამოკიდებულია რუსეთის მხრიდან იმპორტზე, რა ღირებულებით შემოვა საწვავი ჩრდილოეთიდან. ახლა, საწვავი რუმინეთიდანაც შემოდის, რომელიც ოდნავ ძვირია, ვიდერ რუსული, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ საომარი მდგომარების გამო თუ კიდევ რამე დაიბომბება ან შეფერხდება, ფასმა შესაძლოა, არ მოიმატოს, თუმცა არც დიდად მოიკლოს”, - განუცხადა ნიკა შენგელიამ "რეზონანსს”.
დარგის სპეციალისტები გლობალურ ბაზარზე ტენდენციის შეცვლას არ ვარაუდობენ და მიიჩნევენ, რომ ნავთობი კიდევ გაიაფდება. როგორც აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა აღნიშნა, დაახლოებით, ასეთი დინამიკა შენარჩუნდება მანამ, სანამ რაიმე არსებითი ცვლილება არ მოხდება.
"საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის კლება რამდენიმე ფაქტორთან არის დაკავშირებული. დაახლოებით ორი კვირაა, რაც ნავთობის ღირებულება კლების დინამიკას აჩვენებს, რაც დაკავშირებულია მსოფლიოში არსებულ ვითარებასთან. კერძოდ, იმ სავაჭრო ომთან, რომელსაც ჩვენ თვალს ვადევნებთ. მოგეხსენებათ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რიგ ქვეყნებს დაუწესა სავაჭრო ტარიფები. ამ ქვეყნებმა კი ამავე ტარიფებით იპასუხეს. მაგალითად, ჩინეთმა 20%-იან ტარიფს 15%-ით უპასუხა. საბოლოო ჯამში, ვიღებთ გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირებას. ეს კი, რასაკვირველია, ნავთობის ბირჟებს გადაეცემა. მოლოდინის ეფექტი ისახება ნავთობის ღირებულებაში.
მე მოკლევადიან პერსპექტივაში არ ველოდები, რომ რაიმე არსებითი ცვლილება იქნება ნავთობის გაძვირების მიმართულებით. დაახლოებით, ასეთი დინამიკა შენარჩუნდებაა, ვიდრე რაიმე არსებითი ცვლილება არ იქნება გლობალურ ბაზრებზე”, - განუცხადა "რეზონანსს” ბაირახტარმა.