თამთა ჩაჩანიძე
05.03.2025

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის "ახლადარჩეულ" დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბას ხვდება, ჯერჯერობით უცნობია რაზე ისაუბრებენ ისინი, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, პუტინმა გუნბა დიდი ალბათობით იმ პირობების შესრულებისთვის დაიბარა, რასაც ე.წ. წინასაარჩევნოდ დაჰპირდა კრემლს ასლან ბჟანიას გუნდი.

საუბარია რუსეთისთვის იმ სასარგებლო ე.წ. კანონების გატანაზე, რის "ინიცირებასაც" ბოლო პერიოდში აფხაზი მოსახლეობისგან მწვავე პროტესტი და შემდეგ ბჟანიას გადადგომა მოჰყვა.

ასლან ბჟანიას გუნდის წევრმა და რუსეთის მიერ ღიად მხარდაჭერილმა "საპრეზიდენტო კანდიდატმა" 1-ელ მარტს ე.წ. არჩევნების მეორე ტურში "გაიმარჯვა" 54.73%-ით. გუნბასგან კი ახლა კრემლი ელოდება იმ კანონების ბოლომდე გატანას, რომელიც ეხება ბიჭვინთის აგარაკებს, აპარტ-ოტელებსა და რუსი ოლიგარქების ინვესტიციებისთვის შეღავათიანი პირობების შექმნას.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს ნიშნავს, რომ პუტინი არ აპირებს თბილისთან რაიმე დათმობაზე წასვლას.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 5 მარტს განაცხადა, რომ დღის მეორე ნახევარში შედგება პუტინი-გუნბას შეხვედრა.

„დღის მეორე ნახევარში პუტინი კრემლში აფხაზეთის არჩეულ პრეზიდენტს, გუნბას შეხვდება", - განაცხადა პესკოვმა.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით ნიშნავს, რომ პუტინი არ აპირებს თბილისთან რაიმე დათმობაზე წასვლას.

"პუტინის შეხვედრა ე.წ. არჩეულ პრეზიდენტ ბადრა გუნბასთან ნიშნავს იმას, რომ პუტინი არ აპირებს საქართველოსთან რაიმე დათმობის პოლიტიკის გატარებას. სერიოზულად არც მიიჩნევს დღევანდელ ხელისუფლებას და პირდაპირ აიძულებს, რომ გაატაროს პრორუსული პოლიტიკური კურსი, იმის მიუხედავად თუ აქედან რა დადებითი სიგნალები მისდის მას.

"გაგრძელდება ის პოლიტიკა, რაც 1998-99 წლებში იყო, როდესაც საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლება პრორუსულ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. 1999 წლიდან საგარეო პოლიტიკური ვექტორი შევცვალეთ და გადავედით პროდასავლურ ვექტორზე, მაშინაც იგივე ხალხი იყო რუსეთში, სერგეი კირიენკო იყო რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დღესაც ისაა პუტინის პირველი მოადგილე, რომელიც უშუალოდ კურირებს აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას, კოზაკს კირიენკო ჩაანაცვლებს. როგორც ჩანს, კირიენკოს კურსი არ იცვლება და არავითარი ილუზიები არ უნდა ვგვქონდეს",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან".

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ თბილისზე არავინ არ ფიქრობს, რუსეთი დაინტერესებულია იმ კანონების ბოლომდე გატანით, რაც ბადრა გუნბას დაპირება იყო მოსკოვის წინაშე. მისი თქმით, ეს შეხვედრაც ამას ეხება.

"თბილისზე არავინ არ ფიქრობს, ეს არის მესიჯი სოხუმისთვის და არა თბილისისთვის. სოხუმს უგზავნის მესიჯს, რომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რათა ყველა ის ვალდებულება, რაც ბჟანიამ თავის თავზე აიღო, გუნბამ შეასრულოს.

„გუნბა ბჟანიასთან "ვიცე-პრეზიენტი" იყო, ის ხელს აწერდა ყველაფერ იმას, რაც ხდებოდა, ამიტომ მას მაღალი ლეგიტიმაცია აქვს, დამაჯერებლად გაიმარჯვა, შესაბამისად, მოსკოვს აქვს იმედი, რომ გუნბა პირნათლად შეასრულებს იმ ვალდებულებას, რაც აიღო აფხაზეთის წინაშე, მით უმეტეს ასეთი დამაჯერებელი გამარკვების ფონზე.

„ეტყვის, ჩვენ ხომ დაგეხმარეთ და ყველაფერი გავაკეთეთ შენს გამარჯვებაში და ახლა კეთილი ინებეთ თქვენ გვიპასუხეთ, ეს არის საზოგადოებისთვის შეტყობინება არ გაბედოთ რაღაც განსხვავებული აზრების ძებნა ამაში, ჩვენ რასაც ველოდებით, უნდა მივიღოთო.

"დათმობის პოლიტიკაზე საუბრები "ქართული ოცნებიდან" მოდის, თორემ რუსებიდან ეს არ მოდის, პუტინის ოცნებაში ნამდვილად არ არის ის, რომ აფხაზეთი საქართველოს დაუთმოს. პუტინი აქეთ ეუბნება "ქართულ ოცნებას", რომ დაკმაყოფილდით ამითი, თქვენს საქმეებში არ ვერევით, ხელს არ გიშლით არჩევნებში, რასაც გინდათ იმას აკეთებთ და ეს ყველაფერი შეირგეთ, დანარჩენზე ლაპარაკი კი გამორიცხულიაო.

"დანარჩენზე ლაპარაკი საერთოდ გამორიცხულია, ვიდრე საქართველო არ დაუბრუნდება რუსულ ორბიტას, არ გახდება დსთ-სა და ოდეკაბეს-წევრი, არ აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთთან, მანამდე ეს შეირგეთ და რაზეც ოცნებობთ, ის თვენთვის ლოგინში დაიტოვეთ, დაახლოებით ასეთი შეტყობინებაა.

"რუსეთიდან არანაირი დათმობები არ იქნება, კარგად მიხვდა პუტინი, რომ "ქართული ოცნებისთვის" მთავარი ძალაუფლების შენარჩუნებაა, რა აფხაზეთი, რა ცხინვალის რეგიონი, ეს ყველაფერი ზღაპრებია. ძალაუფლების შენარჩუნება უნდა - აა, ძალაუფლების შენარჩუნება გინდა? მაშინ არ ჩავერევი შენს საქმეში, გაგიუქმებ "ალტ ინფოს", არ დავაფინანსებ პრორუსულ ძალებს - ეს არის, რაც შეიძლება რუსეთმა გააკეთოს "ქართული ოცნებისთვის",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა "რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×