"გაცვლით კურსთან დაკავშირებით მკვეთრ ცვლილებას აღარ უნდა ველოდოთ"
გვანცა წულაია
05.03.2025

ეროვნულ ვალუტას არანაირი საფრთხე აღარ ელის, ამიტომ საფინანსო ბაზარზე სტაბილიზაცია და მყარი გაცვლითი კურსია მოსალოდნელი. რადგანაც ყველა კრიზისი დაძლეულია, პოლიტიკური დაძაბულობა გაფანტულია და ეკონომიკაც იზრდება. შეიძლება ითქვას, რომ ეროვნულმა ვალუტამ პრობლემები უკან მოიტოვა. ამიტომ, დიდი ალბათობით, ლარი ახალ წონასწორულ ნიშნულს იპოვის. 

მართალია, ეროვნული ვალუტა ბოლო პერიოდში შედარებით მაღალ ნიშნულზეა, მაგრამ, ბოლო დღეებია უკვე გამყარებისკენ აიღო გეზი. ტენდენცია დადებითია და მიმდინარე ეტაპზე რაიმე უარყოფოთი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. 

პოლიტიკური დაძაბულობის გამო გაუფასურებული ლარი ნელ-ნელა თავის კალაპოტს უბრუნდება და, დღეის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.78 ლარს შეადგენს. სავარაუდოა, რომ იგი ცოტა კიდევ გამყარდება და შემდეგ ახალ წონასწორულ ნიშნულზე გაჩერდება.

საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა დასრულებულია, ეკონომიკური მდგომარეობა პოზიტიურია, იანვარში მშპ 11%-ით გაიზარდა, ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის დაბლა ნარჩუნდება. ამიტომ ამ ეტაპისთვის მოლოდინი მხოლოდ და მხოლოდ დადებითია. 

ფინანსისტ მიხეილ თოქმაზიშვილს მიაჩნია, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით მკვეთრი ცვლილება მოსალოდნელი აღარ არის. ახლო მომავალში სავალუტო ბაზარი სტაბილური იქნება

"ეროვნულ ვალუტაზე ზემოქმედებს ფუნდამენტური ფაქტორები. ეს შეიძლება იყოს, ინვესტიციები, საგარეო ვაჭრობა, ფულადი გადმორიცხვები და ა.შ, რომლებიც, ალბათ, რადიკალურად არ შეიცვლება, მაგრამ დროთა განმავლობაში რაღაც ცვლილებები იქნება. 

ლარის კურსთან დაკავშირებით მკვეთრ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ, მაგრამ გარკვეული სახის კორექცია შესაძლოა, ყოველთვის მოხდეს, მაგრამ ეს არ იქნება დიდი რყევა და საზოგადეობასთან მასთან ადაპტირებას ადვილად მოახდენს. 

არა მგონია, საქართველოში სიტუაცია ისე წარიმართოს, რომ ეროვნული ვალუტის ცვლილებამ რადიკალურად უარყოფითი კვალი დატოვოს, თუმცა გლობალური მიმართულებით ბევრი რამ არის მოსალოდნელი და როგორ იმოქმედებს, თუნდაც საერთაშორისო ბაზრებზე გატარებული დიდი ცვლილებები და განვითარებული ქვეყნების პოლიტიკა, არ ვიცით. მათმა გადადგმულმა ნაბიჯებმა შესაძლოა, იმოქმედოს იმპორტირებულ საქონელზე, რაც გადაეცემა სამომხმარებლო ფასებს. 

ამდაგვარად, გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოშიც იცვლება ხოლმე მოცემულობა. ჯერჯერობით, შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდი, რომ წყნარად და ზომიერად წარიმართება ცვლილებები. 

იმედი მაქვს, ბაზარზე სამომავლოდაც სტაბილურობა იქნება, მაგრამ ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძნელია. რამდენიმე თვის შემდეგ შესაძლოა, სრულიად სხვაგვარი სურათი მივიღოთ, ამიტომ წინასწარ კონკრეტული საუბარი ძნელია, მით უფრო გაცვლით კურსთან დაკავშირებით”, - განუცხადა "რეზონანსს” მიხეილ თოქმაზიშვილმა და კითხვაზე, ასეთ შემთხვევაში, ალბათ, ეროვნული ბანკი ჩაერევა, რადგან, სიტყვაზე, რთული მდგომარეობა განმუხტოს -  სპეციალისტმა განაცახდა, რომ `საქართველოს ეროვნული ბანკი რომც ჩაერიოს, მისი რესურები არის შეზღუდული”.

2024 წელს ლარი არაერთხელ გაუფასურდა, რაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დაძაბულობას დაემთხვა. ყოველ ჯერზე ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევდა, რომ ეორვნული ვალურის რყევა აჟიოტაჟიდან გამომდინარე იყო, ქვეყანაში ხელოვნურად შექმნილი ცუდი მოლოდინისა და საპროტესტო აქციების გამოძახილი. სინამდვილეში კი არ არსებობდა რეალური მიზეზი, რაც ლარს გააუფასურებდა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ფაქტორი, რომელიც ეროვნულ ვალუტაზე მოქმედებს, მწყობრში იყო. 

განსხვავებული მოსაზრება აქვთ ეკონომისტების მეორე ნაწილს. როგორც ფინანსისტმა დავით წიქარიძემ განაცხადა, კრიზისი არ დაძლეულა და ჯერჯერობით ყველაფერი წინ არის. 

"ვინ თქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გადალახულია და საქართველოს არავითარი პრობლემა არ ელის? ყველაფერი წინ გვაქვს. ჯერ სად ვართ, ახლა იწყება კრიზისი. საბანკო კრიზისი იქნება, როდესაც მოთხოვნა დაიწყება სანქციების აღსრულებაზე, თუმცა ისიც უნდა ითვას, რომ სანქციები არ აღსრულდება. ამიტომ, ვიფქრობ, რომ ახლა დაიწყება ყველაფერი. რა გადალახულ კრიზისზეა საუბარი?” - განუცხადა "რეზონანსს” დავით წიქარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×