
ჩემი აზრით, მინერალების შესახებ შეთანხმება არის უბრალოდ ფორმა, როგორ უნდა გავიდეს ამერიკა ამ კონფლიქტიდან, – ამის შესახებ ექსპერტმა ნოდარ კაპანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის დროს, ის, რაც ოვალურ კაბინეტში მოხდა, მსგავსი არაფერი მომხდარა, არ მინახავს და არც წამიკითხავს. ჩემი აზრით, ამერიკა დემონსტრაციულად მოეხსნა ამ კონფლიქტს. უფრო სწორად, გამოთქვა მზაობა კონფლიქტიდან მოხსნის შესახებ.
რაც შეეხება მინერალების შესახებ ხელშეკრულებას, ძალიან ძნელად სათქმელია, იქ რამდენად 500 მილიარდის მინერალებია და ძალიან ძნელად სათქმელია, რამდენად მოპოვებადია ეს მინერალები. ამ მინერალების და საბადოების უდიდესი ნაწილი იმ არეალშია, რასაც დღეს უკვე რუსეთის არმია აკონტროლებს და ძალიან მეეჭვება, რუსები იქიდან გავიდნენ. ამასთან, არ დაგვავიწყდეს ის, რომ საპასუხოდ რუსეთის მთავრობამ განაცხადა, კი ბატონო, არ არის პრობლემა, ერთად მოვიპოვოთო, ანუ უკრაინა გაწიეს გვერდზე. მთელი ეს ამბავი მე, უბრალოდ, მგონია იმის საფარველი, როგორ უნდა გამოვიდეს სახის დაუკარგავად კონფლიქტიდან, სადაც ძალიან ღრმად იყო შესული აშშ“, – განაცხადა კაპანაძემ.