
„ჩვენთან ადამიანები უამრავ არასაჭირო წამალს იღებენ - ამას გამართლება არ აქვს, დანაშაულია," - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.
„არაერთხელ დამიწერია იმაზე, რომ ჩვენთან ადამიანები უამრავ არასაჭირო წამალს იღებენ. ამის ბევრი მიზეზი არსებობს და ერთ-ერთი მათგანია ის, რომ აფთიაქში შესული ადამიანი, მაგალითად, ანტიბიოტიკს თუ ყიდულობს, ფარმაცევტი იქვე ურჩევს, რომ სჭირდება ასევე "კუჭის დამცავი" და იქვე პრობიოტიკსაც შესთავაზებს. თან რეკომენდაციას მიაყოლებს, რომ "ანტიბიოტიკთან ერთად საჭიროა". ამას არავითარი გამართლება არ გააჩნია და ჩემი აზრით, დანაშაულია,"- წერს ბუწაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ექიმების მიერ პაციენტისთვის საჭიროზე მეტი წამლის გამოწერის პრობლემაზე უკვე წლებია საუბრობენ საქართველოში. ამ მოვლენას ანუ ავადმყოფისათვის ერთდროულად გაუმართლებლად მრავალი წამლის დანიშვნას პოლიპრაგმაზიას უწოდებენ და მის მოგვარებას არაერთი ჯანდაცვის მინისტრი ცდილობდა. ბოლოს ამ საკითხზე დამატებითი რეგულაციების შემუშავებაზე საუბარი აქტიურად მიმდინარეობდა გასულ წელს. მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებდა, რომ მუშაობა მიდიოდა ე.წ. sunshine Act-ს დანერგვაზე ქვეყანაში, რაც გულისხმობს, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს შეეზღუდებათ კლინიკებში მარკეტინგული აქტივობები და ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ექიმისთვის გადახდილი ყოველი ლარი დადეკლარირდება შესაბამის საჯარო სისტემაში.