რეზონანსი
15.03.2025

პირი, რომელიც წუხელ, გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის დროს დაიჭრა, კლინიკიდან გაწერეს.

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ინფორმაციით, დაჭრილ მამაკაცს ჭრილობა დაუმუშავდა და ბინაზე გაეწერა.

რაც შეეხება თავად ფაქტს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ლევან ჯანგველაძე მოკლეს. ადგილზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერიდან ჩანს, თუ როგორ ჩაუსაფრდა მას მამაკაცი, რომელსაც სახე დამალული არ ჰქონდა, როგორ ესვრის ცეცხლსასროლი იარაღიდან და შემდეგ, როგორ ტოვებს ის ფეხით შემთხვევის ადგილს.

ადგილზე მყოფი მოქალაქეების ინფორმაციით, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს. მათივე ცნობით, 2 ტყვია იქვე მდებარე ერთ-ერთი კაფეს მინებს მოხვდა.

სროლის შედეგად დაიჭრა ერთი პირი. დაჭრილი მამაკაცი სავარაუდოდ, მოკლული ჯანგველაძის თანმხლები იყო.

არსებული ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძე ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმაა.

პირი, რომელმაც გასროლა განახორციელა, სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ. მის დასაკავებლად სამძებრო-საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×