რეზონანსი
19.03.2025

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ვარკეთილში ყველამ იცის. თვითმხილველებმა სამართალდამცველების მობილიზება გუშინ, ე.წ. დამპალოს სასაფლაოებთან შენიშნეს.

ირკვევა, რომ გელა უძილაური ისანი-სამგორის რაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმალებოდა. გუშინ, დღის პირველ ნახევარში, ის ქუჩაში გავიდა. "კურიერის" ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ქუდით და სათვალით ისე გადაადგილდებოდა, რომ ვერავის ეცნო. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულმა პოლიციელებმა, 50 წლის მამაკაცი შეაჩერეს და გადაამოწმეს, მალევე გაირკვა, რომ საეჭვო მოქალაქე სწორედ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ძებნილი პირი იყო.

"კურიერის" ინფორმაციით, გელა უძილაურმა თავდაპირველად მიმალვა სცადა და სასაფლაოების მიმართულებით გაიქცა, თუმცა სამართალდამცველებმა 50 წლის მამაკაცს ხელბორკილები ადგილზევე დაადეს.

გელა უძილაური ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა - შენახვისთვის, მას ბრალი უკვე წარუდგინეს. კანონით დადგენილ ვადებში, უძილაურის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს, ცნობილია, რომ პროკურატურა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს.

ბრალდებული უძილაური ჯერ დუმილის უფლებას იყენებს, არ არის გამორიცხული სასამართლოზე მან სიტყვის უფლებით ისარგებლოს და დანაშაულის მიზეზებიც განმარტოს. მოტივთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა, ერთ-ერთი ვერსით კი, სისხლიანი ანგარიშსწორება ე.წ კანონიერი ქურდების კლანებს შორის დაპირისპირებას უკავშირდება.

14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლული ლევან ჯანგველაძე ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმაა. მკვლელობის დღეს ის ახლობლის პანაშვიდზე იმყოფებოდა. მკვლელი მას სადარბაზოსთან ჩაუსაფრდა და 10-მდე ტყვია ესროლა. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, "ქილერს" სილიკონის ნიღაბი ეკეთა. შემთხვევის ადგილას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, სამართალდამცველებმა მისი ვინაობის დადგენა მალევე შეძლეს.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×