მარიამ ვეკუა
21.03.2025

დაყადაღებული ფონდები ყადაღის მოხსნას ითხოვენ --ნანუკა ჟორჟოლიანი გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს მიმართავს, რომ „ნანუკას ფონდს" ყადაღა მოხსნას, და ირწმუნება, რომ ფონდიდან თანხები მხოლოდ სოციალურად დაუცველებსა და შესაბამისი საჭიროებების მქონე ბავშვებს მოხმარდება.

21 მარტს ტელეწამყვანმა და „ნანუკას ფონდის" დამფუძნებელმა სოციალური ქსელის პირდაპირ ჩართვით გენპროკურორს მიმართა. მან პირობა დადო, რომ ფონდიდან არცერთი თეთრი პოლიტიკურ აქტივობებს არ მოხმარდებოდა.

„ვიცი პროკურატურიდან, რომ ახლა ემზადებიან, წამიყენონ ახალი ბრალი რაღაც დარღვევებზე. ყველაფრისთვის მზად ვარ. ამას გიცვლით ერთადერთ თხოვნაში - თანხას ყადაღა მოხსნათ და ამ ფონდმა გააგრძელოს ის, რისთვისაც შეიქმნა.

„მიუხედავად იმისა, რომ წესდებით ამის უფლება მქონდა, დავხმარებოდი პატიმრებს, გავმიჯნავ და ეს ფონდი გამოყენებული იქნება ბავშვებისთვის, სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის. აქვე უნდა ვთქვა, რომ პატიმრები აუცილებლად მიიღებენ ყოველ თვე იმ თანხას, რაც აუცილებელია მათი არსებობისთვის, რთული ყოფის შემსუბუქებისთვის. ველოდები გაბიტაშვილს, მინდა იცოდეს, რომ დღეიდან საქმე მხოლოდ მასთან მაქვს", - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

მანვე სატელევიზიო ეთერში აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ფონდი კანონის ფარგლებში ფუნქციონირებდა. ჯერჯერობით, პროკურატურიდან ოფიციალური განცხადება ამაზე არ გაკეთებულა.

განცხადება გააკეთა ასევე დაყადაღებულმა „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა" და მისმა წარმომადგენელმა ორგანიზაციებმაც, მათ ერთობლივად მოუწოდეს პროკურატურას, „სასწრაფოდ შეწყვიტონ" გამოძიება და გააუქმონ ყადაღა მათ საბანკო ანგარიშებზე. ამავდროულად, მათ სარჩელითაც მიმართეს სააპელაციო სასამართლოს.

20 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა „ შემოწირულობების მიღება ე.წ „რუსული კანონის" ინიცირების შემდეგ დაიწყო. „ორგანიზაციის ანგარიშები, რომელიც პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დაყადაღდა, აერთიანებდა როგორც დაჯარიმებული პირებისთვის შემოწირულებებით შეგროვებულ თანხებს, ასევე ორგანიზაციის დაგეგმილი სხვა უფლებადაცვითი საქმიანობისთვის საერთაშორისო დონორების მიერ ჩარიცხულ გრანტებს. შესაბამისად, ორგანიზაციის სერვისებს ვეღარ მიიღებენ ჩვენი სხვა ბენეფიციარებიც.მოვუწოდებთ პროკურატურას, სასწრაფოდ შეწყვიტოს გამოძიება."

ყველაფერი 17 მარტიდან დაიწყო, როცა პროკურატურამ სასამართლო განჩინების საფუძველზე რამდენიმე ფონდი - ა(ა)იპ „ნანუკას ფონდი", ა(ა)იპ „ფროსფერითი", ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7", ა(ა)იპ „სირცხვილია" და ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი" დააყადაღა. მიზეზად კი კანონსაწინააღმდეგო აქტივობების დაფინანსება დაასახელა.

ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ საქმე ვატო შაქარიშვილის სარჩელის საფუძველზე აღიძრა.

შაქარიშვილი „ოცნების" მხარდამჭერი „ნეიტრალური საქართველოს" ლიდერია.

აღნიშნული ფონდები აქციებზე დაკავებულ პირებსა და მათ ოჯახებს ფინანსურად ეხმარებოდნენ.საინტერესოა ისიც, რომ ყველა ფონდის განჩინება ერთ მუხლში გაერთიანდა.

პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ: „გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321¹-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს."

მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ეს ფონდები უცხოურ ორგანიზაციებთან იყვნენ დაკავშირებულები, მათი ძირითადი მიზანი კი „სახელმწიფოს ჩამოშლა" და რევოლუციური სცენარების გათამაშება იყო.

„დაბნეულები არიან, რა უნდა ქნან ახლა? ვისთან უნდა მივიდნენ? (არჩევნებში) მონაწილეობას თუ მიიღებენ, პირწმინდად დამარცხდებიან. თან ახლა ის ფონდები არ ჰყავთ, რომლებიც „უპრავებდნენ" იმ სიგიჟეებს - ტრამპმა დახურა. როდესაც შენი ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯებს გადადგამ, შენი ქვეყნის „გაშავებას" დაიწყებ უცხო ქვეყნის დაკვეთით, ამას ქართული საზოგადოება არ გაგიტარებთ", - განაცხადა 21 მარტს მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ. ოპოზიციონერები კი ამბობენ, რომ „ოცნების" მიზანი აქციების საბოლოო ჩახშობა იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×