ნატალია ჯვარიძე
23.03.2025

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ ერთი კვირა გადის და ამ დროის განმავლობაში ორმხრივი საჰაერო დარტყმები კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. არადა ამ საუბრის მთავარი შედეგი სწორედ ის იყო, რომ მხარეები 30 დღით ერთმანეთის ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე საჰაერო დარტყმების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ანალიტიკოსების ფიქრობენ, რომ პუტინმა პირობა დაარღვია, რაც გარკვეულწილად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საბოლოო შეთანხმებაზეც შეიძლება აისახოს.

„ის პირველი ვარიანტი, რომ 30 დღით შეწყვეტილიყო დარტყმები ენერგო ობიექტებზე, ჩაიშალა. ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ რუსეთი შეთახმებას არ დაარღვევდა?", - განაცხადა საქართველოს გენშტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაიაც ასევე ფიქრობს, რომ პუტინი არ აპირებს სამშვიდობო შეთანხმებაზე წასვლას: „პუტინი არ არპირებს არავითარ სამშვიდობო შეთანხმებაზე წასვლას და ამის დასტურია ის მასირებული შეტევები, რომელსაც ახორციელებს",

მასირებული საჰაერო დარტყმების ქრონიკა

პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბარი 18 მარტს შედგა და ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამის შემდეგ ორივე მხარემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიღწეული იყო შეთანხმება რუსეთისა და უკრაინის მიერ ერთმანეთის ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე საჰაერო დარტყმების 30 დღით შეჩერების შესახებ. თუმცა, იმავე ღამეს რუსეთმა მასირებული დარტყმები განახორციელა კრაინის დიდ ქალაქებზე.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, ჟიტომირის, ვინიცის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ოდესის ოლქებში გაანადგურეს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა „ისკანდერ-მ" ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტა, ოთხი „ეს-300" საზენიტო მართვადი რაკეტა და 145 „შაჰედის" ტიპის დრონი გაუშვეს, რომელთაგან 72 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

ამასთან, კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, რუსულმა ძალებმა კიევის ოლქზე თავდასხმა 45 დრონით განახორციელეს, რომელთაგან 19 საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.

რუსული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, კიევის ოლქის ბუჩას რაიონში 2 ადამიანი დაშავდა. ასევე, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.

რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით კი, 20 მარტს უკრაინელებმა ასევე შეუტიეს დრონებით რუსეთის ტერიტორიას. უწყების ცნობით, თავდაცვის სისტემებმა 54 დრონი სარატოვის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, 40 ვორონეჟის ოლქის, 22 ბელგოროდის, 9 როსტოვის, 3 კურსკის და 1 ლიპეცკის ოლქის თავზე. ასევე 3 დრონი დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად, სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში 2 ადამიანი დაშავდა და საავადმყოფო, სკოლები და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.

საჰაერო დარტყმები ამის შემდეგაც გაგრძელდა. 23 მარტს უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსებმა ღამით 147 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, აქედან 97 უკრაინელებმა ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, 25 დრონი დაიკარგა. საოკუპაციო ძალებმა დრონები რუსეთის ქალაქებიდან: მილეროვოდან, ბრიანსკიდან, კურსკიდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვეს. უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდება დაფიქსირდა უკრაინის სამხრეთ, ჩრდილოეთ, დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში.

რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზარალდა კიევის, ხარკოვის, სუმის, ჩერნიგოვის, ოდესისა და დონეცკის ოლქები. ამასთან, დრონებით თავდასხმის შედეგად კიევში დაიღუპა სამი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის მამა და მისი ხუთი წლის ქალიშვილი. დაშავდა კიდევ 10 ადამიანი, მათ შორის 11 თვის ბავშვი.

უკრაინული მედია წერს, რომ საჰაერო თავდაცვა ყოველდღიურად 100 და მეტ რუსულ დრონს ანადგურებს. კერძოდ, უკრაინელებმა 22 მარტს 100, 21 მარტს კი - 114 დრონი ჩამოაგდეს.

რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით კი, 22 მარტს, ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 47 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

„გასული ღამის განმავლობაში მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 47 უკრაინული დრონი გაანადგურეს", - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

უწყების ცნობით, თავდაცვის სისტემებმა 12 დრონი ვორონეჟის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, 11 ბელგოროდის, 7 შავი ზღვის, 6 როსტოვის ოლქის, 4 ვოლგოგრადის, 3 ასტრახანის, თითო-თითო ბრიანსკის, კურსკის, სამარას ოლქებისა და აზოვის ზღვის თავზე.

როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, იური სლიუსარის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, 2 ადამიანი დაშავდა.

ჩაიშალა თუ არა ტრამპი-პუტინის შეთანხმება

ვახტანგ მაისაის აზრით, პუტინი-ტრამპის შეთანხმება არ იყო რეალური და პუტინი არ აპირებს სამშვიდობო შეთანხმებაზე წასვლას.

„ენერგეტიკულ ობიექტებზე საჰაერო დარტყმების შეჩერების შეთანხმება მგონი პუტინის მხრიდან რაღაც ზრდილობიანი ფორმა იყო - რაღაცაზე ხომ უნდა დათანხმებულიყო... პუტინი არ არპირებს არავითარ სამშვიდობო შეთანხმებაზე წასვლას და ამის დასტურია ის მასირებული შეტევები, რომელსაც ახორციელებს. ასე რომ, კი არ ჩაიშალა, ვფიქრობ არც არსებობდა", - თქვა მაისაიამ.

ვახტანგ კაპანაძის აზრით, პირველი შეთანხმება ტრამპსა და პუტინს შორის ჩაიშალა.

„ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ რუსები მაინც თავისას გააგრძელდებდნენ? ეს არის დროის გაწელვის მცდელობა, რათა აჩვენონ - კი, ბატონო, ჩვენ თანახმა ვართ, თუმცა უკრაინელები გვიტევენ და ჩვენ საპასუხოდ ვურტყამთო. ამას წინათ მათ ისიც თქვეს, რომ უპილოტოები გაფრენილი იყოო, უკვე ჰაერში იყო, როცა ჩვენ ჩამოვაგდეთ, რადგან ეს შეთანხმება არ დაეზიანებინათო.

„რუსეთის ნდობა რომ არ შეიძლება, ქართველებმა ყველაზე კარგად ვიცით. ისტორიის მანძილზე რა ხელშეკრულებაც დაგვიდია მათთან, არც ერთი არ შესრულებულა. ასე რომ, ის პირველი ვარიანტი, რომ 30 დღით შეწყვეტილიყო ენერგო ობიექტებზე დარტყმები, ჩაიშალა", - აღნიშნა კაპანაძემ.

საბოლოო შეთანხმების პერსპექტივა

ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ ამ შეთანხმების ჩაშლას გარკვეული გავლენა ექნება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზეც, მაგრამ მთავარია ეს პროცესი გაგრძელდეს.

„რაც შეეხება იმას თუ რამდენად აისახება ეს შეტევები სამშვიდობო შეთანხმებაზე, ვფიქრობ, გარკვეულწილად გავლენას იქონიებს. პირველ რიგში ეს ტრამპის იმიჯს ურტყამს, ვინაიდან ის არის ამ საქმის თავი და თავი. აქ მისი, როგორც პრეზიდენტის და როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვანი ლიდერის პრესტიჟის საკითხია. თუმცა, ამის ძალიან დიდ დრამატიზერებაც არ უნდა მოვახდინოთ, რადგან ხდება ხოლმე ასე. მთავარია პროცესი გაგრძელდეს და რაღაც ფორმატში გადავიდეს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. ორშაბათს იქნება შეხვედრები და შეიძლება ამ შეთანხმებამ მაშინ უფრო რაღაც გარკვეული კონტურები მიიღოს", - გნაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

ვახტანგ მაისაია კი ცეცხლის შეწყვეტის საბოლოო შეთანხმებას საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს და აღნიშნავს, რომ „რაც არ არსებობს, იმაზე საუბარი რთულია".

„რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება ეს შეტევები სამშვიდობო შეთანხმებაზე, ჯერ ის არ არსებობს და რაც არ არსებობს იმაზე რთულია საუბარი", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×