
24 მარტს საუდის არაბეთში აშშ-რუსეთს შორის შეხვედრა გაიმართა, დღის წესრიგში კი რუსული მხარის თქმით, შავი ზღვის ინიციატივის საკითხია. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ინიციატივა მიზნად ისახავს შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტას. ანალიტიკოსებს ჯერჯერობით მოლაპარაკებების პერსპექტივებზე საუბარი უჭირთ, ერთადერთი, რასაც მხარეები თანხმდებიან, ტყვეთა გაცვლის პროცესია.
"საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა შავი ზღვის ინიციატივის საკითხია", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სასტუმრო Ritz-Carlton-ში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა დახურულ ფორმატში რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. რუსეთს მოლაპარაკებებზე წარმოადგენენ ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის
ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი, სერგეი ბესედა. აშშ-ის მხრიდან კი მოლაპარაკებებში ჩართულია თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი, ენდრიუ პიკი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, მაიკლ ენტონი.
23 მარტს ერ-რიადში მოლაპარაკებები გაიმართა აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის. შეხვედრის შემდეგ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები პროდუქტიული და ფოკუსირებული იყო.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა სერგეი ლეშცენკომ 23 მარტს საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ს ტექნიკურ ჯგუფებს შორის მოლაპარაკებების დეტალები გაახმოვანა, მისი თქმით, ეს არის "ტექნიკური მოლაპარაკებები და როგორ წესი ეს მოლაპარაკებები არ გრძელდება ერთ დღეს და ზოგჯერ თვეებიც გრძელდება".
ლეშჩენკოს თქმით, უკრაინა-აშშ-ს შეხვედრისას ორ მნიშვნელოვან თემაზე გამახვილდა ყურადღება, ეს არის ინფრასტრუქტურისა და საზღვაო უსაფრთხოებაის საკითხები, საუბარი შეეხო ცეცხლის შეწყვეტას, უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას, სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსალეობის გაცვლას. მისი თქმით, უკრაინის დელეგაცია დარჩება საუდის არაბეთში, რათა აშშ-რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ, შეერთებულ შტატებთან აუდიენცია გამართოს შემდგომ ნაბიჯებზე.
უკრაინული მედია ადასტურებს, რომ საუდის არაბეთში აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე შეხვედრის დასრულების შემდეგ ამერიკისა და უკრაინის დელეგაციები მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამართავენ. წყაროების ცნობით, მხარეებს შორის საუბრის თემა ენერგეტიკულ ობიექტებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერება, ასევე შავ ზღვაში თავდასხმების დასრულება იქნება.
გარდა ამისა, მათი თქმით, უკრაინული მხარე ელის, რომ ერ-რიადში მიმდინარე შეხვედრაზე ამერიკული დელეგაცია შეძლებს შუალედური კონსტრუქციული შეთანხმებების მიღწევას რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა რუსეთისგან მოლოდინი საკმაოდ შეზღუდულია.
რას ნიშნავს შავი ზღვის ინიციატივა და რა პერსპექტივა აქვს მოლაპარაკებებს
ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი და ანალიტიკოსი საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ შავი ზღვის ინიციატივა ნიშნავს, რომ შავ ზღვაზე ცეცხლი შეწყდეს. მისი თქმით, ეს შეხვედრა უფრო რეგურალური შეხვედრაა და ჯერჯერობით პერსპექტივებზე საუბარი რთულია.
"საუბარია, რომ შავ ზღვაზე ცეცხლი შეწყდეს, რადგან ამ ომში ზღვის კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უფრო რეგულაციური ტიპის ექსპერტების შეხვედრაა, რომლებსაც აქვთ კონკრეტული მანდატი, რომ ეს საკითხები განიხილონ. მანამდე იყო ტყვეების, ენერგეტიკა-ინფრასტრუქტურის საკითხები.
"ჯერჯერობით ვხედავთ, რომ პერსპექტივებზე სუაბრები რთულია, რადგან შეთანხმებები ირღვევა რუსეთის მხრიდან არ ჩერდება დაბომბვა არც კიევში, არც სუმში და არც სხვა ოლქებში, ძალიან დიდი შეტევა იყო ოდესაზეც. ამიტომ ვნახოთ, ეს არის პროცესი, რომელშიც აშშ შესულია. ტრამპის ადმინისტეაციას იმედი აქვს, რომ ამ მოლაპარაკებებით ისინი რუსეთთან შეთანხმების მიღწევას შეძლებენ.
"ვნახოთ, ერთია რამდენად მოხდება შეთახმების მიღწევა, მეორეა რამდენად შესრულდება, დღეს ამაზე საუბარი ძნელია. ჯერჯერობით რაღაცეები სრულდება, რაღაცეები არა, მაგალითად ტყვეთა გაცვლის თემა სრულდება, სხვა საკითხები არა და ამიტომ ერთია, რომ რამდენად მიაღწევენ შეთანხმებას, მეორეა რამდენად შესრულდება. თუ შეთანმხებამდე მივიდნენ, რა იქნება ამის მონიტორინგი და შეფასების და ვერიფიკაციის მექანიზმი",- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ "რეზონანსთან".
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს რაიმე პერსპექტიოვა არ აქვს.
"აშშ რუსეთთან განიხილავს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ სხვა საკითხებსაც თუ როგორ თანამშრმლობას გააგრძელებს ვაშინგტონი მსოფლიო სხვადასხვა რეგიონში. ამ ეტაპზე უკრაინაზე მოლაპარაკებებს არაფერი პერსპექტივა არ აქვს, რადგან როგორც წინა რაუნდებმა აჩვენა, აშშ-მა რუსეთი ვერავითარ შეთანხმებაზე ვერ წამოიყვანა.
"შავი ზღვის უსაფრთხოების ინციატივა ახლა ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა ჩემი აზრით, ეს არის ინიციატივა თუ როგორ უნდა გადაიქცეს შავი ზღვა მშვიდობის ლოკაციად. თუმცაღა, მემგონი ესეც ფუჭი საუბრებია. მათ თითქოს საერთო წერტილები გამონახეს, მაგრამ რეალურად ჯერჯერობით პერსპექტივა არ ჩანს, ეს არის ჩვეულებრივი მოლაპარაკება, რომელიც ალბათ ისეთივე უშედეგოდ დასრულდება, როგრც წინა რაუდნი 30-დღიან სამშვიდობო ზავის დადებაზე მოლაპარაკებების დროს.
"ამასთან, როგორც ვიცი, პუტინი არანაირ ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება და მაქსიმალურად გაწელავს დროს მეტი ტერიტორიები აქვს მიზანში. აქედან გამომდინარე ვფიქრობ,რომ ტრამპის ინიციატივა ინიციატივად დარჩება, რომ 20 აპრილამდე მიაღწიოს შეთანხმებას. სიტუაცია იგივენაირად გაგრძელდება, სანამ თავად ტრამპი და პუტინი არ შეხვდებიან, რომელიც შესაძლოა მაისში შედგეს",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან".
რა გახდა ცნობილი აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების დასრულებამდე
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა შავი ზღვის ინიციატივის საკითხი იყო.
„გამოვდივართ იქიდან, რომ დღეს დღის წესრიგში დგას შავი ზღვის ინიციატივის საკითხი და ამ ინიციატივის განახლებასთან დაკავშირებული ყველა ასპექტი", - აღნიშნა პესკოვმა.
მისი მტკიცებით, შავი ზღვის ინიციატივის განხილვის წინადადება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან მიიღეს. ამბობს, რომ ინიციატივის მიზანია შავ ზღვაში გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
"რუსეთსა და შეერთებულ შტატებს აქვთ სურვილი, გადავიდნენ უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზაზე, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი განსხვავებული ასპექტია დასამუშავებელი.
„საუბარია ქვეყნების სურვილზე და მზადყოფნაზე, გადავიდნენ მშვიდობიანი მოგვარების გზაზე - აქ ნამდვილად არის საერთო გაგება. ზოგადად, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი განსხვავებული ასპექტია დასამუშავებელი კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა პესკოვმა.
რუსეთისა და შეერთებული შტატების ექსპერტთა ჯგუფებს შორის ერ-რიადში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ყველაზე სერიოზული პრობლემები განიხილება, - ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის წევრმა გრიგორი კარასინმა რუსულ მედიასთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა მოლაპარაკებების დაწყებამდე. მისი თქმით, მოლაპარაკებები სრული ტემპით მიმდინარეობს.
კითხვაზე, არის თუ არა მხარეებს შორის რაიმე ურთიერთგაგება, კარასინმა უპასუხა: „როგორ შეიძლება არ იყოს, თუ უკვე ამდენი ხანია - სამი საათია - ვსხედვართ და სერიოზულ პრობლემებზე ვსაუბრობთ. ასე რომ, ვაგრძელებთ ამ საუბარს".
რაც შეეხება კითხვას, შესაძლებელია თუ არა რუსულ-ამერიკული შეხვედრები ექსპერტების დონეზე კიდევ გაიმართოს, კარასინმა განაცხადა, რომ ეს საკითხი მოგვიანებით დაიგეგმება.
„ჩვენ ჯერ არ დაგვიმთავრებია. მოიცადეთ, მოგვიანებით დავგეგმავთ",- განაცხადა კარასინმა.
რუსული მედია წერს, რომ მოლაპარაკებების პერიოდში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანს ესაუბრა. ამავე ინფორმაციით, პუტინმა ალ ნაჰაიანს რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის პროცესში შუამავლობის გამო მადლობა გადაუხადა.
„რუსულმა მხარემ მადლიერება გამოხატა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ რუსეთსა და უკრაინას შორის დაკავებული პირების გაცვლის პროცესში აქტიური შუამავლობისთვის", - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
ამასთან, კრემლის ცნობით, რუსეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტებმა რუსეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს.
„ლიდერებმა უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით მიმდინარე რუსულ-ამერიკული დიალოგის განვითარების საკითხი განიხილეს. მოჰამედ ალ ნაჰაიანმა რუსეთისა და აშშ-ის ძალისხმევის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა", - აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებს ენდობა, მაშინაც კი, როდესაც ამერიკული დაზვერვა პუტინის სიტყვებთან წინააღმდეგობაში მოდის.
„მიმაჩნია, რომ რუსეთმა თეთრი სახლის გუნდის ზოგიერთ წევრზე ინფორმაციის მეშვეობით გავლენის მოხდენა მოახერხა. ამერიკელებისთვის მათი სიგნალი იყო, რომ უკრაინელებს ომის დასრულება არ სურდათ და რაღაც უნდა გაეკეთებინათ, რომ მათზე ზეწოლა მოეხდინათ", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.