
მამუკა ხაზარაძე დღეს, 14:00 საათზე, პროკურატურაში მისვლის ნაცვლად, აპირებს, კითხვებს პასუხები მედიის თანდასწრებით, საჯაროდ გასცეს. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ითხოვს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას, რადგან ამბობს, რომ გაბიტაშვილის პროკურატურას არ ენდობა.
სავარაუდოდ დღეს დაიბარებენ "ლელო-ძლიერი საქართველოსთვის" კიდევ ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძესაც.
ოპოზიციურ კოალიციაში ფიქრობენ, რომ თაროდან ჩამოღებული აბსურდული საქმეებით, რეჟიმს მათი ციხეში გამოკეტვაა და ოპოზიციის გაქრობა უნდა.
ივანიშვილის საპოლიციო ავტორიტარიზმი სრულიად ლოგიკურად, დანაშაულებრივად ავითარებს საკუთარ ქმედებებს და ბუნებრივია ჩვენი პოზიცია არის ნათელი, ისეთი როგორც შეეფერება საქართველოს ეროვნული ინტერესების გამტარ, პროდასავლურ ოპოზიციას და მის ლიდერს.
მამუკა ხაზარაძეს, მიუხედავად იმისა, რომ აქვს მიწვევა, როგორც მოწმედ დაბარებულია პროკურატურაში, პროკურატურაში არ გამოცხადდება თუმცა მზად არის გამოცხადდეს მაგისტრად მოსამართლესთან, ეს არის ივანიშვილის მცდელობა, შესაძლებლობა გამოიყენოს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს მთავარ ოპონენტს"- აცხადებს ირაკლი კუპრაძე.
ოპონენტების პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს ხაზარაძე-ჯაფარიძის კიდევ ერთი თანაგუნდელი, თაზო დათუნაშვილიც.
მისი თქმით, წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე ამ საქმეზე მიყვანილმა ბიზნესმენმა, ჯემალ ლეონიძემ პირდაპირ ეთერში მისცა "ოცნების" საწინააღმდეგო ჩვენება.
აბსოლუტურად ყველა სიგიჟისთვის, რაშიც ივანიშვილი ცდილობს, რომ ეს ქვეყანა და ეს ხალხი ჩაითრიოს, ჩვენ მზად ვართ და ვერავის ვერ შეაშინებენ! აი, ასეთი დაკიდებული მახვილით - ვერავის ვერ შეაშინებენ თავისი პროკურატურით, რადგან ჩვენ ვიცით, რომ მათი დღეები დათვლილია"- აცხადებს ის.
პროკურატურამ გამოძიება "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ თეა წულუკიანის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
ხაზარაძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
წულუკიანმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 25 მარტს დაიბარა ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძის საქმის განხილვაზე.
თავად ხაზარაძემ საგამოძიებო კომისიას "ცირკი" უწოდა და პარლამენტში მისვლაზე უარი თქვა. წულუკიანის კომისიაზე მისვლაზე უარი თქვა ბადრი ჯაფარიძემაც.