
სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. ექსპერტის კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძის აზრით, სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებას რამდენიმე საკითხი ხელს უშლის, მათ შორის არის რუსეთი და აზერბაიჯანთან კონფლიქტის მოუგვარებლობა. ამიტომ ის ვარაუდობს, რომ ამ პროცესის მიღწევაში მოსკოვი ეცდება მაქსიმალურად ხელი შეუშალოს.
„ის, რომ სომხეთის ხელისუფლებამ თავისი ვექტორი მკვეთრად შეცვალა და დასავლეთისკენ გადაიტანა ორიენტაცია, მოსკოვში სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს. სომხეთის ევროკავშირში წევრობის თემა ასე მარტივად არ გამოვა. მართალი გითხრათ, ისეც არ გამოვა. თან ნუ დაგვავიწყდება, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელი ჯერ არ მოწერილა".
სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ეროვნულმა ასამბლეამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი მეორე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა. „კანონპროექტს მხარი 64-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7 დეპუტატმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, გადაწყვეტილება მიღებულია", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანმა.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი მთავრობამ 2024 წლის 9 იანვარს დაამტკიცა, რის შემდეგაც ის პარლამენტს გადაეგზავნა. ეროვნულმა ასამბლეამ კანონპროექტი პირველი მოსმენით გასულ თვეში მიიღო.
მამუკა არეშიძის თქმით, რუსეთს აქვს კონკრეტული გეგმა და არ აწყობს სომხეთის ევოკავშირში გაწევრიანება, ამის გარდა, ბევრი ფაქტორია, რომელიც ამ მიზნის მიღწევაში ხელს უშლის.
„ის, რომ სომხეთის ხელისუფლებამ თავისი ვექტორი მკვეთრად შეცვალა და დასავლეთისკენ გადაიტანა ორიენტაცია, მოსკოვში სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს. დღევანდელი მოცემულობით, მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ სივრცეში დაბრუნება. აქ იგულისხმება მისი ნომერ პირველი მიზანი, თურქეთის გავლენების შეზღუდვა, რასაც რუსეთი სამი საუკუნეა აკეთებს. ყარაბაღის მოვლენებმა და თურქეთის აქტიურობამ რუსეთს პრაქტიკულად სამხრეთ კავკასიიდან ფეხი ამოაკვეთინა. ახლა კი უკან დაბრუნებაზე იწყებს ზრუნვას და, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღევანდელი მოცემულობით მოსკოვში ფიქრობენ, რომ მას და ამერიკასა შორის სხვა ურთიერთობა ყალიბდება. ასე რომ, ამ დროისთვის მისთვის სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი განსაკუთრებით წითელი შუქი არაა, მაგრამ თუ ამ პროცესს სხვა ნაბიჯებიც მოჰყვება, მოსკოვისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იქნება. ამიტომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამას ხელი შეუშალოს.
„მე ვიცი, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხი იქნება რუსეთის გავლენის აღდგენა-შენარჩუნება პოსტსაბჭოთა სივრცეში, ეს აუცილებლად იქნება. რამდენად მიიღებენ ამერიკელები ამას, სხვა საკითხია. ევროპელები რომ არ მიიღებენ, ფაქტია, თუმცა ისინი არც მონაწილეობენ მოლაპარაკებებში. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, მოსკოვისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ჩრდილოეთ-სამხრეთ სავაჭრო გზის ალტერნატივის შექმნა. აქ იგულისხმება ის, რომ ეს სავაჭრო გზა მუშაობს და გადის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მიდის ირანის გავლით, შემდეგ უკვე სპარსეთის ყურეში და იქიდან ინდოეთში. ამ გზას ჰქვია სანკტ-პეტერბურგი-მუმბაი. ახლა მოსკოვს უნდა, რომ რუსეთი აზერბაიჯანზე არ იყოს დამოკიდებული და ამ გზის დასავლეთისკენ გადმონაცვლება სურს. კერძოდ, აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს გავლით, მერე უკვე სომხეთისა და ირანისკენ. თან ამით აფხაზეთის რკინიგზას აამუშავებს. სომხეთის რკინიგზა კი ისედაც რუსეთს ეკუთვნის და იმასაც აამუშავებს, ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია „ზანგეზურის კორიდორის" გადაკვეთა. ეს არის მათი გეგმა, რომელზეც მუშაობენ, მაგრამ რამდენად მიაღწევენ, მეორე საკითხია.
„ასე რომ, თუ ეს რკინიგზა გაივლის სომხეთის ტერიტორიაზე, მისი ევროკავშირში წევრობის თემა ასე მარტივად არ გამოვა. მართალი გითხრათ, ისეც არ გამოვა, მაგრამ ახლა მითუმეტეს გაუჭირდებათ. თუმცაღა აქ მარტო რუსეთის ფაქტორი არაა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ის ცნობა, რომელიც აზერბაიჯანმა და სომხეთმა მიაწოდეს დანარჩენ მსოფლიოს, არიქა სამშვიდობო ხელშეკრულება მზად არის და დღეს-ხვალ ხელი უნდა მოეწეროსო, პრაქტიკულად გადაიდო. ეს იმიტომ, რომ აზერებაიჯანის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა სომხეთის კონსტიტუციიდან ამოღებული იქნას ყარაბახის თემა. ფაშინიანის ხელისუფლება კი ამბობს, რომ ეს საკითხი მხოლოდ რეფერენდუმზე შეიძლება გადაწყდეს, ესეიგი დრო იწელება. აზერბაიჯანი ამ დოკუმენტზე ხელს არ აწერს და გამორიცხული არაა დღეს- ხვალ სამხედრო დაპირისპირების პროვოცირება მოხდეს. მსხვილ მოთამაშეებზეა დამოკიდებული, რომლებიც სამხრეთ კავსაკიაში აქტიურობენეს სამხედრო კონფლიქტი განახლდება თუ არა. ბევრი ფაქტორი იკვეთება, რომლებიც ერთმანეთზე იჯაჭვება და ასე მარტივი გადასაწყვეტი არაა", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".