თამთა ჩაჩანიძე
28.03.2025

„გვსურს გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოში საგადახდო სისტემების - „ვიზა" და „მასტერკარდი" საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება. ეს არის დეზინფორმაცია და რეალური ფაქტების მცდარი ინტერპრეტაციის მცდელობა, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს", - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის 28 მარტის განცხადებაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სებ-ი მუშაობს პროექტზე, რომელიც ლარის გადარიცხვისას ვიზის და მასტერკარდის გავლენას შეამცირებს, რაზედაც ეკონომისტების ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა „ოცნება" სანქციებისთვის ემზადება, ნაწილი კი აცხადებს, რომ ატეხილი აჟიოტაჟი და ანალოგიები რუსულ „მირის" ბარათთან სიმართლეს არ შეესაბამება.

სებ-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბანკი მუდმივად ზრუნავს ხელი შეუწყოს ქვეყნის საგადასახადო სისტემის ეფექტიანი და უსაფრთხო ფუქნციონირებას.

„ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წლის წინ, მსოფლიო ბანკთან ერთად, დაიწყო მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის პროექტზე მუშაობა. აღნიშნული სისტემა 2026 წლის მეორე ნახევრიდან ხელმისაწვდომი იქნება უკვე ჩვენი მოსახლეობისთვის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. უფრო მეტიც, აღნიშნული სისტემა კიდევ უფრო მეტად განავითარებს, ე.წ. „ღია ბანკინგის" მომსახურებებს, რომლებსაც საქართველოში სთავაზობენ ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ფინტექ კომპანიები საგადახდო მომსახურების პროვაიდერების სტატუსით. უნდა აღინიშნოს, რომ არასაბანკო საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ინსტიტუტის ჩამოყალიბება და „ღია ბანკინგის" მომსახურების ხელშეწყობა, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომელიც სრულად იყო შესრულებული 2022 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით. მყისიერი გადახდებისა და ღია ბანკინგის მომსახურებების სინერგია საშუალებას მისცემს მომხმარებლებს და კერძო სუბიექტებს თავიანთ მოთხოვნებზე მორგებული და ხელმისაწვდომი მომსახურება მიიღონ.

„უნდა აღინიშნოს რომ საქართველოში საბარათე გადახდების საკმაოდ მაღალ დონეზე განვითარების მიუხედავად, კვლავ მცირე მეწარმეებისთვის ეს გადახდის მეთოდი არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი მისი მომსახურების მაღალი საკომისიოს გამო. სწორედ, მყისიერი გადახდების სისტემა ფინტექ კომპანიებთან კოლაბორაციით, გაზრდის ელექტრონული გადახდების ხელმისაწვდომობას იმ სექტორში, რომელიც დღეს ამ მომსახურებას მოკლებულია.

„დამატებით უნდა აღინიშნოს, ახალი საგადახდო სისტემა იმუშავებს საერთაშორისო სტანდარტის საფუძველზე და თავსებადია ევროს ერთიანი საგადახდო სივრცის (SEPA) სქემებთან, რაც საშუალებას მოგვცემს SEPA გეოგრაფიულ არეალში საქართველოს გაწევრიანების შემდეგ განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნის საგადახდო სისტემის ევროპულ საგადახდო სისტემასთან ინტეგრაცია.

„განვმარტავთ, რომ ზემოთ აღნიშნული არასაბარათე და ტრადიციული საბარათე (VISA, Master Card, American Express) საგადახდო სქემები საქართველოში ისევე როგორც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მუშაობს და კვლავაც იმუშავებს ერთმანეთის პარალელურად, რაც შექმნის საგადახდო სფეროში მეტ კონკურენციას და უზრუნველყოფს მომსახურების ფართო არჩევანს მომხმარებლისთვის", - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განმარტებაში.

ეროვნული ბანკის საბჭოს ვიცეპრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ 27 მარტს საპარლამენტო სხდომაზე განაცხადა, რომ ახალი National Switch-ის პროექტი ამჟამად განხილვის სტადიაშია და მას მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება.

„არ შემიძლია არ აღვნიშნო მეოთხე პროექტიც, თუმცა ის მხოლოდ განხილვის სტადიაშია, ეს არის National Switch-ის პროექტი - ყველამ ვიცით რა არის ბარათი და თუ შეგვიმჩნევია, მათზე მხოლოდ „ვიზა" და „მასტერ კარდია" დაწერილი, ის ლარში გადარიცხვები, რომლებიც ხორციელდება ჩვენს ტერიტორიაზე ლარშიც კი, ხორციელდება უცხოური პროვაიდერების მიმართ, რომელთა ოფისებიც არის სხვა ქვეყანაში, თუმცა ჩვენთანაც არიან კარგად წარმოდგენილი, მაგრამ ჩვენ მივედით იქამდე, რომ ამ ინფრასტრუქტურის ამ ეტაპზე ჯერ დანერგვის და არქონის გამო ძირითადად ეს ყველაფერი არის VISA და Mastercard-ის მეშვეობით განხორციელებული. ანუ ის გამოცდილება, რომელიც სხვა ქვეყნებში საკმაოდ დიდია, ვცდილობთ გადმოვიტანოთ და ალბათ წელიწადნახევარში ორ წელიწადში ეს პროექტები წარმატებით დასრულდება," - თქვა გალდავამ.

პარლამენტის დეპუტატი, ვაკო თურნავა დაინტერესდა, როგორ იმოქმედებს ღია ბანკინგი ბარათებთან დაკავშირებულ საკომისიოებზე: „ვუყურებდი ბოლო სტატისტიკას, დაახლოებით VISA-ს და Mastercard-ს ასობით მილიონი ლარი საკომისიო აქვთ ქვეყნიდან გატანილი. გამოიწვევს თუ არა ღია ბანკინგის ჩართვა, რომ ქვეყნიდან ეს თანხა აღარ გავა და პირიქით, ჩვენს ეკონომიკაში დატრიალდება?" - იკითხა ვაკო თურნავამ.

ამას თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა freebusiness.ge-ის დამფუძნებლი, გიორგი ჩუგოშვილი ეხმიანება.

„რუსეთში 2015 წელს გადავიდნენ ამ სისტემაზე, მას შემდეგ რაც 2014 წელს ყირიმში შესვლის შემდეგ დაეწესათ სანქციები რუსულ ბანკებს და ერთადერთი ალტერნავტივა ამ ქვეყანას, როდესაც ის არ არის ინტეგრირებული საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში რჩება ის, რომ თავისი სისტემა გამართოს. შიდა სისტემის გამართვა მხოლოდ იმუშავებს ადგილობრივ ვალუტაზე, ქართულ ლარზე, ისე როგორც რუსეთში რუსულ რუბლზე მუშაობს. ყველაზე ნეგატიური სცენარი თეორიულად არის ის, რომ თუ ჩვენ შეგვეზღუდება წვდომა VISA და Mastercard-ის ბარათებზე, ძალიან ბევრი რაღაცა, რაც ჩვენთვის ახლა ყოველდღიურობა არის, ეს მარტივი გადახდები, უცხოეთიდან რაღაცების გამოწერები, სხვადასხვა სერვისებით სარგებლობა და ა.შ. ამ ყველაფერს საფრთხე შეექმნება, მათ შორის ჩვენი ბარათებით უცხოეთში ტრანზაქციების შესრულების შესაძლებლობას," - აცხადებს გიორგი ჩუგოშვილი.

ფინანსისტი ირაკლი ერაძე კი სოციალურ ქსელში წერს, რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელება „ბოდვაა". ირაკლი ერაძის თქმით, „სირცხვილია არაფრისგან დრამის დადგმა".

VISA და Mastercard-ზე ატეხილი აჟიოტაჟი და ანალოგიები რუსულ МИР ბარათთან არის უპასუხისმგებლო ბოდვა. ერთის მხრივ, საერთოდ წარმოდგენა არ უნდა გქონდეს ადამიანს, „ექსპერტს", Open Banking-ზე რომ მსგავსი დასკვნები გამოიტანო და მეორეს მხრივ, უპასუხისმგებლობის და არაკომპეტენტურობის მაღალი დონე უნდა გაგაჩნდეს მედიას, რომ ამაზე აჟიოტაჟი შექმნა და სკანდალის შექმნას შეეცადო.

„ბრიტანეთი, ევროკავშირი, აშშ, ბრაზილია, ინდოეთი, სამხრეთ კორეა და ავსტრალია. ესაა ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც Open Banking საკმაოდ განვითარდა ბოლო პერიოდში და ერთ-ერთი შედეგი ზუსტად VISA და Mastercard გავლენის შემცირება მოიტანა, კონკურენციის (და არამარტო) ზრდის ხარჯზე. სირცხვილია არაფრისგან დრამების დადგმა!" - წერს ირაკლი ერაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×