
ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ჯერჯერობით წარუმატებელი მოლაპარაკებების ფონზე, უკრაინის არმიამ ბელგოროდის რეგიონში საკონტროლო ტერიტორია გააფართოვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალებმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში 3-4 კილომეტრით წინ წაიწიეს. ანალიტიკოსების შეფასებით, ამ ოპერაციას როგორ სამხედრო, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. თუმცა ფიქრობენ, რომ ამ მიმართულებაზე უკრაინელთა შეტევა არ იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც გასული წლის ზაფხულის შეტევა კურსკის ოლქზე.
„უკრაინელების ძირითადი მიზანი მაინც არის რუსული ძალების ყურადღების გადატანა კურსკისა და პოკროვსკის მიმართლებებიდან", - განაცხადა გენშტაბის ყოფილმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისს გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია კი ვარაუდობს, რომ უკრაიანა კურსკის ოპერაციის ანალოგს ბელგოროდის მიმართულებაზე ვერ განახორციელებს: „მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სურვილია უკრაინამ ბელგოროდის ოლქში წარმატებული ოპერაცია განახორციელოს, რეალურად საეჭვოა ეს მოახერხონ".
უკრაინის არმიის სარდლობა ამ მოვლენებზე ოფიციალური განცხადებისაგან ჯერჯერობით თავს იკავებს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ „გარკვეული ნაბიჯები" გადადგა კურსკის ოლქის გარეთ უკრაინის პოზიციებზე ზეწოლის შესამცირებლად.
რუსული სამხედრო ბლოგი „რიბარი", რომელსაც 1.3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, იტყობინება სასტიკი ბრძოლების შესახებ ბელგოროდის ოლქის სოფელ პოპოვკაში, სადაც ორივე მხარე აქტიურად იყენებს საბრძოლო დრონებს.
ვახტანგ კაპანაძის შეფასებით, უკრაინის მიერ ბელგოროდში განხორციელებულ ოპერაციას შესაძლოა სამი მიზანი ჰქონდეს, მათ შორის პოლიტიკურიც.
„უკრაინელების ძირითადი მიზანი მაინც არის რუსული ძალების ყურადღების გადატანა კურსკისა და პოკროვსკის მიმართლებებიდან. მეორე ისაა, რომ საომარი მოქმებები რუსულ ტერიტორიებზე გადაიტანონ და უკრაინის საზღვრებიდან მოშორებით გარკვეული ბუფერული ზონა შეიქმნას; და მესამე ეს არის პოლიტიკური მიზანი - პუტინი რომ გამოდის და იძახის - რუსული ჯარები წინ მიიწევს და წარმატებულ საომარ მოქმედებებს ვაწარმოებთო, ასე არაა და ამის დანახება უნდათ უკრაინელებს მსოფლიოსთვის", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".
ვახტანგ მაისაიას ეეჭვება, რომ უკრაინამ მოახერხოს კურსკის ვარიანტის გამეორება.
„სავარაუდოდ, უკრაინას იგივე მისია აქვს, რაც კურსკთან დაკავშირებით ჰქონდა. თუმცა არ მგონია ბელგოროდში კურსკის ვარიანტი გაიმეორონ, რადგან რუსები ალბათ მომზადებული იქნებიან და უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს უფლებას არ მისცემენ კურსკის ოპერაცია გაიმეორონ.
„ასე რომ, მე ეჭვი მეპარება უკრაინელებმა მიზანს მიაღწიონ, ვინაიდან რუსები უფრო მოძლიერებული არიან და ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება, რომელიც შექმნილი იყო კურსკის გათავისუფლების მიზნით, არასად წასულა და გადასროლილია ბელგოროდის მიმართულებით. რამდენადაც მე ვიცი, რუსებმა გარკვეულ მონაკვეთებზე შეძლეს უკრაინული შეიარაღებული ძალების ბლოკირება. ამიტომ არ მგონია კურსკის ანალოგი ბელგოროდში შეიქმნას, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სურვილია უკრაინამ ეს მოახერხოს. ამ შემთხვევაში ეს რეალობა უნდა მივიღოთ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".