
ოპოზიცია 31 მარტის აქციისთვის ემზადება. მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ლიდერთა ბოლო შეხვედრა კვირას გაიმართა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ოპოზიციის ერთობა საბოლოოდ დარღვეულია და ორშაბათს ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ერთობლივი მოქმედების რაიმე გეგმას, რაც ადრე იყო დაანონსებული. ცალკეული ოპოზიციონერები კი უკვე ღიად საუბრობენ, რომ ყველამ თავისი პარტიული პლატფორმით უნდა დაიწყოს მოქმედება.
თავად ოპოზიციაში ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ ახალ ერთობასთან დაკავშირებით შიდა წინააღმდეგობებისა და დაპირისპირების ფონზე, ამგვარი რამ მოსალოდნელიც იყო. როგორ აისახება ეს საპროტესტო მუხტსა და ხელისუფლების ოპონენტთა განწყობებზე, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია. თუმცა, ანალიტიკოსთა შეფასებით 31 მარტის აქცია იქნება ერთგვარი ბოლო ტესტი როგორც ზურაბიშვილისთვის, ისე ოპოზიციისთვის და ამას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ოპოზიციის შემდგომ აქტივობებზე და ქუჩაში მიმდინარე პროტესტზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ზურაბიშვილი უშუალოდ ამ აქციის წინ ბალტიის ქვეყნებში იმყოფებოდა. ამ აქციისა და ოპოზიციის ერთობის ინიციატივაც მას ეკუთვნის, თუმცა დიდ ფსონებს ამაზე თავად ოპოზიციაც დებს. ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმასაც კი აცხადებდა, რომ 31 მარტი ერთგვარ ბოლო ვადად უნდა განისაზღვროს, რადგან თუ ერთობა მართლაც ეფემერული და უტოპიურია, მაშინ უნდა დასრულდეს ამაზე „ყალბი საუბარი" და ყველა პარტიამ საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედოს.
აქციისთვის მზადებას და ზურაბიშვილთან კონსულტაციებს მშვიდად არ ჩაუვლია. ჯერ ენმ-ის წევრები სალომე ზურაბიშვილის მისამართით აკეთებდნენ მწვავედ კრიტიკულ განცხადებას, ძირითადი თემა კი თავის დროზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის არშეწყალება იყო. მეორეს მხრივ კი პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრები განსაკუთრებით მიუღებლად მიიჩნევდნენ „ნაცმოძრაობასთან" რაიმე ტიპის ერთობას. ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა კი „ტვ პირველთან" განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გახარიას პარტიას სხვადასხვა ეთერში ოპოზიციისა და „ნაციონალური მოძრაობის" სალანძღავად ფული და სხვა პრივილეგიები შესთავაზა, რის საპასუხოდაც „რეზონანსთან" გახარიას პარტიამ ენმ-ს განცხადებას სისულელე უწოდა და მოუწოდა, მათ და „ახალს" თავად გაესაჯაროვებინათ დაფინანსების წყაროები.
რაც შეეხება უშუალოდ აქციიის დეტალებს, პარლამენტის წინ შეკრება ორშაბათს საღამოს 8 საათზეა ანიშნული. გარკვეული ჯგუფები კი რეგიონებიდან დედაქალაქისკენ მსვლელობით უკვე 29 მარტს დაიძრნენ.
ბოლო შეხვედრა და ოფიციალური განცხადებები
30 მარტს სალომე ზურაბიშვილის ოფისში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის", „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", „ძლიერი საქართველოს" და პარტია „ფედერალისტების" წარმომადგენლები.
„კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა მაია კოპალეიშვილმა 29 მარტს განაცხადა, რომ ზურაბიშვილი ოპოზიციასთან კონსულტაციების შედეგად სამოქმედო გეგმის შეთანხმებულ ვარიანტს გააჟღერებდა.
„ალბათ, რელევანტური იქნება, ქალბატონ სალომეს ამ განცხადებას დაველოდოთ, რომელიც რა თქმა უნდა, კონსულტაციების შედეგად იქნება მიღებული. იცით, რომ ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტს ხვდებიან, სხვადასხვა საკითხებზე კონსულტაციებს ატარებენ, ამიტომ 31 მარტს პრეზიდენტი ზუსტად განაცხადებს შედეგებს. ვფიქრობ, ის იტყვის რაღაც შეთანხმებულ ვარიანტს, მათ შორის, ისიც გაირკვევა, სად თანხმდებიან და სად - ვერა", - განაცხადა კოპალეიშვილმა.
თუმცა, 30 მარტის შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერი ლიდერები პირდაპირ აცხადებდნენ, რომ არანაირი ერთიანი გეგმა არ არსებობს და ოპოზიციური ერთობაც ჩაშლილია.
„ასეთ მოლოდინს მგონი არავინ უნდა ქმნიდეს, რომ ხვალ რაღაც გეგმა უნდა გახმოვანდეს - ასეთი რამ მე არ მომისმენია. გეგმა არსებობს სტრუქტურულად შემდეგი - არის პროტესტი, არის ჩვენი პარტნიორების მობილიზება იმ ხალხის მხარდაჭერისთვის, რომელიც იბრძვის, რომ იყოს ახალი დემოკრატიული პროცესი და არჩევნები, არ იყოს პოლიტპატიმრები, შეწყდეს რეპრესიები და ამ მიმართულებით რა უნდა გააკეთოს პოლიტიკურმა სპექტრმა საზოგადოებასთან ერთად", - განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგი წერეთელმა.
კიდევ უფრი კრიტიკული და პესიმისტური იყო ენმ-ის თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავას განცხადება:
„ჩემი დღეს აქ მოსვლის ერთადერთი მიზანი იყო, რომ გადმომეცა პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრების გზავნილი - მათ აქვთ კონკრეტული მოლოდინები ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ერთიანობასთან, პროტესტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის რეგიონებში გასვლის ჩათვლით. მაგრამ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ არცერთ აღნიშნულ საკითხზე რეალურად, ერთიანი პოზიციები არ არსებობს. ამიტომ, დღეს როდესაც რეჟიმი რეპრესიების ახალ ტალღას იწყებს და პირდაპირ აანონსებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ჩემი აზრით, ყველაზე ძვირფასია დრო. ნამდვილად არ არის დასაკარგი დრო უტოპიურ და არარეალისტურ საკითხებზე. ამიტომ, ჩვენ ჩვენი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ არა ყალბი მოლოდინებით, არამედ პოლიტიკური და პარტიული პლატფორმით", - განაცხადა ბოკუჩავამ მედიასთან.
„ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ კი განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ორშაბათის აქციაზე შეკრებილებს გააცნობს „თავის შეფასებებს" და არა რაიმე გეგმას.
როგორ გაგრძელდება პროტესტი
კითხვაზე, არის თუ არა ეს აქცია ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტი და რამდენად არის დამოკიდებული ოპოზიციის შემდგომი აქტივობები ამ აქციაზე, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გარკვეულ წილად ეს მართლაც ტესტია და ხელისუფლების ოპონენტთა შემდგომი ნაბიჯებიც ამ აქციაზეა დამოკიდებული.
„რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ასეც იქნება. მინდა შეგახსენოთ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუაჩავას განცხადება. მან თქვა, რომ ეს აქცია იქნება ერთგვერი ტესტი, თუ წითელი ხაზი, რომ თუ ეს აქცია ვერ შედგა და ვერ გამოცხადდა ერთიანი გეგმა, ან რაღაც პროდუქტი არ დაიდო, ამის შემდეგ უკვე ყველა პარტია თავად გადაწყვეტს როგორ იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი დღის წესრიგით.
„ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად მართლაც არის ერთგვარი ბოლო ტესტი ამ აქციის ორგანიზატორისთვის და ორგანიზატორი, როგორც ვიცით, არის სალომე ზურაბიშვილი. ამ აქციაზე თუ არ გამოცხადდა ერთობის ან კოორდინაციის რაღაც მკაფიო, საზოგადოებისთვის გასაგები და მისაღები მონახაზი, ან გეგმა, მაშინ ეს აქცია ჩვეულებრივად ისე ჩაივლის, როგორც ადრე ჩატარებული აქციები და სავარაუდოდ, პარტიები მოიქცევიან ისე, როგორც თინა ბოკუჩავამ თქვა - ყველა საკუთარ თავს მიხედავს.
„თუ ამ აქციაზე რაღაც კონკრეტული ერთიანობის მონახაზი გამოცხადდა - ოპოზიციური ძალების, მათთან აფილირებული არასამთავრობი სეტქორის და სხვადასხვა ახალგაზრდული დაჯგუფებების - შესაბამისად, ამის შემდეგ დაიწყება რაღაც კოორდინირებული მოქმედებები. მაგრამ, თუ ოპოზიციურმა პარტიებმა ჩათვალეს, რომ ეს ერთიანობის შემოთავაზებული გეგმა არასრულყოფილია, ან რაღაც მიზეზების გამო მათთვის ბოლომდე მიუღებელი, მაშინ ისინი ყველანაირად შეეცდებიან სიტუაციიდან რაღაცნაირად ლამაზად გამოძვრნენ, როგორც ადრე გაუკეთებიათ. თქვან, რომ - კი, ბატონო, ჩვენ ერთობის მომხრეები ვართ, მაგრამ არის ნიუანსები და პარტიის საკუთარი დღის წესრიგი და ა.შ., რის გამოც უარს ვამბობთ. ყველაფერი ეს წავა იმისკენ, რომ არაფერიც არ მოხდება", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ასევე აცხადებს, რომ 31 მარტი იქნება ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტი.
„როგორც ვიცი და რაც მესმის, 31 მარტის აქციაზე ბევრი ხალხი იქნება, თითქმის ყველა აპირებს მისვლას. რადგან ეს აქცია პირველმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა - სალომე ზურაბიშვილმა დაანონსა და თუ ხალხი ბევრი მივიდა, ესე იგი ხალხი არ კარგავს ნდობას პოლიტიკოსების მიმართ და ეს მომენტი პოლიტიკოსებმა გონივრულად უნდა გამოიყენონ და ამ ხალხს დაელაპარაკონ. კარგი იქნება, თუ ამ სერიოზული გამოსვლის შემდეგ დაიწყება დიალოგი ოპოზიციასა და ამ აქციის ლიდერებს შორის - რას აკეთებენ, როგორ მოქმედებენ და რა გეგმები აქვთ.
„ეს აქცია იქნება ერთგვარი ტესტი - ხალხთან ლაპარაკი თუ შეიძლება და თავად ამ ხალხის ხედვა როგორია", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მშვიდი მიტინგი, თუ ისევ შეტაკებები
როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რა გავლენა ექნება ამ კონკრეტულ აქციას მიმდინარე პროტესტზე, ეს დამოკიდებული იქნება, თუ რა გაჟღერდება აქციაზე.
„ყველა ელოდება, რომ ამ აქციაზე რაღაც კონკრეტული გეგმა გამოცხადდება. შესაბამისად, თუ ეს გეგმა იქნება სიცოცხლისუნარიანი და ყველასთვის მისაღები, შესაძლოა საპროტესტო აქციებზე ის გავლენა მოახდინოს, რომ შედარებით უფრო მრავალრიცხოვანი გახდეს. თუმცაღა, მეორე მხრივ, თუ ეს აქცია არაფრით არ დათავრდა, ანუ ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ მიიღეს ის, რასაც ელოდებიან, საპროტესტო აქციები თავისთავად გაგრძელდება, რადგან ეს არის ის ერთადერთი ინსტრუმენტი, რითაც აქციის მონაწილეებიც და ორგანიზატორებიც ინარჩუნებენ დასავლეთის ყურადღებას და მხარდაჭერას. ამიტომაცაა, რომ ამ აქციებში საკმაოდ სერიოზული თანხები იდება. პროკურატურამ ამიტომაც დააყადაღა ის 4 ფონდი. ეს აქციები გაგრძელდება მიუხედავად იმისა, რა შედეგით დამთავრდება 31 მარტის მიტინგი", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
მისივე ვარაუდით, აქცია მშვიდობიანად ჩაივლის, თუმცა ბოლომდე გამორიცხული არაფერია.
„არ ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილოეებს რადიკალური ქმედებებისკენ მოუწოდოს, ეს არ შედის მის ინტერესებში. რადიკალური ქმედებები, რა თქმა უნდა, გამოიწვევს იმას, რომ დანარჩენი საზოგადოების თვალში აქცია მიიღებს არაცივილიზებული რადიკალური მოქმედების სახეს, რაც საზოგადოების უმრავლესობისღვის მიუღებელია.
„ვნახეთ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა საზოგადიებას იმ რადიკალური აქციების მიმართ, რაც შარშან იყო. თუმცა ბოლომდე არაფერია გამორიცხული. ჩემი მოლოდინი ისაა, რომ აქცია ჩვეულებრივ რეჟიმში ჩატარდება, თუ, რა თქმა უნდა, აქციის მონაწილეებმა არ გამოიჩინეს რაღაც ინიციატივა, მაგრამ ამას ნაკლებად ველოდები", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
ზაქარეიშვილი კი ფიქრობს, რომ აქცია მშვიდობიანად დასრულდება:
„აქცია ალბათ მშვიდობიანად დასრულდება, რადგან საზოგადოებაში განცდაა, რომ მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლა. მე არსაიდან არ გამიგია სხვა რამ მოსაზრება, გარდა მშვდობიანი ფორმით რეჟიმის შეცვლისა".
კითხვაზე, რამდენად არის უკვე მზად აქციის წინა დღით ის გეგმა, რაზედაც ზურაბიშვილსა და ოპოზიციის კონსულტაციების შედეგად ანონსდება,
ზაქარეიშვილის შეფასებით, თუკი ოპოზიციის ერთობა ვერ შედგა, ეს ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ტრაგედიად არ უნდა იყოს აღქმული:
„საერთოდ, ნურავის ნუ ეშინია, თუ ვიღაც ერთადაა და ვიღაც ერთად არაა. ვინც ერთადაა -იყოს და მას ის ხალხი ენდობა, ვისაც ერთობა მოსწონს. ვინც ცალკეა, ამას თავის ხალხიც ეყოლება. ანუ საჭირო არაა მუდმივად ერთობა-არაერთობაზე საუბარი, ვინ ვისთანაა და როგორ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.