თამთა ჩაჩანიძე
31.03.2025

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე "ძალიან გაბრაზებულია" და თუ უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერებაზე შეთანხმებას ვერ მოახერხებს და ეს იქნება რუსეთის ბრალი, სანქციების დაწესებით იმუქრება. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პუტინს ახლა ომის დასრულება არ აწყობს, რადგან რუსეთის ეკონომიკა მთლიანად ომზე გახდა დამოკიდებული, ტრამპი კი იძულებული იქნება, რომ საპასუხო ნაბიჯები გადადგას, მათ შორის იმიტომაც, რომ ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივის ჩაშლა მის რეპუტაციას ეხება.

"ტრამპი ის ადამიანია, რომელიც საკუთარ სიტყვას და საკუთარ ავტორიტეტს საკმაოდ უფრთხილდება და შესაბამისად, ის პირად წყენადაც კი მიიღებს იმას, თუ მას სიტყვას გაუტეხენ და მის რეპუტაციას შელახავენ",- განაცხადა "რეზონანსთან" ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი და ანალიტიკოსი საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძემ, რომელიც დასძენს, რომ ახლა რუსეთისთვის ყველაზე მტკივნეულია ნავთობზე მეორადი სანქციები.

"მგონი ტრამპი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ რუსეთი არაფრის შემსრულებელი არაა და მემგონი ეს განცხადებაც ამის გამოხატულებაა. ახლა პუტინს ომის დასრულება საერთოდ არ აწყობს, ამას თავიდანვე ვამბობდი, რომ რუსეთის ეკონომიკა თავიდან ბოლომდე მიბმულია ომზე და მის რიტორიკაზე, რაც ომის დასრულების შესაძლებლობას კიდევ უფრო ართულებს",- განაცხადა "რეზონანსთან" საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვახტანგ მაისაიამ.

მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პრაქტიკულად აღიარა, რომ ტრამპის 100 დღიანი გეგმა ცეცხლის შეწყვეტაზე ჩავარდა, ტრამპის ადმინისტრაცია გარანტიას ვეღარ იძლევა, რომ ცეცხლი შეწყდება „ერთ კვირაში, ერთ თვეში", ან თუნდაც 100 დღეში. რუსები კი პირდაპირ აცხადებენ, რომ საბრძოლო მოქმედებების შეჩერება წელს, სავარაუდოდ, არ მოხდება.

რა საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს ტრამპი

პროფესორი თენგიზ ფხალაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ყველაზე მტკივნეული ნაბიჯი რაც ახლა ტრამპს შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ გადადგას, ესაა სანქციები ნავთობზე.

"ყველაზე მტკივნეული, რაც ახლავე შეიძლება გააკეთოს, ეს არის ნავთობზე მეორედი საქნციები, ანუ ყველანაირი ნავთობი, რაც არის რუსეთიდან, აბსოლუტურად ყველაფერზე დააწესოს. ეს შესაძლოა იყოს სანქცია, ან ტარიფი და რუსეთისთვის ნავთობი რამდენად მნიშვნელოვანია, მემგონი მაგას ახსნა არ სჭირდება, ამიტომ ეს ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება.

"პლუს, არის იქ სხვა საკითხებიც, მაგალითად ის გამონაკლისები, რაც სანქციების პოლიტიკაში იყო. აქ მეორად სანქციებზეცაა ლაპარაკი, საუბარია კონკრეტულ ბანკებზე და ა.შ. კონრეტული პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც მანამდე არ მოხვდა, შესაძლოა ეს ყველაფერი ახლა მოხვდეს, ანუ ამერიკას ამის რესურსი აქვს და ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლია.

"არ მგონია ტრამპმა არ იცოდეს რა არის რუსეთი, აქ სხვა რამაა, ის ცდილობს და მიაჩნია, რომ კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეს, რომ ურთიერთობები ამ უკიდურესად მწვავე სიტუაციიდან ტრანსფორმირდეს სხვა ტიპის ურთიერთობებში, შესაბამისად, ის თვლის, რომ ასეთი შანსი უნდა მიეცეს მათ შორის რუსეთსაც, ამიტომ იყო ის კომუნიკაცია, რომელიც შედგა და ა.შ.

"ცხადია, თუ ეს ყველაფერი შედეგს არ მოიტანს, მაშინ ის(ტრამპი) მოიქცევა ისე, როგორც საჭიროებს აშშ-ს სახელმწიფოს ინტერესები, რადგან ჯერ ერთი, შეერთებული შტატებისთვის და სხვა ბევრისთვის მართლაც მნიშვნელოვანია რუსეთის ამბიციების შეკავება. მეორეა ტრამპის პირადი ავტორიტეტი, ეს ის ადამიანია, რომელიც საკუთარ სიტყვას და საკუთარ ავტორიტეტს საკმაოდ უფრთხილდება და შესაბამისად, ის პირად წყენადაც კი მიიღებს იმას, თუ მას სიტყვას გაუტეხენ და მის რეპუტაციას შელახავენ",- განაცხადა ფხალაძემ.

მისი თქმით, შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაშლა ტრამპის იმიჯზე იმოქმედებს.

"რა თქმა უნდა იმოქმედებს, აქ რამდენიმე კომპონენტია - ძალიან ბევრი რამაა და მხოლოდ ამერიკა-რუსეთი და რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები არაა. ცხადია გასათვალისწინებელია აშშ-ს მეგობრების, პარტნიორების მოსაზრებები, იქნება ეს ევროპული სახელმწიფოები, თუ სხვა. გუშინ აშშ-ს პრეზიდენტს ფინეთის პრეზიდენტი ელაპარაკა, ტრამპსა და ბრიტანეთის პრემიერს შორის მუდმივი კომუნიკაციაა.

"ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელი და ცხადია, რომ ისეთი ნაბიჯები იქნება გადადგმული, რომელიც ამ სტრატეგიულ ინტერესებს არ დააზიანებს",- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ "რეზონანსთან".

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ‘რეზონანსთან" პროგნოზირებს, ყველა გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთ-უკრაინის ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

"რაც გასაკეთებელი იყო ყველაფერი კი გაკეთდა, მაგრამ ვფიქრობ მოსალოდნელია, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გააძლიერებს, კიდევ უფრო მეტ თანხას გამოუყოფს და შესაძლოა გადაუკეტოს შავი ხვრელები, ანუ ე.წ. არასისტემურ ეკონომიკურ მხარეზეც მოახდინოს ზეწოლა, ამასთან ნავთობზე დაუწესოს სანქციები, რეიგანის პოლიტიკა გაიმეოროს, ნავთობის ფასი ხელოვნურად დასწიოს, ამით ეკონომიკური კოლაფსი მოუწოს.

"მგონი ტრამპი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ რუსეთი არაფრის შემსრულებელი არაა და მემგონი ეს განცხადებაც ამის გამოხატულებაა. ახლა პუტინს ომის დასრულება საერთოდ არ აწყობს, ამას თავიდანვე ვამბობდი, რომ რუსეთის ეკონომიკა თავიდან ბოლომდე მიბმულია ომზე და მის რიტორიკაზე, რაც ომის დასრულების შესაძლებლობას კიდევ უფრო ართულებს.

"ტრამპის საგარეო-პოლიტიკურმა სვლებმა ფაქტიურად ფიასკო განიცადა, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივამ და ახლა უკვე მის რეპუტაციასაც ეხება ეს ყველაფერი და უკვე იძულებული გახდება, რომ პუტინთან იგივე პოლიტიკა გააგრძელოს, რასაც ბაიდენი აკეთებდა.

"რუსეთი ჩიხურ მგონარეობაშია, ის ომს თავისი ინიციატივით არ დაასრულებს. სანამ ან ერთი, ან მეორე მხარეს ექნება რესურსი და გარკვეულ გარდატეხას არ შეიტანს სამხედრო სტრატეგიულ და გეოსტრატეგიული მიმართულებით, მანამდე ომი დასრულების არავითარი პერსპექტივა არ არსებობს",- განაცხადა ვახტანაგ მაისამ "რეზონანსთან".

რას აცხადებს ტრამპი

"ენ-ბი-სი" ტრამპის სიტუვებს ციტირებს, წყაროს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინზე „ძალიან გაბრაზებულია", რადგან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობის სანდოობა.

„თუ მე და რუსეთი ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერებაზე და თუ ვიფიქრებ, რომ ეს რუსეთის ბრალია - რაც შეიძლება ასე არ იყოს... მაგრამ თუ ვიფიქრებ, რომ ეს რუსეთის ბრალი იყო, ვაპირებ მეორადი ტარიფების დაწესებას ნავთობზე, სრულ ნავთობზე, რომელიც რუსეთიდან გამოდის", - განაცხადა ტრამპმა კვირას NBC News-თან სატელეფონო საუბრისას.

მისი თქმით, იქნება 25-დან 50 პროცენტამდე ტარიფი.

"ეს იქნება ის, რომ თუ თქვენ იყიდით ნავთობს რუსეთიდან, თქვენ ვერ შეძლებთ ბიზნესის კეთებას შეერთებულ შტატებში", - განაცხადა ტრამპმა.

ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე სტუბმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან 7-საათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემუშავების პროცესშია იმ შემთხვევისთვის, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე უარს იტყვის, ან შეთანხმებას დაარღვევს.

„უახლოეს მომავალში ის ამას ორმოცდაათი სენატორის მხარდაჭერით წარადგენს", - აღნიშნა სტუბმა.

მისი თქმით, რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის მოთმინება იწურება.

„შევეცადე ამეხსნა, რომ სრულიად ნორმალური საქციელია რუსეთისთვის. ჯერ რაღაცაზე შეთანხმდებით და მერე ისევ პირობებს წამოაყენებს", - აღნიშნა სტუბმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×