
31 მარტს "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი" პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის რიგით მე-8 სხდომაზე სკანდალური განცხადებები გაკეთდა. სხდომაზე მიწვეული იყვნენ: ემზარ კვიციანი, გიორგი კაპანაძე, მარიამ რატიანი, გიორგი თარგამაძე და გიორგი კანდელაკი.
თუმცა სხდომას არ ედაესწრნენ პოლტიკოსი გიორგი კანდელაკი და ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე, თარგამაძემ სატელევიზო ეთერში განაცხადა, რომ საგამოძიებო სხდომაზე დასწრებას არ აპირებდა, რადგან „რეჟიმის ამ ნაბიჯს ჟურნალსიტურ საქმიანობაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობად" მიიჩნევს:
„რევიზიის მიზნით შექმნილ პროცესში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. არ მინდა მოსკოვის და ცხინვალელი სეპარატისტებისთვის სასიამოვნო და ქართული სახელმწიფოებრიობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირგამომთხრელ სპექტაკლში აღმოვჩნდე ჩართული."
კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „თუ მათი დაკითხვა დღეს ვერ ხერხდება მომდევნო დღეებში მოუსმენენ"
წულუკიანმა აღნიშნა, რომ გიორგი კანდელაკი და გიორგი თარგამაძე „ნაციონალური მოძრაობის" მაშინდელი დეპუტატები არიან, რომლებმაც 2008 წელს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე „ქართულ ჯარს დააბრალეს ომის დანაშაულის ჩადენა", შესაბამისად, კითხვები სწორედ ამ საკითხს ეხება.
„ჩვენ გვჭირდება „რეზოლუცია 16/33 -ზე" პასუხი, რატომ დააბრალეს 2008 წელს ქართულ ჯარს, რომ თითქოს ქართველმა ჯარისკაცმა ჩაიდინა ომის დანაშაული", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
„სამხედროებიც უნდა გასამართლდეს"
„სამხედროც უნდა დადგეს პასუხისმგებლობის წინაშე , მეც და ნებისმიერი სხვა და ყველა , ვისაც მცირე წვლილი მიუძღვის დანაშაულში"-განაცხადა ემზარ კვიციანმა
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ კომისია არ იძიებს სამხედროებს, კომისია იძიებს „ნაციონალური მოძრაობის" თანამდებობის პირების საქმიანობის ასპექტებს, უპირველესად კი, მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდლის - პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებებს.
„მინდა გამოვეხმაურო იმ აჟიოტაჟს, რაც ჩვენმა წინა კვირის საქმიანობამ, ზოგიერთ მავნებელში და მათ მიერ პროპაგანდის მსხვერპლად ქცეულ ადამიანში გამოიწვია.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენი კომისია არ იძიებს სამხედროებს, ჩვენი კომისია იძიებს „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობს სხვადასხვა ასპექტსა და საკითხს, პირველ რიგში, მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდლის, მაშინდელი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის - პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებებსა და საქმიანობებს".
წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა მშვიდობიან მოქალაქეებზე და თქვა, რომ კომისიამ კარგად უნდა გამოიკვლიოს, მოსახლეობის გაფრთხილება ვერ მოასწრეს თუ სააკაშვილმა ისინი მიზანმიმართულად ჩატოვა.
„ეს მიმართულება ჩვენ კარგად უნდა გავაღრმაოთ: მიატოვეს და ვერ მოასწრეს მოსახლეობის გაფრთხილება, თუ მიზანმიმართულად ჩატოვა მიხეილ სააკაშვილმა მშვიდობიანი მოქალაქეები საომარი მოქმედებების არეალში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
„გეგმის გარეშე აწარმოეს საომარი მოქმედებები"
წულუკიანმა ხაზგამით თქვა, რომ სხდომებიდან ირკვევა, რომ მაშინდელი თანამდებობის პირები სამხდრო გეგმის გარეშე მოქმედებდნენ.
„ირკვევა წინა სხდომებიდან გამომდინარე, რომ თურმე, დადასტურებულადაც შეიძლება უკვე ჩაითვალოს, თუმცა, სხდომები გრძელდება, რომ მიხეილ სააკაშვილს და მის ამფსონებს - დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილს და სხვებს, არ ჰქონდათ სამხედრო გეგმა, ისე აწარმოეს საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში.
„ის გეგმა, რომელიც სწორედაც ჩვენმა ღირსეულმა, საქმის მცოდნე სამხედროებმა შეადგინეს, იქნა უარყოფილი და გვერდზე გადადებული. შესაბამისად, ისინი აგვისტოს ომის დროს არა სამხედროების აზრის გათვალისწინებით მოქმედებდნენ, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობებითა და პოლიტიკური მოსაზრებებით მართავდნენ საომარ მოქმედებებს", - აღნიშნა წულუკიანმა.
საპარლამენტო საგამოძიებო სხდომის თავმჯდომარემ ყურადღება გიორგი ანწუხელიძეზე გაამახვილა ყურადღება, გმირზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს ტყვედ ჩავარდა და ოსმა სეპარატისტებმა მოკლეს.
ჩვენ მაშინდელ პოლიტიკოსებს ვეკითხებით, რატომ აქციე რეზერვისტები საზარბაზნე ხორცად, რატომ არ იყო არავითარი გეგმა, რატომ აქციე ჯარი, ჯარისკაცები საზარბაზნე ხორცად. ასევე ვსვამთ კითხვას, რატომ არ დაბრუნდა თავის შვილებთან და ოჯახში გიორგი ანწუხელიძე, რატომ ჩავარდა ის ტყვედ? ეს იყო გარდაუვალი თუ შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება?" - განაცხადა წულუკიანმა
„კოდორის ხეობა მოღალატეობრივად ჩაბარდა მტერს"
კომისიის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ კოდორის ხეობა მტერს მოღალატეობრივად ჩაბარდა.
„კოდორის ხეობა იყო ფორპოსტი, ქართული კუთხე, შუაგულ აფხაზეთში შენარჩუნებული ქართული მიწა-წყალი, რომლის ჩაბარება მოხდა 2008 წელს ისე, რომ ერთი ტყვიის გასროლაც არ ყოფილა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის" თავმჯდომარემ და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრმა, სოზარ სუბარმა დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
როგორც სუბარმა თქვა, კოდორის ხეობა მოღალატეობრივად მიხეილ სააკაშვილმა ჩააბარა მტერს.
„კოდორის ხეობაში ვიყავი ძალიან ხშირად. 1993-1994 წლებშიც, როცა პირველი ბრძოლები და მოლაპარაკებები იყო. შემდგომ წლებში კი წელიწადი არ გავიდოდა ისე, რომ რამდენჯერმე არ ჩავსულიყავი კოდორში და ვხედავდი, როგორ თავგამოდებით იცავდა ადგილობრივი მოსახლეობა ხეობას - იცავდა ქალბატონი ნორა კვიციანი, ბატონი ემზარ კვიციანის ხელმძღვანელობით.
ხეობაში არ იყვნენ მხოლოდ ადგილობრივები, იყვნენ სხვებიც. იქ გავიცანი არტილერისტი ჯუმბერ ანანიძეც. შეიძლება ყველაფერში ვერ დაგეთანხმოთ, რაზეც აქ ისაუბრეთ და ვიფიქროთ, რომ ზოგი რამ თქვენი ინტერპრეტაციაა და განსხვავებულად სჭირდება შეფასება, მაგრამ მთლიანობაში თქვენი მოხსენება საინტერესო იყო", - განაცხადა სოზარ სუბარმა.