
თბილისის საქალაქო სასამართლოში შვიდი ნოემბრის საქმეზე, მორიგი სხდომა გაიმართა. პროცესს დისტანციურად, კლინიკა "ვივამედიდან" ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი. მან ტრადიციულად პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.
"გუშინ, ვერაფრით ვერ ათქმევინეს მამუკა ხაზარაძეს, რომ მეც პოლიტპატიმარი ვარ. მე, რა თქმა უნდა, მამუკა ხაზარაძე მიმაჩნია პოლიტპატიმრად. თუ ვინმე იძახის, რომ სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი, ეს უბრალოდ მათ სინდისზე იყოს. ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის ვინ არის მთავარი საფრთხე. მე ვიბრძოდი იმისათვის, რომ ქართველებს მოვუტანე სახელმწიფოებრიობა, როგორც პრომეთეს მითშია. პრომეთემ ხალხს მოუტანა ცეცხლი, მე ხალხს მოვუტანე სახელმწიფოებრიობა. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და მივიდეს გამარჯვებამდე. ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ მოვიპოვოთ გამარჯვება," - განაცხადა სააკაშვილმა.
დღევანდელ სხდომაზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. დაკითხეს ერთი მოწმე.
სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის შვიდ ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.