
კარგად გვახსოვს, რას ითხოვდნენ საქართველოსგან, რას ითხოვდნენ სასამართლოსგან. ეს იყო ვეტინგი, ეს იყო ფაქტობრივად სასამართლოს დამორჩილება, ის, რაც მოხდა აღმოსავლეთ ევროპის ცალკეულ ქვეყნებში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ მოსამართლეების - ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძისთვის სანქციების დაწესების საკითხზე საუბრისას.
„რატომ ხდება ეს ყველაფერი? აქ არის ერთი ძალიან ერთი მარტივი ახსნა. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რას ითხოვდნენ საქართველოსგან, რას ითხოვდნენ სასამართლოსგან. ეს იყო ვეტინგი, ეს იყო ფაქტობრივად სასამართლოს დამორჩილება, ის, რაც მოხდა აღმოსავლეთ ევროპის ცალკეულ ქვეყნებში, სადაც ძალიან მარტივად ამ არაფორმალურმა გავლენებმა, „დიფ სთეითმა“ შეძლო და ის ხელისუფლება, რომელიც არა აწყობდათ, ძალიან მარტივად მოახდინა ამ ხელისუფლების დემონტაჟი იგივე სასამართლოს ხელი. საქართველო, მოსამართლეთა კორპუსი რომ დათანხმებოდა თავის დროზე ამ მოთხოვნას და ზეწოლას დამორჩილებოდა, არანაირ კორუფციულ გარიგებებზე და ეჭვებზე საუბარი აღარ იქნებოდა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ბრიტანეთის მთავრობის მიერ მოსამართლეების სანქცირებას ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ იმ ფონზე, როცა მოსამართლეებს ეჭვების და ვარაუდების საფუძველზე ასანქციერებენ, კორუფციის დადასტურებული დანაშაულისთვის მსჯავრდებული დავით კეზერაშვილი, ლონდონში თავისუფლად გადაადგილდება.