„არ არის გამოკვეთილი ალტერნატივა და ეს ართულებს სიტუაციას“
თამთა ჩაჩანიძე
03.04.2025

პროტესტის მონაწილეები ფიქრობენ, რომ აქციები უფრო აქტიური და მასშტაბური უნდა გახდეს და „გადაიზარდოს ქმედებაში". მათი ნაწილის აზრით, დროა პოლიტიკოსებიც ჩაერთვნენ, სხვები კი ამას კვლავ ეწინააღმდეგებიან. ანალიტიკოსებიც ფიქრობენ, რომ ის ზეწოლაც, რაც ბოლო დღეებში დასავლეთიდან მოდის „ოცნებაზე", პროტესტს არ გააფართოებს, რადგან რეალური პოლიტიკური ალტერნატივა არ არსებობს და ამაზე აქვს სამუშაო ოპოზიციას.  

ანალიტიკოსი ზაალ  ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აქციებმა აქტიურობის პიკი განვლო და ახლა „უბრალოდ ინერციით მიდის".

"დასავლეთისთვის ნამდვილად არ არის დიდად მნიშვნელოვანი აქციებს როგორი სახე ექნება, მათთვის აქციების უწყვეტობაა მთავარი. სწორედ ამაზე აკეთებენ აქცენტს ყველა დოკუმენტსა თუ რეზოლუციაში, რომ, აი, ამდენი დღე ქართველი ხალხი გამოდის აქციებზე, თორემ კონკრეტულად რა ფორმას და შინაარსს შეიძენს, ამას მათთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს.

„აქციებმა აქტიურობის პიკი, ჩემი დაკვირვებით, უკვე განვლო და ახლა უბრალოდ ინერციით მიმდინარეობს. ერთი და იგივე მცდელობები, ერთი და იგივე ლოზუნგები და იგივე ჟანრი ალბათ უკვე მოსაბეზრებელიც კი გახდა, მათ შორის აქციების მომხრეებისთვისაც კი. შესაბამისად, ამ აქციებმა თანდათანობით თავისი თავი, მგონი, უკვე ამოწურა, რადგანაც თუკი ამდენი ხნის განმავლობაში ხელისუფლება ვერ აიძულეს, რომ მათთვის სასურველი გადაწყვეტილება მიეღო, თუ კიდევ ერთი თვე გააგრძელებენ აქციებს იმავე მასშტაბით, რა, ხელისუფლება დათანხმდება?

"ჩვენ ვხედავთ იმასაც, რომ სამ თვეზე მეტია მიდის პროტესტი და ხალხის რაოდენობა არ იზრდება, შესაბამისად არ მგონია, რომ იმავე შემსრულებლებით და იმავე მეთოდებით დრამატულად გაზარდოს აქციების მხარდამჭერთა რაოდენობა. ამ მხრივ, ჩემი მოლოდინი უფრო პესიმისტურია, ვიდრე ოპტიმისტური იმ კუთხით, მოხდება თუ არა აქციების მასშტაბების გაზრდა",- განაცხადა ანჯაფარიძემ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა აქციებმა ფორმა და შინაარსი შეიცვალოს და რა კუთხით, ანალიტიკოსმა გვითხრა:

„შესაძლოა აქციებში ჩაერთონ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მარტო რუსთაველის გადაკეტვით კი არ შემოფარგლონ, დაიდგას ტრიბუნა, გამოვიდნენ სპიკერები, ცნობადი სახეები და ა.შ. თუმცა ეს ყველაფერი ხომ გავიარეთ?! ჩვენ ვხედავთ იმას, რომ გამოდის ძირითადად ზუსტად იგივე შემადგენლობა, რაც გამოდიოდა 2022-23-24 წლებში, ეს არის ჩვეულებრივი ოპოზიციური ელექტორატი და ვხედავთ, რომ ეს ვერ ახდენს იმ ცვლილებას პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც მათ სურთ. ხელისუფლებას კი ნერვებს უშლის და პრობლემებს უქმნის, მაგრამ არც ისე დიდ პრობლემებს, რომ ამის გამო წავიდეს რაღაც დათმობებზე. შესაბამისად, აქციამ ფორმატი რომც შეიცვალოს და უფრო აკადემიური გახდეს, არ მგონია, ამან რაიმე შეცვალოს",- უთხრა ანჯაფარიძემ „რეზონანსს".

დავით ზურაბიშვილი კი ფიქრობს, რომ ვერც ხელისუფლებამ მოახერხა პროტესტის ჩახშობა და ვერც აქციებით მიაღწიეს პროტესტის მონაწილეებმა მიზანს. მიაჩნია, რომ პოლიტიკური ალტერნატივის შექმნაა საჭირო.

"საგარეო ფრონტზე ყველაფერი გასაგებია - "ოცნებას" ხელმოსაჭიდი არაფერი აქვს, ვერც ტრამპის ადმინისტრაცია შველის და ამას უკვე ნელ-ნელა ეგუებიან. პრინციპში, "ოცნების" მიმართ დამოკიდებულება ძალიან ნეგატიურია. საქართველოში კი სიტუაციის პრობლემა ის არის, რომ გამოკვეთილი პოლიტიკური ალტერნატივა არაა. ანუ, იგივე დასავლეთმა ზეწოლა რომ გააძლიეროს უფრო მეტად, ამერიკა იქნება ეს თუ დიდი ბრიტანეთი, რაც უფრო მეტად მიაწვებიან ხელისუფლებას, აქ ვინ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია აიღოს ხელში სადავეები?! ასეთი არ ჩანს, არ არის გამოკვეთილი ალტერნატივა და ეს ართულებს სიტუაციას.

"ამასთანავე, ხელისუფლებამ რომ პროტესტის ჩახშობა ვერ მოახერხა, ეს ფაქტია. პროტესტი არსებობს, ხალხი ყოველ დღე დადის, მაგრამ ჯერჯერობით პრიტესტმაც ვერ მოახერხა, რომ გაფართოვდეს, მოიცვას საზოგადოების კიდევ მეტი ფენები და რაც მთავარია, თვითონ ხელისუფლების შიგნით შექმნას სერიოზული კრიზისი.

"ასეთ მდგომარეობაში ვართ, ხელისუფლება პარალელურ რეჟიმში აბსოლუტურად დრაკონულ და ტოტალიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელ კანონებს იღებს, მეორეს მხრივ პროტესტს ვერ აჩერებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა და გამოკვეთა. როგორ უნდა მოხერხდეს, ეს მეორე საკითხია და  არცთუ ადვილი."

ამბობს, რომ ის პროცესები, რაც საგარეო ფლანგიდან  ბოლო დღეების განმავლობაში ვითარდება, პროტესტს ბიძგს არ მისცემს, რომ უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდეს.

"თავისთავად ეს არაფერს მოიტანს, პროტესტს არ გააფართოებს. შემდეგ თუ უფრო დამძიმდა შედეგები, ამან შეიძლება გააფართოვოს და შედეგები რომ დამძიმდეს, საჭიროა პროტესტი კიდევ უფრო გაფართოვდეს. ჯერჯერობით პროტესტში ვინცაა ჩართული, ყველა არ გადის რუსთაველზე, ვისაც პროტესტის განწყობა აქვს, მაგრამ საჭიროა პოლიტიკური ორიენტირის, ალტერნატივის გაჩენა. რამდენად შეძლებს ამას პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული "წინააღმდეგობის პლატფორმა", ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით სხვა არაფერი გვაქვს. თუ ეს პლატფორმა მოახერხებს და რაღაცნაირად ალტერნატივად ჩამოყალიბდა, მაშინ სანქციების ეფექტიც გაცილებით გაიზრდება", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა "რეზონანსთან". 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×