რეზონანსი
03.04.2025

 "პოლიტიკური შურისძიება და ბრალდებები მტკიცებულების გარეშე" - მოსამართლე ლევან მურუსიძე, ლონდონს აბსურდულ გადაწყვეტილებაში ადანაშაულებს. იუსტიციის საბჭოს წევრი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დარწმუნებულია, რომ ბრიტანეთმა მისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილება, მხოლოდ იმის გამო მიიღო, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლი ვერ დაამყარა. სააპელაციო სასამართლოს მსაჯული ამბობს, რომ ლონდონი მის წინააღმდეგ, კორუფციის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ვერც მომავალში წარმოადგენს.

სანქცირებულთა სია ბრიტანეთის მთავრობამ გუშინ განაახლა. ლონდონის გადაწყვეტილებით, ლევან მურუსიძესთან ერთად, შეზღუდვები დაუწესდა, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს - მიხეილ ჩინჩალაძესაც. საუბარია ფინანსურ სანქციებზე, რაც ქართველი მოსამართლეების საკუთრებაში არსებული აქტივებისა და ანგარიშების დაყადაღებას ითვალისწინებს. გადაწყვეტილებას არ ახლავს მტკიცებულებები. ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სანქციები გონივრული ეჭვის საფუძველზეა დაწესებული.

ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტებს, სანქცირებულთა სიის გაფართოების იმედი აქვთ და არც იმას მალავენ, რომ ქართველი თანამდებობის პირების წინააღმდეგ, ევროპულ სახელმწიფოებს ინფორმაციას თავადაც აწვდიან.

ბრიტანეთისგან კონკრეტულ მტკიცებულებებს ითხოვს და ოფიციალურ ლონდონს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს "ქართული ოცნება". სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ გაერთიანებული სამეფო, სანქციებს შანტაჟისთვის იყენებს.

ბრიტანეთმა არა, თუმცა მტკიცებულებები დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაასაჯაროვა. შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გაერთიანებული სამეფო, რომელმაც მოსამართლეები მხოლოდ ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე დაასანქცირა, რეაგირების გარეშე ტოვებს საქართველოში ძებნილი და კორუფციისთვის მსჯავრდებული, დავით კეზერაშვილის თავისუფალ გადაადგილებას ლონდონში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×