ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა ცოტნე კობერიძემ, ბორის ("ჩელე") ყურუამ და ბადრი გრიგალაშვილმა 3 მარტს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება" და, შესაბამისად, „კოალიცია ცვლილებებისთვის" დატოვეს. სამივე მათგანმა სოციალურ ქსელებში განცხადება გამოაქვეყნა. წერენ, რომ არც ერთ პარტიაში გადასვლას არ გეგმავენ.
მათ წასვლას ოპოზიციონერები გამოეხმაურნენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანი წითლიძე, წერს: „ზუსტად მესმის სტრიქონებს შორის არ თქმული - რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ერთ რამეში ვეთანხმები - არ შეიძლება ერთ წრეზე სიარული ამ პოლიტიკური აქტორებით, რომელთაც არც ერთ შეგნებულ და შეუგნებელ შეცდომაზე პასუხისმგებლობა არ აუღიათ. ეს შავი წრე გაირღვეს და ახალი მიდგომებით, გულწრფელობით, სუფთა გარემო შეიქმნას - რეალური გამარჯვებისთვის."
„ლელოს" ლიდერმა, საბა ბუაძემ, სოციალურ ქსელში დაწერა: „დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა იყვნენ, ცოტნე, ჩელე და ბადრი ერთად ბევრ რამეს შემატებენ ჩვენს საერთო ბრძოლას."
ინფორმაცია წასვლის შესახებ თავად პოლიტიკოსებმა გაავრცელეს. ცოტნე კობერიძის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მას არ სჯერა ოპოზიციის ერთიანობის, რომლის ლიდერიც სალომე ზურაბიშვილია.
ბადრი გრიგალაშვილი საუბრობს ოპოზიციაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. „რაც ახლა ოპოზიციაში ხდება, ეს გზა არსად მიდის. უბრალოდ ამისთვის თვალის გასწორება არავის უნდა. მივდივარ, რადგან ამ ფორმით და ამ შინაარსით პოლიტიკაში ყოფნის აზრს ვეღარ ვხედავ. რაც გირჩში მომწონდა - პოლიტიკაში თამაშის წესების ცვლილების პროცესი - ამას დიდი ხანია აღარ ვაკეთებთ."
გრიგალაშვილის განცხადებაში საყურადღებოა ეს ნაწილიც:
„ნიშნის მოგება, შეურაცხყოფა და გაერთიანებაზე გაუთავებელი საუბარი მაშინ, როცა უნდა ვუხსნიდეთ ადამიანებს - ჩვენ ვინ ვართ და რა გვინდა."
ცოტნე კობერიძე წერს:„არ მჯერა გამარჯვების იმ ფორმულის, რომლის მთავარი იარაღი სალომე ზურაბიშვილია - ბიძინა ივანიშვილის მიერ ყველაზე ცუდი არჩევნებით მოყვანილი."
ცოტნე კობერიძე ბოდიშს უხდის საზოგადოებას მისი ხედვით პარტიის დაშვებული შეცდომების გამოც: „არ მჯერა, რომ შეცდომების აღიარების გარეშე, ბოდიშის მოხდის გარეშე რამე გამოვა. ბოდიში, რომ არჩევნების შედეგები აღტკინებულმა მოგილოცეთ და 15 წუთში სხვა შედეგები ნახეთ. ბოდიში, რომ არჩევნების შემდეგ საჯაროდ არ გამოვჩნდი და არ ვისაუბრე. ბოდიში, რომ ჩავთვალე, ტყუილის ართქმა საკმარისი იყო."
ჩელე ყურუა კი განცხადებაშ აღნიშნავს, რომ ცვლილებები ჰაერივით საჭიროა.
„ცვლილებებს კი ვერ მოვახდენთ, თუ ჯერ ჩვენში არ შევცვლით რაღაცებს და იგივეს კეთებასა და ერთ წრეზე სიარულს არ მოვეშვებით.ამ პროცესს სასიცოცხლოდ სჭირდება შეცდომების გააზრება და მათ გამოსწორებაზე ზრუნვა."
წასულები სამომავლო გეგმებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ:
„ჯერ მინდა, გავთავისუფლდე... თუ რამეს გავაკეთებ პოლიტიკაში, ის აუცილებლად იქნება - ახალი, დაფუძნებული სიმშვიდეზე, კომპეტენციაზე, სილაღეზე. თუ ვერ შევძელი, ვიტყვი, რომ მაინც ვცადე," - წერს კობერიძე.
„სამომავლო გეგმებზე უფრო მეტს ვიტყვი მომავალში." - ვკითხულობთ ყურუას განცხადებაში.
აპირებენ თუ არა რომელიმე პარტიაში გადასვლას, ბორის ყურუამ განაცხადა, „არც ერთ პარტიაში გადასვლას არ ვაპირებთ"-ო.
შეგახსენებთ, რომ კობერიძეც და ყურუაც „კოალიცია ცვლილებებისთვის" საპარლამენტო სიაში იყვნენ - მე-6 და მე-12 ადგილებზე. მიუხედავად იმისა, რომ მათ მანდატები მოიპოვეს, პარტია 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და მანდატებზე უარი განაცხადეს.
ამას გამოეხმაურა „გირჩი - მეტი თავისუფლების" დამფუძნებელი, ზურაბ ჯაფარიძე. მან თანაპარტიელებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
„წარმატებები ნებისმიერ წამოწყებაში." - წერს ჯაფარიძე.
უცნობია, ჩამოაყალიბებენ თუ არა „გირჩიდან" წასული პოლიტიკოსები ახალ პარტიას, თუმცა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პოსტების ფონზე შესაძლებელია ითქვას, რომ ისინი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებენ.