
სულხან თამაზაშვილი არის ყველა იმ თვისებით დაჯილდოებული, რაც შეაძლებინებს მას წარმატებით გაუძღვეს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოზიციას, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, რომელიც თამაზაშვილის აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენისა და დამტკიცების საკითხს გამოეხმაურა.
„სულხან თამაზაშვილი არის აჭარელი, აჭარის მიწა-წყლის. იგი წლების განმავლობაში შს სამინისტროში მოღვაწეობდა. მიღებული აქვს შესაბამისი ჯილდოები საუკეთესო მსახურებისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ამავდროულად, ის არის ყველა იმ თვისებით დაჯილდოებული, რაც შეაძლებინებს მას წარმატებით გაუძღვეს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოზიციას. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ეს იქნება კიდევ უფრო მეტად წინ გადადგმული ნაბიჯი ავტონომიური რესპუბლიკის ცხოვრებაში", - განაცხადა მათიკაშვილმა.
აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ხვალ დაამტკიცებენ. მანამდე, სულხან თამაზაშვილისა და მის მიერ დასახელებული მინისტრობის კანდიდატებს საკომიტეტო სხდომაზე მოუსმინეს. მათ წარადგინეს სამთავრობო პროგრამა, სამოქმედო გეგმა და ხედვები. დღესვე აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუროს სხდომა გაიმართება.