შარშან სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით 36 ათასი სახელმწიფო კონტროლი განახორციელა
ქეთო გოგოხია
07.04.2025

სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით კონტროლი სისტემატურად მიმდინარეობს.  რძის პროდუქტების შემთხვევაში კი, გეგმური კონტროლი, საშუალოდ, წლიურად 4-ჯერ ხორციელდება.  ამასთან, მნიშვნელოვანია მომხმარებლის აქტიურობაც, რათა ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დროულად  ეცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს და  მყისიერი რეაგირება დაიწყოს. ასეთ შემთხვევაში ტარდება არაგეგმური შემოწმება.

რაც შეეხება რამდენიმე დღის წინანდელ შემთხვევას, ,,სოფლის ნობათის" რძეში აღმოჩენილი შეუსაბამობა უკავშირდება აფლატოქსინის გამოვლენას. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილის განმარტა,  აფლატოქსინ M1- თან დაკავშირებით საქართველოში მოქმედებს    კვლევის უმაღლესი სტანდარტი -0,05.  ეს არის ყველაზე მკაცრი სტანდარტი, რაც შეიძლება იყოს მსოფლიოში. მაგალითად, აშშ-ში, იაპონიაში, ჩინეთში არის 0,5-იანი ზღვარი.

„ჩვენ 2016 წლამდე გვქონდა ძველი კანონმდებლობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავხდით ასოცირების წევრი და DCFTA-ის ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, ავიღეთ მსოფლიოში არსებული აფლატოქსინ M1-ის უმაღლესი სტანდარტი 0,05. ეს არის ყველაზე მკაცრი სტანდარტი, რაც შეიძლება იყოს მსოფლიოში", - აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ისაუბრა იმაზეც, რამდენად ინტენსიურად  მოწმდება რძის მწარმოებელი კომპანიები სააგენტოს მიერ. სეს-ი რძის გადამამუშავებელი საწარმოები წელიწადში სულ მცირე 4-ჯერ ამოწმებს. შედეგად, რძის მწარმოებლები შარშან დაახლოებით, 1500-ჯერ შემოწმდა, საიდანაც 1031 ნიმუში იყო აღებული. კონკრეტულად „სოფლის ნობათი“ კი, გასულ წელს 15-ჯერ შემოწმდა. კონტროლი განხორციელდა სხვადასხვა სახით, კერძოდ, დოკუმენტური შემოწმების სახით, ნიმუშების აღებით, ასევე ჰასპის აუდიტით.

ბოლო შემოწმების შედეგად მცირე პარტიაში აღმოჩნდა კანონით დასაშვები, ზღვრული ოდენობის გადამეტება და შედეგად, სააგენტომ ევროპული სტანდარტის შესაბამისად იმოქმედა.

„ბაზრიდან მყისიერად დაიწყო პროდუქციის გამოთხოვა, თუმცა ჩვენ ამით არ დავკმაყოფილდით და დამატებით კიდევ გავაკეთეთ ორი რამ. ჩვენ კომპანია „მილა“ შევამოწმეთ, რომელიც სასკოლო დაწესებულებებისა და ბაგა-ბაღების მიმწოდებელია და ახლა იქ ყველაფერი წესრიგშია. არანაირი საშიშროება იქ არ არის. ასევე, თბილისის საქალაქო სამსახურსა და რეგიონულ სამსახურებს დავავალეთ სავაჭრო ქსელების კიდევ ერთხელ შემოწმება, რათა დარწმუნებული ვყოფილიყავით, რომ ამ პარტიის ნაწარმი - „სოფლის ნობათი“ - თაროებიდან მოხსნილია და გაყიდვაში არ არის“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს არც ერთ დასახლებულ პუნქტში საეჭვო პროდუქცია აღარ იყიდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ისაუბრა მომხმარებლების აქტიურობაზეც, რაც სურსათის უვნებლობის კონტროლის კუთხით მნიშვნელოვანია.

„ვერც ერთ სახელმწიფოს ვერ ექნება ის შესაძლებლობა, რომ ერთდროულად ყველა სავაჭრო ობიექტი გააკონტროლოს. მომხმარებელმა უნდა წაიკითხოს ეტიკეტი, უნდა იყიდოს ის სურსათი, რომელიც მას სჭირდება, უნდა ნახოს შემადგენლობა, თუკი რამე დარღვევას ექნება ადგილი დარეკონ 15 01-ზე, ეს არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი, დააფიქსირონ შეტყობინება და სურსათის ეროვნული სააგენტო ყველა შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას მოახდენს“, - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა.

ზურაბ ჩეკურაშვილის ინფორმაციით, 2012 წელს ინსპექტირების რაოდენობა 400 იყო მაშინ, როდესაც 2024 წელს სააგენტომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 36 ათასი სახელმწიფო კონტროლი განახორციელა.

„სფერო და დარგი, რომელიც ფაქტობრივად, მიგდებული იყო, არავინ ყურადღებას არ აქცევდა, ფეხზე დადგა და ახლა ნამდვილად არის იმ ფუნქციის მატარებელი, რასაც ჰქვია ადამიანის ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და მომხმარებლის ინტერესების დაცვა“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება მუდმივი, ყოველწლიური კონტროლი რძის მეწარმე ყველა ბიზნესოპერატორთან. რაც შეეხება გამოვლენილ შეუსაბამობას, როგორც სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ანა გემაზაშვილმა განაცხადა, დარღვევა  მხოლოდ მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიაში გამოვლინდა და მაშინვე მოხდა რეაგირება.

„რძის მწარმოებლები განეკუთვნებიან მაღალი რისკის მწარმოებლებს, ამიტომ ასეთ ობიექტს მინიმუმ 4-ჯერ ვამოწმებთ, ეს ნიშნავს 4-ჯერ გეგმურ შემოწმებას, 4 გადამოწმებას. ფაქტობრივად, მაღალი რისკის საწარმოებში კონტროლი ხორციელდება ყოველ 2 თვეში ერთხელ.

გარდა იმისა, რომ საწარმოო პროცესი მოწმდება, კონტროლდება ასევე ბაზარზე განთავსებული ყველა დასახელების რძის ნაწარმი. აღნიშნული ბიზნესოპერატორის რძეც არაერთხელ არის შემოწმებული. არაერთ მაჩვენებელზე ხდება მონიტორინგი, ნიმუშების აღება და სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოკვლევა. 

ეს კონკრეტული ფაქტი დაკავშირებული იყო მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიებთან, სადაც აღმოჩნდა შეუსაბამობა ლაბორატორიული გამოცდის შედეგად. სააგენტოს მიერ მყისიერად გავრცელდა ინფორმაცია სწორედ იმიტომ, რომ დაგვეცვა მომხმარებლის ინტერესები და ჯანმრთელობა", - განაცხადა ანა გემაზაშვილმა.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აღმოჩენილი შეუსაბამობა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში არ არის, რაზეც უკვე სურსათის სფეროს სპეციალისტებმაც გამოთქვეს საკუთარი მოსაზრება და აღნიშნეს, რომ მხოლოდ 5 დასახელების ნიმუშში აღმოჩნდა ტოქსიკური ნივთიერება, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით.

სურსათის უვნებლობის სპეციალისტ, ირაკლი არაბულის შეფასებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან აღმოჩენილი რაოდენობა არაა იმ დოზის, რომ ადამიანის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს.

„საქართველოს კანონმდებლობით, რომელიც ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიულია, დასაშვები ზღვარი 0.05 გრამია, აღნიშნულ შემთხვევაში კი 0.1-დან 0.3 გრამამდე დაფიქსირდა. საქართველოში ეს დასაშვებზე მეტია, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტებით ნორმაა, რადგან მაგალითად, აშშ-ში, იაპონიასა და ბრაზილიაში ეს ზღვარი 0.5 გრამი გახლავთ - ჩვენსაზე 10-ჯერ უფრო მეტი. ეს არაა ის დოზა, რომ ადამიანის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს", - აღნიშნა სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, „სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის 5 ნიმუშის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა სრულად განხორციელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×