გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინიციატივამ დარგის სპეციალისტებისგან ცალსახად დადებითი შეფასება მიიღო
ქეთო გოგოხია
09.04.2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რეგიონებში ვიზიტები დაიწყო.  პირველად იგი სამეგრელო-ზემო სვანეთს ეწვია, სადაც  შეხვდა ფერმერებს, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ცენტრის, ასევე ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს, თხილის და დაფნის  გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებს. ახლო მომავალში მინისტრი სხვა რეგიონებსაც ეწვევა, რაც დარგის სპეციალისტების შეფასებით, მეტად დროული და სწორი გადაწყვეტილებაა.

რეგიონებში ვიზიტი რეგულარულ ხასიათს მიიღებს და მინისტრი არსებულ გამოწვევებს ადგილზე გაეცნობა. დავით სონღულაშვილი ადასტურებს, რომ პირადად ჩავა თითოეულ მუნიციპალიტეტში, რათა უშუალო კომუნიკაცია ჰქონდეს ფერმერებთან. 

„მნიშვნელოვანია, რომ მოკლე ვადებში ადგილზე გავეცნოთ არსებულ გამოწვევებს, რომლებიც კონკრეტულ აგროკულტურებს უკავშირდება და შესაბამისი გადაწყვეტილებებით შევძლოთ ეფექტიანობის გაზრდა. შევეცდებით, ძალიან მოკლე პერიოდში მოვახერხოთ ფერმერებთან კომუნიკაცია, ადგილზე შევისწავლოთ გამოწვევები. აგროსასურსათო პროდუქციის ზრდა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ეს მიმართულება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, შევინარჩუნოთ დადებითი ტენდენციები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

რაც შეეხება ვიზიტის ფარგლებში განხორციელებულ  შეხვედრებს, მინისტრმა  აბაშაში ფაროსანასთან ბრძოლის შტაბი დაათვალიერა და მავნებელთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე და ლაშა დოლიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოს, სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, საქართველოს მელიორაციის ასევე სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ფერმერებთან უშუალო კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, მათი პრობლემების გადაჭრის გზებზე და რეგიონებში აქტიური ვიზიტების აუცილებლობაზე.

აღინიშნა, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში სახელმწიფო წელსაც აქტიურად იქნება ჩართული. ხაზი გაესვა ადგილობრივი თვითმმართველობის როლს, რომელთა წარმომადგენლები ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრთან კოორდინაციით მონაწილეობენ ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელების და მოსახლეობის ინფორმირების პროცესში. 

ნაყოფიერი აღმოჩნდა დავით სონღულაშვილის სტუმრობა სენაკის  მუნიციპალიტეტში.  სოფელ ნოსირში იგი კომპანია „ლაურუსის“ დაფნის გადამმუშავებელ საწარმოს ეწვია. სამუშაო პროცესს გაეცნო და დაფნის მწარმოებელ ფერმერებს შეხვდა. მინისტრმა შეხვედრაზე ბოლო პერიოდში ქართულ დაფნაზე მოთხოვნის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაფნის როგორც პირველადი წარმოება, ასევე შენახვა-გადამუშავების მიმართულებაა მხარდაჭერილი, რაც მომავალშიც შენარჩუნდება.

გარდა ამისა, მინისტრი ეროვნული სატყეო სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. მან  ბოლო დროს განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას გარემოსდაცვითი კონტროლის ეფექტიანობის ამაღლების, საკანონმდებლო ინიციატივებისა და წინადადებების შემუშავების მიმართულებებით.

 ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რაზეც ვიზიტისას განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება, მეთხილეობაა.  ამ მიზნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში დავით სონღულაშვილი კომპანია „ჯიმა ნათსში“ თხილის გადამმუშავებელ საწარმოში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო. მისი შეფასებით, თხილის წარმოება დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა. 

კომპანია „ჯიმა ნათსის“ თხილის გადამმუშავებელი საწარმო  სოფლის განვითარების  სააგენტოს  პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“  ფარგლებში, 2020 წელს ამოქმედდა. საწარმოს შექმნისათვის 2  მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. საწარმოში, სადაც დასაქმებულია 35 ადამიანი,  1500 ტონა გაუტეხავი  თხილის  გადამუშავებაა შესაძლებელი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის რეგიონებში ვიზიტების ინიციატივა დადებითად შეაფასეს დარგის სპეციალისტებმაც. როგორც სოფლის მეურნეობის სფეროს ექსპერტმა, პროფესორმა ანზორ მესხიშვილმა აღნიშნა,  არსებული გამოწვევების გაცნობა უშუალოდ ადგილზე ძალზედ მნიშვნელოვანია, რაც  სახელმწიფოს აგრარული პროექტების უფრო ეფექტურად დაგეგმვასა და განხორციელებაში დაეხმარება.

,,ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ვადევნებ თვალყურს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტივობას. თამამად შემიძლია თქმა, რომ რეგიონებში ვიზიტით ძალიან საინტერესო სტარტია აღებული. ვფიქრობ, მინისტრმა საქმეს კარგად მოჰკიდა ხელი, წარმატებით დაიწყო და ვისურვებდი ასევე გაგრძელდეს. სოფლის მეურნეობა ისეთი სფეროა, რომ პირველი რანგის მოხელის ვიზიტს  და ინფორმაციის ადგილზე მიღებას დარგის შემდგომი განვითარებისა და პროგრამების დაგეგმარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. 

ჩემი რეკომენდაციაა, ყურადღება  გამახვილდეს მარცვლეულის განვითარებაზე, როგორც სტრატეგიულ კულტურაზე. სახნავ მიწებზე ხორბალი დიდი რაოდენობით უნდა ითესებოდეს, რომ მოთხოვნის 60% მაინც დავიკმაყოფილოთ. ამის რესურსი გვაქვს და ყველანაირად უნდა განვავითაროთ, რაც თავის მხრივ მეცხოველეობის განვითარებას უწყობს ხელს. ბოსტნეული კულტურების მოყვანასაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. 

საინტერესო რეგიონით დაიწყო მინისტრმა - სამეგრელო-ზემო სვანეთში  თხილი და დაფნა საუკეთესო აგროკულტურებია, რომლებსაც ექსპორტზე განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. დარგი ვითარდება, განსაკუთრებით თხილი, ქვეყნის გარეთ აგრარული კულტირების ექსპორტის გაზრდა ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი პირობა უნდა გახდეს. ყველა რეგიონს გარკვეული პოტენციალი გააჩნია და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ", - განუცხადა "რეზონანსს" ანზორ მესხიშვილმა.

 ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის დარგის მიღწევებს, განსაკუთრებით ექსპორტის ნაწილში, ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. კერძოდ, 2025 წლის 3 თვის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 371 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 1,5%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს

აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 5.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 47.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აგროსასურსათო პროდუქციის ზრდა ძირითადად ხილისა და ბოსტნეულის წვენების და თხილის ექსპორტით იყო გამოწვეული, რომელთა ღირებულება 4.3 მლნ და 4.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 5.6 მლნ და 15.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×