
დღევანდელი დღე, რომელიც ყველასთვის ასოცირდება ერთიანობასთან, მშვიდობასთან, ურთიერთსიყვარულთან, ქართველი ხალხის ერთობასთან, აი ამ დღეს ცდილობენ დაპირისპირება შემოიტანონ. ჩვენ ასეთ პროვოკაციებს არ ავყევით, - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძე მედიასთან.
„ამ დღეს აქვს უდიდესი და ორმაგი დატვირთვა - ერთი, რომ ეს არიას უდიდესი ტრაგედია, ჩვენი გულანთებული 21 მშვიდობიანი მოქალაქე შეიწირა როდიონოვის საბჭოთა არმიის სისასტიკემ და მეორე - როდესაც ეს გახდა გამარჯვების სიმბოლო და აქედან 2 წელიწადში ჩვენმა ქვეყენამ დამოკიდებლობა გამოაცხადა. როცა ჩვენ ამ თარიღზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, რომ ჩვენი შვილები ერთი მხრივ გმირობის, თავგანწირვის მაგალითზე და მეორე მხრივ დამოუკიდებლობის სულისკვეთებით უნდა გავზარდოთ. ამაშია დღევანდელი დღის მთავარი არსი.
რაც შეეხება დღევანდელ დამოკიდებულებას, ბევრმა იქ მდგომმა, ძალიან კარგად იცის, რომ თავის დროზე როდიონოვი ცდილობდა რუსთაველის გამზირის ოკუპაციას და ახლა ცდილობენ ბურჭულაძე-როდიონოვები, რომლებიც თავის თავს, თავის დროზე უწოდებდნენ რუს ბანს და დღეს ცდილობენ დამოუკიდებლობის იდეას ამ გაგებით დაესხან თავს", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
საპროტესტო აქცია 9 აპრილის მემორიალთან აგრესიითა და პროვოკაციით მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა მემორიალთან მისვლის და გარდაცვლილთა ხსოვნისთვის პატივის მიგების საშუალება გლდანის რაიონის მაჟორიტარს, კოტე ზარნაძეს არ მისცეს. „ქართული ოცნების" წევრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.