ნატალია ჯვარიძე
12.04.2025

„ნაცმოძრაობის" შემსწავლელმა კომისიამ ამჯერად პარტიის „გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარია გამოკითხავს აპირებს. მას 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით იბარებენ. კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანის თქმით, შექმნილია სამართლებრივი და კონვენციური საფუძველი, რომ გახარიას კითხვები დაუსვან. სხვა ოპოზიციონერებისგან განსხვავებით, რომელთაც კომისიისათვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს, ექსპრემიერის პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ გახარია სხდომაზე მივიდეს.

„2012 -2024 წლებზე მუშაობა ჩვენ სულ ახლახან დავიწყეთ. მოსაბრძანებლად მოწვეულია გიორგი გახარია და არა მხოლოდ ის, არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც მაშინაც მავნებლობდა და ახლაც ქვეყანას აზიანებს გარედან", - განჰაცხადა კომიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა.

როგორც გახარიას პარტიის წარმომადგენელმა ტატა ხვედელიანმა განაცხადა, გიორგი გახარია არ იმყოფება საქართველოში, თუმცა მის მშობლებთან მივიდა უწყისი, რომელშიც წერია, რომ იგი დაბარებულია საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

„რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ტატა ახვლედიანმა თქვა, რომ შესაძლოა გახარია კომისიაზე გამოცხადდეს:

„შესაძლოა, თუმცა საბოლოოდ ეს არის გიორგი გახარიას გადასაწყვეტი, მივა თუ არა კომისიის სხდომაზე. ამ ეტაპზე მხოლოდ შემიძლია ის დაგიდასტუროთ, რომ არის დაბარებული".

ოპოზიციის ნაწილი კომისიაზე გახარიას შესაძლო მისვლას და იმ ფაქტსაც, რომ მისი თანაპარტიელები ამის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ, უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ეს გახარიას მხრიდან „ოცნების" ხელისუფლებისა და ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის აღიარება იქნება.

დაბარების ოფიციალური მიზეზი

საპარლამენტო კომისია წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა საქმიანობას იკვლევს. აქედან გამომდინარე, გახარიას დაბარება გარკვეული თვალსაზრისით მოულოდნელიც იყო. მითუმეტეს, რომ მას იბარებენ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" პერიოდში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, კონრეტულად კი 20 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე, როდესაც გახარიას შს მინისტრის თანამდებობა ეკავა.

„ქართულ ოცნებაში" ეჭვობენ, რომ ამ აქციის დარბევა განსაკუთრებულად ბრუტალური ფორმით მიზანმიმართულად მოხდა, რათა „ქართული ოცნების" რეიტინგი დაცემულიყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ დარბევიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ გახარია „ქართული ოცნების" ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი გახდა.

„გიორგი გახარია გახლდათ შსს მინისტრი, ამ დროს არის მომხდარი 20 ივნისის აქციის დაშლა და ამ საქმეზე, რომელსაც ჰქვია „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ", სტრასბურგის სასამართლომ შარშან გამოიტანა გადაწყვეტილება, სადაც ბატონი გახარიას მიერ ნაწარმოები დაშლის ოპერაცია სტრასბურგის სასამართლომ, ერთი მხრივ, უარყოფითად შეაფასა და თქვა, რომ ამ დაშლის ოპერაციის სათანადო გამოძიება არ მომხდარა. დაადგინა იმ მუხლის დარღვევა, რომელიც არის მესამე მუხლი და გულისხმობს წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო სტრასბურგის სასამართლოში გახარიას მიერ ჩატარებული ამ ოპერაციის შედეგად დადანაშაულდა. ამას აქვს თავისი სამართლებრივი შედეგები. კერძოდ, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, განხილვა უკვე მეორე ინსტანციით მიმდინარეობს და დიდი პალატა იხილავს, მაგრამ იქ ათი წელი ვმუშაობდი და ალბათ მაქვს უფლება, ვარაუდი გამოვთქვა, რომელიც ალბათ რაღაც ცოდნაზე იქნება დაფუძნებული, რომ მე გამორიცხული მგონია, პალატის გადაწყვეტილება დიდმა პალატამ შეამსუბუქოს. ერთადერთი, თუ დაამძიმებს, თორემ იქ შემსუბუქების შანსს მე ვერ ვხედავ. ეს ჩემი ვარაუდია, თუმცა მე 2010 წელს გადავდექი იქიდან და იმ ცოდნის საფუძველზე ვსაუბრობ, რაც მაქვს. შესაბამისად, ჩვენ უკვე გვაქვს შექმნილი სამართლებრივი და კონვენციური საფუძველი, რომ ბატონ გახარიას კითხვები დავუსვათ. კერძოდ, ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგი სტრასბურგში არის ის, რომ ჩვენს საგამოძიებო ორგანოებს მოუწევთ, გახსნან 20 ივნისის საქმის გამოძიება თავიდან და გამოიძიონ ნულიდან. ეს ვალდებულება უკვე ამ გადაწყვეტილებამ ჩვენს სამართალდამცველ ორგანოებს გაუჩინა და ჩვენ გვაქვს კითხვები მასთან ამ თემაზე", - განაცხადა წულუკიანმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, კიდევ რა საკითხებს შეისწავლის კომისია გაფართოებული მანდატის ფარგლებში და ხომ არ ეხება ეს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებს, რაზეც გამოძიება უკვე მიმდინარეობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და საბოტაჟზე, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ როდესაც სახელმწიფოს ზიანს აყენებენ ის პოლიტიკოსები, ვინც დღეს დესტრუქციულ ოპოზიციაშია გაწევრიანებული, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით კომისიას ექნება შეკითხვები, თუ რამდენად აზიანებენ ისინი ქვეყნის ევროპულ მომავალს.

„რატომ ხდება, რომ ჩვენი სახელმწიფო უწყებები და საჯარო მოხელეები მუშაობენ იმ კონსტიტუციური ჩანაწერის იმპლემენტაციისთვის, რასაც ჰქვია ევროპული ინტეგრაცია, ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში „ქართულმა ოცნებამ" შეიტანა და არა „ნაციონალურმა მოძრაობამ", რომ ჩვენი მთავარი გეზი არის ევროპისკენ და სახელმწიფოს, ჩვენს საჯარო მოხელეებს და სახელმწიფო უწყებებს ეს ოპოზიციური პარტიები, დესტრუქციული ძალები, საერთაშორისო ასპარეზზე ბორბლებში ჯოხებს ურჭობენ, ხელს უშლიან, აზიანებენ და უმძიმეს ზიანს აყენებენ?

„ეს მხოლოდ ერთი მაგალითია ზიანის, რომელსაც თქვენ საბოტაჟი უწოდეთ. რა თქმა უნდა, კითხვები ამ თემებზეც იქნება არაერთ მათგანთან. მაგალითად, ასეთი კითხვები მოაზრებული იყო, რომ დაგვესვა ბატონი „გირჩისთვის" (ზურაბ ჯაფარიძე), რომელიც დაემალა კომისიას. ისიც ქალების კალთას გამოეკერა, როდესაც მიაკითხა ფოსტის წარმომადგენელმა, ეს ლიბერალი კაცი. მე ასე მესმის, რომ მათ მიერ ქადაგებული ლიბერალიზმი თავისუფლებას, გაბედულებას, ყველაფრის მკადრებლობას გულისხმობს და როდესაც მარტივი წერილი უნდა ჩაიბარო ფოსტის წარმომადგენლისგან, იქ უკვე ქალის კალთას ეფარებიან. ჩვენ კითხვის დასმა ვერ შევძელით, მან უარი თქვა მობრძანებაზე და, სავარაუდოდ, ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ ამას პროკურატურა შეაფასებს, ვინაიდან ჩვენ ორი დღის წინ მისი საქმე პროკურატურაში უკვე გადავაგზავნეთ", - განაცხადა წულუკიანმა.

რამდენად გამართლებულია კომისიის გადაწყვეტილება

რამაზ საყვარელიძის შეფასებით, გიორგი გახარიას მოღვაწეობასთან დაკავშირებით კითხვები მართლაც არსებობს.

„ხელისუფლება უკვე დიდი ხანია იძახის, რომ გიორგი გახარია „ნაცმოძრაობასთან" კავშირშია. მაშინ, როცა მან დატოვა თანამდებობა, გაცხადდა, რომ ეს ნაბიჯი გადადგა „ნაცმოძრაობის" გავლენის ქვეშ მყოფმა. ამიტომ არ არის გამორიცხული ახლა იბარებდნენ სწორედ მაგ მოტივით. თან იყო ფაქტი, როცა ნიკას მელიას თემაზე ორჭოფობდა. ამაზე თვითონ ისაუბრა, რომ მელიას დაპატიმრებას არ ვემხრობოდი და ამან გამოიწვია რაღაც შედეგებიო და ამ საკითხზე რომ ორჭოფობდა, შესაძლოა ეს გახდეს კითხვის გაჩენის მიზეზი.

„გახარიას მოღვაწეობაში არის კიდევ მეორე ეპიზოდი, როცა მან სადამსჯელო ოპერაცია ისე ჩაატარა, რომ ამან „ქართული ოცნების" რეიტინგზე იმოქმედა. ანუ იმ მიტინგების ძალისმიერმა დაშლამ, რასაც ადგილი ჰქონდა. „ოცნების" წარმომადგენლებს გაუჩნათ ეჭვი, რომ ეს გახარიამ სწორედ იმიტომ გააკეთა, რომ პოლიტიკური დაკვეთა შეესრულებინაო. ასე რომ, მგონია გახარიასთან დიალოგისას ძირითადად ეს თემები იქნება", - აღნიშნა საყვარელიძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის ნიკა ჩიტაძის თქმით, „ოცნება" ცდილობს გიორგი გახარიას დისკედიტაციას.

„აქ არის გახარიაზე ზეწოლა და მისი დისკედიტაციის მცდელობა. მეორე მხრივ, პირიქით, შეიძლება „ქართული ოცნების" დისკედიტაცია უფრო მოხდეს, რადგან ჩნდება კითხვა - როცა გახარია შს მინისტრი იყო და ოპერაციას ხელმძღვანელობდა, მაშინ ეს „ოცნებისთვის" მიუღებელი თუ იყო, რატომ დაწინაურდა და რატომ გახდა ქვეყნის პრემიერი?

„თვითონ გახარიამ უნდა განაცხადოს, ვინ მისცა (დარბევის) ბრძანება, იყო თუ არა ამაში ბიძინა ივანიშვილი გარეული, ეს ყველაფერი გამოსაძიებელია. ყოველ შემთხვევაში გახარიას დაბარება ოპოზიციას მისცემს საფუძველს თქვას, რომ თუ ასე აწუხებდათ ხელისუფლების წარმომადგენლებს 20 ივნისი, მაშინ რატომ მოხდა მისი დაწინაურება. ეს არის მთავარი კითხვა", - თქვა ნიკა ჩიტაძემ.

რა არჩევანი აქვს ექსპრემიერს

რამაზ საყვარელიძის აზრით, გახარია თუ ფიქრობს, რომ დამნაშავე არაა, კომისიის სხდომაზე უნდა მივიდეს.

„თუკი გახარია პოლიტიკაში ყოფნას აპირებს, უნდა მივიდეს, მითუმეტეს თუ ფიქრობს, რომ დამნაშავე არაა. არმისვლა ნაწილობრივ ფასდება, როგორც დანაშაულის აღიარება, ხომ? თუ მიიჩნევს, რომ ასე არაა და აქეთ აქვს „ქართული ოცნებისთის" ბრალდება წასაყენებელი, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა გამოცხადდეს და იბრძოლოს იმ ტრიბუნის გამოყენებით, რასაც კომისია ჰქვია. გაბუტვა და გვერდზე გასვლა შესაძლოა მისთვის, როგორც არჩევნებში მონაწილე ადამიანისთვის, მომგებიანი არ იყოს. სიტყვა „გაბუტვა" შემთხვევით არ ვახსენე, ცოტა ბავშვურია არმისვლა კომისიაზე", - განაცხადა საყვარელიძემ.

ნიკა ჩიტაძის აზრით, გახარია უნდა მივიდეს კომისიაზე და დააფიქსიროს თავისი მოსაზრება, თუმცა, თუ არ მივა, ესეც არ იქნება არასწორი.

„ერთი მხრივ, თუ მივა და თავის პოზიციას დააფიქსირებს და იტყვის - მე ვიყავი თქვენი მთავრობის წარმომადგენელი და რატომ არ გავხდი თავიდანვე მიუღებელი - ესეც შესაძლებელია. სხვა ოპოზიციის წარმოამდგელებიც რომ მისულიყვნენ და პასუხი გაეცათ, შესაძლოა ეს ე.წ. კომისია ყოფილიყო დისკედიტირებული. თუმცაღა მეორე გზაც სწორია, რადგან არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ არის კომისია შექმნილი და შესაბამისად, ესეც არ გამოდის ლეგიტიმური", - აღნიშნა ჩიტაძემ.

რა მოხდება კომისიაზე

რამაზ საყვარელიძის თქმით, თუ გახარია მივიდა ალბათ, ვიხილავთ ურთიერთბრალდებებს და მკაცრ რეაქციებს მის მის მიმართ.

„შეიძლება ვიხილოთ ბრალდებები ორივე მხრიდან და იქ მყოფი კომისიის წევრების ძალიან მკაცრი რეაქციები გახარიას მიმართ", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ნიკა ჩიტაძეც ასევე დაძაბულ საუბარსა და ურთიერთბრალდებებს ელის.

„ე.წ. კომისიის წევრები ეცდებიან ბრალდებები წაუყენონ - ვითომ ახლა შესტიკავთ გული 20 ივნისის ამბებზე და თავის დროზე არანაირი შეშფოთება არ გამოუხატავთ. თუმცა, ამით თავიანთ თავს უქმნიან პრობლემას არასანდოობის თვალსაზრისით", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×